Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 1609 articles
Browse latest View live

პატრიარქის ქადაგება –საეკლესიო ახალი წელი (14.09.2016)

$
0
0

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა სიონი და მრევლს ქადაგებით მიმართა.

“დღეს არის საეკლესიო კალენდრით ახალი წელი. ახალი წელი მუდამ სიახლის მომტანია, სიახლეს ელოდება ადამიანი. დღეს ყოველმა ჩვენგანმა უნდა შეხედოს წარსულს, დღევანდელ დღეს და მომავალს, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ და ხვალ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი რა არის? ყოველი საქმის წინ ადამიანმა უნდა იფიქროს იმაზე, რამდენად საჭიროა ამა თუ იმ საქმის გაკეთება. უნდა გავაანალიზოთ, ანალიტიკური, აზროვნება უნდა გამოვიჩინოთ, საჭიროა თუ არა ამა თუ იმ საქმის გაკეთება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამა თუ იმ საქმეს და ვეღარ ვამთავრებთ. სამწუხაროდ, ეს ახასიათებს ქართველ ადამიანს. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ყოველი დიდი საქმე ბოლომდე მიგვატანინოს და დაგვამთავრებინოს“, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას ახალგაზრდებს, ტაძარში შეკრებილ სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტებს მიმართა და მათთვის სასწავლებლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყოველი სასწავლებელი ადამიანს უნდა აძლევდეს არა მარტო ცოდნას, არამედ განათლებას, ნათელი უნდა ახლდეს მას, სიკეთე და სიყვარული.

„ადამიანის მოღვაწეობის მთავარი მიზანი სიკეთის კეთება, სიყვარულის თესვა უნდა იყოს. ყოველი სასწავლებელი სიყვარულს უნდა უნერგავდეს ახალგაზრდებს“, – განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა წმინდა სერგის ლავრაში მისი სწავლების პერიოდიც გაიხსენა, როცა იგი მუდამ გრძნობდა უფლის წყალობას და შეწევნას, უფლის მასთან ყოფნას. იგი სწავლობდა წმინდა სერგის ლავრაში და ყოველ დილით ემთხვეოდა მის წმინდა ნაწილებს.

„მადლითა და სიყვარულით სავსე ვბრუნდებოდით სასწავლებელში. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ღმერთმა გახსნას თქვენი, ჩვენი ყველას გონება: ჩვენი ახალგაზრდების, ხელისუფლების, მღვდელმთავრების, სამღვდელოების, ბერ-მონაზვნების. ღმერთმა გახსნას ჩვენი გონება და გული, რათა ყოველი ჩვენგანი იყოს ტაძარი სულისა წმინდისა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლს ტკბილეული დაურიგეს.


ლოცვა სეფისკვერის და წმიდა წყლის მიღებისათვის

$
0
0

სეფისკვერი ლოცვა სეფისკვერის და წმიდა წყლის მიღებისათვის

უფალო ღმერთო ჩემო, ჰყვენ ესე წმიდა ძღვენი შენი და წმიდა წყალი შენი მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებელად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებელად სულიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, საკურნებელად სულისა და ხორცისა ჩემისა, დათრგუნვად ვნებათა და უძლურებათა ჩემთა, განუზომელისა მოწყალებისა შენისა გამო, ლოცვითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.

წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი

$
0
0

წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი – მშობელნი იოანე ნათლისმცემლისა (I)

წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი 5 (18) სექტემბერი

წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურებდა. მართალი თანამეუღლენი „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“ (ლკ. 1,6), მაგრამ უშვილობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმიდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა“ (ლკ. 1,15) და „პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა“ (ლკ. 1,17). ზაქარია დაეჭვდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისთვის უტყვებით დაისაჯა. როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი წააწერა. ამის შემდეგ „მეყსეულად აღეღო პირი მისი და ენაჲ და იტყოდა და აკურთხებდა ღმერთსა“ (ლკ. 1,64). სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე.

როცა უსჯულო ჰეროდემ მოგვებისგან შეიტყო მესიის შობის შესახებ, გადაწყვიტა, ბეთლემსა და მის შემოგარენში ამოეჟლიტა ყველა წული „ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2,16). ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მათ. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრემლებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი „შორის ტაძრისა და საკურთხეველისა“ (მთ. 23,35). მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ზიარება წელიწადში რამდენჯერ არის საჭირო?

$
0
0

ზიარება

ზიარება წელიწადში რამდენჯერ არის საჭირო?

“ღირსმა სერაფიმე საროველმა დივეევოელ დებს დაუბარა, ეთქვათ აღსარება და ზიარებულიყვნენ ყველა მარხვაში და ამას გარდა ათორმეტსა და ყველა დანარჩენ დიდ დღესასწაულებში: რაც უფრო ხშირად ეზიარებოდნენ, მით უკეთესი იქნებოდა; არ დაეტანჯათ თავი იმაზე ფიქრით, რომ უღირსნი არიან, და საერთოდ უჯეროა ხელიდან გაშვება შემთხვევისა, რაც შეიძლება ხშირად ისარგებლო მადლით, რომელიც მოგვენიჭება ქრისტეს წმიდა საიდუმლოსთან ზიარებით.

ზიარებით მონიჭებული მადლი იმდენად დიდია, რომ რაც უნდა უღირსი და ცოდვილი იყოს ადამიანი, საკუთარი დიდი ცოდვილობის შეგრძნებით მიეახლება თუ არა უფალს – ყველა ჩვენგანის, თუნდაც თავიდან ფეხებამდე ცოდვის წყლულებით დაფარულის, განმბანელს – ქრისტესმიერი მადლით დაიწყებს განწმენდას, სულ უფრო და უფრო განსპეტაკდება და გადარჩება.

ძალიან კარგია ზიარება საკუთარი წმინდანის ხსენების დღეს და დაბადების დღეს, ხოლო მეუღლეთათვის – მათი ქორწინების დღეს.”

წყარო: წიგნი – “რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა”
იბეჭდება ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსის დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით.
2002 წელი.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა

$
0
0

21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს. ღვთისმშბლობა დღესასწაულის შესახებ “ამბიონი” დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დიაკონს გიორგი ზაქარიაძეს ესაუბრა:

ყოვლადწმიდა დედა ღვთისა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისაგან იშვა ნაზარეთში, ქალაქში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა.

“ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად?” – თქვა ნათანაილ მა (შემდგომში ქრისტეს მოციქული), როდესაც ფილიპესაგან შეიტყო, რომ დიდი წინასწარმეტყველი იესო აქედან გამოვიდა.

წინასწარმეტყველთა უწყების მიხედვით, ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის სამეფო ტომიდან უნდა წარმომდგარიყო, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდგომ დავით მეფის შთამომავლებმა ნელ-ნელა უფლებები დაკარგეს, მაკაბელთა გვარი რომ გაძლიერდა, სამეფო შტოს ყოველგვარი გამორჩეულობა გაქრა და ის სხვა ხალხს გაუთანაბრდა. როდესაც წინასწარმეტყველთა მიერ მოსწავებული დრო დადგა და სკიპტრა უცხოტომელ ჰეროდეს გადაეცა, რომაელთა ყოვლისდამარღვეველი ხელმწიფება დაიწყო, ზნეობრიობა და რელიგია სრულიად დათრგუნული აღმოჩნდა, მაშინ იუდეველებმა გააცნობიერეს, რომ დანიელის მიერ დათქმული ჟამი იწურებოდა და მოუთმენლად დაუწყეს ლოდინი მესიას, რომელიც მათ უცხოტომელთა უღლისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე ბატონობას მიანიჭებდა.

ამ პერიოდში ნაზარეთში ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი – იოაკიმე და ანნა ცხოვრობდა. იოაკიმე იუდას სამეფო ტომის შთამომავალი გახლდათ, ხოლო ანნა – აარონის ტომის ღვთისმსახურის მატთანის უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა: მარიამი, სოფიო და ანნა; სოფიოს ასული ელისაბედი (მარიამი და ელისაბედი ხორციელი დების შვილები იყვნენ) არის დედა იოანე წინასწარმეტყველისა.

იოაკიმე და ანნა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც სუფთა გულით იცავდნენ. ისინი იმდენად ჩამომავლობით კი არა, მორჩილებითა და გულმოწყალებით გახლდნენ ცნობილნი. ამგვარად მიაღწიეს ღრმა სიბერემდე. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულითა და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ, ერთ მესამედს ღვთის ტაძარს სწირავდნენ, მეორეს ღატაკებსა და მოხუცებს უყოფდნენ; დანარჩენს პირადი საჭიროებისთვის იყენებდნენ. ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა. იმდროინდელი წარმოდგენით, უშვილობა შეურაცხმყოფელად და უდიდეს სასჯელად ითვლებოდა, მით უფრო სამწუხარო გახლდათ, რომ დავითის შთამომავლებს ჰქონდათ იმედი, მათგან აღთქმული მესიის შობით კაცობრიობის ხსნის იარაღად უნდა ქცეულიყვნენ. მათი ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა და ისინი უშვილობის გამო იყვედრებოდნენ. კანონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო, უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მართალ ადამიანს უყვარდა ანნა და პატივს სცემდა მას არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო, ამიტომ მასთან განშორება არ სურდა. გულში ჩაკლული მწუხარებით უდრტვინველად ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელის სიმძიმეს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას, ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ რწმენას, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.

დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღეს, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისსახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: “უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა”. სხვებმაც დაუმატეს: “შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი”. იოაკიმესთვის მეტად მძიმე იყო ამგვარი შეურაცხყოფის ასე სახალხოდ მოთმენა და სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა. ამავე დროს, როდესაც ქმრის დამცირების ამბავი გაიგო, ანნა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი ის არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყვნელი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შესაძლებელად აქცევს! ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა ბუდე, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ. ამის გამო კიდევ უფრო მეტად აევსო თვალები ცრემლით და ვედრებით გადმოიღვარა ლოცვა მისი გულიდან: “უბედური მხოლოდ მე ვარ, – მოთქვამდა იგი, – ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო, მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი, მომხედე, უფალო და ისმინე ჩემი ლოცვა!” უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა: “ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს”. ანგელოზმა დაავალა ანნას, რომ წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ღვთივსულიერი სიხარულით აღვსილმა ანნამ წამოიძახა: “ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმიდა სახელი განადიდოს”. ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა. ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იდგა უდაბნოში და უთხრა: “უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე”. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისაგან აღთქმულს.

ი.დამასკელის ნაშრომი “მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა” აღწერს შემდეგს: “იოაკიმმა იქორწინა სათაყვანო და ღირსსაქებ ანაზე, მაგრამ ისევე, როგორც ძველად უნაყოფო ანამ ლოცვისა და აღთქმის გზით შვა სამუელი (წინასწარმეტყველი), ასევე ამანაც ღვთისადმი ლიტანიობისა და აღთქმის გზით მოიპოვა ღვთისმშობელი… ამრიგად შობს მადლი (ასე ითარგმნება “ანა”) დედოფალს (ამას აღნიშნავს სახელი “მარიამ”), რადგან ჭეშმარიტად დედოფალი გახდა იგი ყველა ქმნილებისა, წარმოჩნდა რა დედად ქმნილებისა”.

ღვთისმშობლის შობისა და წარმომავლობის შესახებ მახარებლები დუმან, რადგან ებრაელთა ჩვეულებაში არ იყო ქალთა გვარტომობის შესახებ უწყება. თუმცა არსებობდა სჯულდება, რომ ერთ ტომს არ ეთხოვა ქალი მეორე ტომისაგან. რადგან სწამებს საღვთო სახარება, რომ იოსები შთამომავალი იყო დავითისეული ტომისა, რომელიც წმიდა ქალწულზე უკანონოდ არ დაიწინდებოდა, თუ მარიამიც იგივე სამეფო გვარის შთამომავალი არ იქნებოდა, ამიტომაც როდესაც წერილმა აჩვენა იოსების წარმომავლობა, ეს იკმარა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი ნაზარეთში დაიბადა. იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ. ანგელოზის მითითებით ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს. მართლაც, მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის დედოფლად და იმედად იქცა.

მართლმადიდებელი ეკლესია უხსოვარი დროიდან დეკემბრის მეცხრე დღეს დღესასწაულობს მოხუცებული, შვილიერებას მოკლებული მშობლებისაგან ღვთისმშობლის მუცლადღებას და მისი სწავლებით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი უფლის აღთქმის მიხედვით ჩაისახა (სახარების თანახმად,მას კურთხეული და მიმადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც მან ქვეყნიერების მხსნელი დაიტია) და დაიბადა ცოლ-ქმრისაგან, მხოლოდ უფალი იესო ქრისტე იშვა უბიწო მარიამისაგან უქორწინებელად – სულიწმიდის მიდგომით.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული,უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული 8 სექტემბერს (ძვ. სტილით)აღინიშნება. ღვთისმშობლისაგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა და პირველი დედის, ევას მწუხარება სიხარულად გადაიქცა”.

თეა სულაბერიძე

წმიდანი და მართალნი მშობელნი ღმრთისანი იოაკიმე და ანა (I)

$
0
0

იოაკიმე და ანა 9 (22) სექტემბერი

წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან. წმიდა იოაკიმე, ჩვეულებრივ, თავისი შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა – უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.

წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ – „წმიდაჲ იყო წყაროჲ იგი, არამედ ვერ დამომდინებელ მდინარისა“ (წმ. თეოდორე სტუდიელი). უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.

ღმერთმა „ყოვლად ბრძნისა ანნაჲს ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაჲ და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათჳს გლოვაჲ და ზოგადი ორთავე ბერწობაჲ დაჰჴსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქალწული, ხოლო იოვაკიმს – მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვან-ყო შვილიერებითა ქუეყანაჲ იგი განჴმელი უშვილოებისა გუალვითა“ (წმ. ანდრია კრეტელი) – წმიდა იოაკიმესა და ანასგან იშვა „პალატი ცათა მეუფისა“ – ყოვლადწმიდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი.

ბედნიერი მშობლები სამი წელი ზრდიდნენ ღვთისგან ბოძებულ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს.

წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, ღვთის ნებით, სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა. მალე, ორ წელიწადში, ისიც მიიცვალა – სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში.

წმიდა ეკლესია წმიდათა და მართალთა, იოაკიმესა და ანას 9 სექტემბერს იხსენიებს, რათა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ ჯეროვანი პატივი მიაგოს მის მშობლებსაც. როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელი წინაპრები, ისინი იწოდებიან „მშობლებად ღმრთისა“ და ყოველი საეკლესიო მსახურების ბოლოს, ჩამოლოცვაში, მეოხებას ვითხოვთ მათგან.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

უქმი მეტყველების ცოდვა

$
0
0

“უქმი მეტყველების ცოდვა – გავრცელებული ცოდვაა – ღმრთისგან ბოძებული სიტყვის ნიჭის უქმი, ურგები გამოყენება. იგივე ცოდვაა ჭორაობა, ხმების მიტან-მოტანა. ადამიანები ხშირად კარგავენ დროს ფუჭ საუბრებში, ჭორაობა რომელთა შინაარსი მყისვე ავიწყდებათ, უფალმა კი თქვა:
„ყოველი სიტყუაი უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“ (მთ. 12,36-37).

უქმი მეტყველების ცოდვა არასოდეს მთავრდება დროის უბრალო დაკარგვიტ, იგი შებილწულს ტოვებს კაცის სულს, რამეთუ მრავასიტყვაობას ყოველთვ ის თან სდევს განკითხა, დაცინვა, საკუთარი ტავმოყვარეობის დაკმაყოფილება, ვნებების გაღვიძება და ა.შ. საკმარისია პირი გავაღოთ და მაშინვე რაიმე უჯერო წამოგვცდება, ერთ სიტყვას მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე, და მერე უკვე შეჩერებაც ძნელია. ამიტომაც არის აუცილებელი ყურადღება, სათქმელის მოკლედ მოჭრა და სიტყვაძვირაობა. ხანდახან ხომ ერთი დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვაც კმარა ღმრთის მადლის დასაკარგად.”

წყარო: წიგნი აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისთვის.
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)

კრწანისის ომში დაღუპულ წმიდანთა ხსენება

$
0
0

კრწანისის ომი24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრწანისის ომში დაღუპულ წმიდანებს იხსენებს.

წმ. მოწამე 300 არაგველისა და კრწანისის ომში საქართველოსთვის შეწირული სასულიერო და საერო პირების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კრწანისში, 300 არაგველის ძეგლთან მიბრძანდება და სასულიერო პირებთან ერთად, იქ დაღუპულ წმიდანთა სახელზე პარაკლსს გადაიხდის.

კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის ბრძოლა 1795 წელს გაიმართა. აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ სექტემბრის დასაწყისში გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო.

კრწანისის ომში დაღუპულნისპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

“წმიდა სინოდმა მოისმინა: უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II წინადადება ჩვენთა დიდთა წინაპართა, – გიორგი გურამიშვილის, მამა-შვილ კაკაბაძეების, 300 არაგველისა და კრწანისის ომში მოწყვეტილ სხვა გმირთა, – საერო და სასულიერო პირთა, – წმიდანად შერაცხვის შესახებ. წმიდა სინოდმა განაჩინა: 1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად. დაიწეროს მათი ხატი, ტროპარ-კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი…” – აღნიშნულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმში (27 ივნისი, 2008 წელი, თბილისი).

თეონა ნოზაძე


წმ. მღვდელმთავარი გიორგი ჭყონდიდელი (XII)

$
0
0

გიორგი ჭყონდიდელი ღირსი გიორგი ჭყონდიდელი (1118) – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე ახალი სტილით 25 სექტემბერი (12 სექტემბერი).

ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი – „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“ დაიბადა XI საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ვარაუდობენ, გიორგი, სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო.

მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების“. მეუფე გიორგი იყო „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი“.

1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმინდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი“.

წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.

გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად. სამწუხაროდ, მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა, ოსეთში მყოფი მეუფე გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.

მეუფე გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ქვეყნისა და ეკლესიისათვის და „იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე“.

დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.

საკვირაო ქადაგება (25.09.2016)

$
0
0

სამება 25 სექტემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

„რთულია ადამიანის ცხოვრება. ყოველი ადამიანი რაღაცას ელოდება, კაცობრიობა რაღაცას ელოდება. ძალიან ხშირად არის წინათგრძნობა, როცა განსაცდელს ველოდებით. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალა ერსა თვისსა მისცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ადამიანის ცხოვრება ეს არის ურთულესი პროცესი. ადამიანი ცხოვრობს იმისთვის, რომ მოემზადოს მარადიული ცხოვრებისთვის. არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. შევთხოვთ უფალს, რომ ცოდვები ჩვენი აღხოცოს და ძალა მოგვცეს ჩვენ“, – განაცხადა პატრიარქმა.

27 სექტემბერს არის ჯვართამაღლების დღე. უწმიდესის თქმით, ამასთან დაკავშირებით ხვალ, საღამოს ლოცვა 18.00 საათზე დაიწყება, ხოლო სამშაბათს 10.00 საათზე – წირვა.

ჯვართამაღლება

$
0
0

ჯვართამაღლება27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა. ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით “ამბიონს” ესაუბრა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური გიორგი წეროძე:

“ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. წმინდა ელენე დედოფალი დაინტერესდა, თუ სად იყო მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც გაეკრა კაცობრიობის მხსნელი. ის გაემართა იერუსალიმისკენ და დაიწყო ამ ჯვრის ძიება. ბევრისთვის ცნობილია, როგორ ჩავა იერუსალიმში და გამოიკითხავს ებრაელ რაბინებში, სად არის გოლგოთის მთა. იქ უკვე ქრისტიანული თემი მომსპარია და მცირე. მიაგნებენ ამ მთას, სადაც მიწით დახვდებათ ყველაფერი დაფარული. იქაურობას გაასუფთავებენ და იპოვიან სამ ჯვარს, რომლებზეც ორი ავაზაკი და მაცხოვარი იყვნენ გაკრულნი. მაგრამ ეს ჯვრები არ აღმოჩნდება ისეთი თანმიმდევრობით განლაგებული და ამიტომ დადგება დღის წესრიგში საკითხი, რომელია ამ სამი ჯვრიდან მაცხოვრის ჯვარი. იქვე ახლოს სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობდა და გაჩნდება ასეთი აზრი, რომ მიცვალებულები რიგრიგობით ამ ჯვარზე დაასვენონ და თუ კაცობრიობის მხსნელია, ერთი ადამიანი ხომ მაინც აღდგებოდა. მართლაც, ასეც მოხდება, მაცხოვრის ჯვარზე შეხებისას ეს გარდაცვლილი ადამიანი მკვდრეთით აღსდგება. ეს უდიდესი სასწაული მოხდება.

გაკვირვებული და გახარებული ადამიანები შემოიკრიბებიან ელენე დედოფლის და ამ ჯვრის გარშემო. ეს ფაქტი ყველასათვის ცნობილი გახდება. ბევრი გამოთქვამს სურვილს ამ ჯვრის ნახვისა. ერის სიმრავლის გამო ჯვარი სათაყვანებელი საგანი გახდება და სამღვდელოება და ელენე დედოფალი ამ ჯვარს ზეაამაღლებენ. ხელით აწევენ, რომ ადამიანებმა რწმენით შეხედონ ამ ჯვარს.

რწმენით მიმართება ჯვართან არის საფუძველი იმისა, რომ ჯვარმა თავისი ძალა გამოაჩინოს, თორემ სხვა მხრივ ჯვარი, როგორც უბრალოდ ნიშანი, ქრისტიანობამდელ პერიოდშიც იყო და ახლაც ბევრია. ჯვარს სჭირდება გააზრება, ქრისტესთან დაკავშირება. თუკი ჯვარი ღმერთთან არ არის შეერთებული, იგი რამე ძალის მატარებელი არაა.

ყოველი ჩვენთაგანი არის კაცობრიობის ნაწილი. ყოველი ჩვენთაგანი არის საზოგადოების ნაწილი. ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე. ღმერთმა ადამიანი შექმნა.

დავით გურამიშვილი ამას საუკეთესოდ აღწერს ლექსში “დავითიანი.”

“ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,
მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,
შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!
ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,
წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;”

ადამიანი მარხვით იხსენებს, როგორ მოეპყრო ჩვენი მოდგმის ადამიანი სიკეთეს საკუთარი ინტერესების გამო. კაცობრიობის მხსნელი ჯვარზე გააკრეს, რისთვის? საკუთარი ინტერესები არ ემთხვეოდა ღვთაებრივ ინტერესს. ეს არ დათმო ადამიანმა და მოინდომა, ღვთაებრივი და წმინდა ინტერესების გაქრობა და წაშლა. მე ეს მინდა, რომ გახსოვდეთ. ეს, ჩვენ დაგვაზარალებს და კარგი არ არის.”

თეა სულაბერიძე

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით (28.09.2016)

$
0
0

საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ: “როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ა.წ. 30 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას ესტუმრება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I თანმხლებ პირებთან ერთად. საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას.

ამასთან, ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის შუა საუკუნეებიდან შეწყვეტილია ლოცვით-ევქარისტიული კავშირი; და ვიდრე არსებობს დოგმატური სხვაობები, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები არ იღებენ მონაწილეობას მათ მსახურებაში.

ბუნებრივია, პაპი მესას კათოლიკებისათვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ.”

წმიდა ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი (VI) –ტროპარი –კონდაკი

$
0
0

წმიდა ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი ტროპარი:

ხატად ღმრთისა შექმნილმან წმიდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თჳნიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოჲთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი:

მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი, და შვენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი ღმრთისა, ხელით უქმნელი, მფარველად მეფისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.

ილია II-ის მისასალმებელი სიტყვა რომის პაპ ფრანცისკესადმი (საპატრიარქო 30.09.2016)

$
0
0

ილია II-ის მისასალმებელი სიტყვა რომის პაპ ფრანცისკესადმი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისასალმებელი ოფიციალური სიტყვა
მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკესადმი
საქართველოს საპატრიარქო

თქვენო უწმინდესობავ, პაპო ფრანცისკე!

მოხარულნი ვართ თქვენი სტუმრობით და გულითადად მოგესალმებით იმ ერის სახელით, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა მარიამისა; მოგესალმებით იმ ეკლესიის სახელით, რომელსაც საფუძველი იესო ქრისტეს მოწაფეებმა დაუდეს. ყველასათვის ცნობილია, რომ რომის ეკლესია დააარსა წმ. პეტრე მოციქულმა, საქართველოს ეკლესია კი, – წმ. ანდრია პირველწოდებულმა; პეტრე და ანდრია ძმები იყვნენ და ჩვენც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა და გვმართებს.
საქართველო დიდჭირგამოვლილი პატარა ქვეყანაა. აქ სხვა და სხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები მრავლად ცხოვრობენ და ერთმანეთთან და ჩვენს ხალხთან მეგობრულ ურთიერთობებს საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებენ. ასეთი გარემოს შექმნა პირველ რიგში ქრისტიანულმა რწმენამ და ქართველი ადამიანის მოსიყვარულე გულმა განაპირობა, რასაც აქ მკვიდრი ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის გრძნობდნენ, თვითონაც პატივისცემას ამჟღავნებდნენ ჩვენს მიმართ და იცავდნენ იმ ზღვარს, რომლის იქით სიყვარული იკარგება.

აქ, ამ ქვეყანაში არასოდეს ჰქონია ადგილი ანტისემიტიზმს. ებრაელებს საქართველო მუდამ თავის შვილებად აღიქვამდა და ყოველთვის იფარავდა დევნისაგან.
ჩვენ ვცხოვრობთ წინააღმდეგობებით აღსავსე დროში. რთული პროცესები მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში: ერთი მხრივ დიდი ნაბიჯები იდგმევა წინ მეცნიერებასა და ტექნიკაში, მაგრამ სულიერების თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა გვაქვს. ძალიან მოკლე ხანში, ჩვენს თვალწინ, კაცობრიობა დაუცველი გახდა, ადამიანი, – კიდევ უფრო გულგრილი და სხვისი ტკივილისადმი ინდიფერენტული, ცოდვა კი, -გამრავლებული და ლეგალიზებული.

ასეთ სიტუაციაში პიროვნება კარგავს სწორ ორიენტირს და საკუთარი პრობლემების მოგვარების გზებსაც ვეღარ აგნებს.

ეკლესიისთვისაც რთული პერიოდია, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ სიყვარულით, მოთმინებითა და თანალმობით დავეხმაროთ მოყვასს ჭეშმარიტების შეცნობაში, მადლის მოპოვებაში, სხვისთვის ცხოვრების სწავლაში.

კიდევ ერთი გამოწვევა, რის წინაშეც ჩვენ ყველანი ვდგავართ, არის ის, რომ მსოფლიო მოიცვა გლობალიზაციის პროცესმა. ეს გარდაუვალი მოვლენაა და მას თავისი დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ საშიშროებაცაა იმისა, რომ ყველაფერი გაერთფეროვნდეს.ამიტომაც ამა თუ იმ ერს იდენტობის შესანარჩუნებლად თავისი კულტურის, ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვა მტკიცედ მართებს და ეს, ვფიქრობ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს.
დღეს მსოფლიოსათვის საჭირბოროტო საკითხს ასევე წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები და მილიონობით რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნილი,განსაკუთრებით ევროპაში.

ბუნებრივია, ჩვენ თანავუგრძნობთ მათ და გული გვტკივა მომხდარის გამო; მით უმეტეს, რომ მსგავსი პრობლემები 25 წლის წინ და შემდეგაც ჩვენც შეგვექმნა და დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

მართალია, ამ ხნის მანძილზე დიდი იყო და კვლავაც არის დასავლეთის მხარდაჭერა ჩვენდამი, მაგრამ 500 000-ზე მეტი დევნილი და იძულებით გადაადგილებული პირი თავის კერას დღემდე მაინც ვერ დაუბრუნდა და ვერც ქვეყნის საზღვრები აღდგა.

ის, რაც ჩვენს განუყოფელ მხარეებში, – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მოხდა, შედეგია იმისა, რომ საერთოდ გააქტიურებულია სეპარატისტული ძალები. ეს კი უდიდეს საფრთხეს უქმნის არამარტო პატარა ქვეყნებს, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოს. საჭიროა განვითარებული სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომ მსოფლიო ქაოსში არ აღმოჩნდეს.

ტერაქტები, ომები, ლტოლვილები, შიმშილი, ავადმყოფობა, ეკოლოგიური პრობლემები … ჩვენი ყოფის თანმდევი პროცესებია. მსოფლიო მოწინავე საზოგადოება ცდილობს, წინ აღუდგეს აღნიშნულ გამოწვევებს. ეს კარგია, მაგრამ, მგონია, რომ ამ მხრივ განხორციელებული ძალისხმევა უკანმიდევნებული სანთელივით არის, რადგან ებრძვიან შედეგებს და არა მათ გამომწვევ მიზეზებს.

ჩვენი მოვალეობაა, კაცობრიობას შევახსენოთ სულიერი ღირებულებები, შევახსენოთ, რომ ღვთის რწმენის გარეშე მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდება, კიდევ უფრო დამძიმდება და ეს პროცესი მასშტაბურ და სერიოზულ სახეს მიიღებს,რადგან უღვთოდ მცხოვრები ადამიანი განვითარების ისეთ ფორმებს ანიჭებს უპირატესობას და თავის გარშემო ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც უფლის მიერ შექმნილ სამყაროს ბუნებრივად, თავისთავად ეწინააღმდეგება. მას სხვაგვარად არც ძალუძს, ვინაიდან მსგავსი მსგავს შობს და შეჰხარის; ეს აქსიომაა. და ვიდრე აღნიშნული დაპირისპირება არ მოიხსნება, ვიდრე ხელისუფლებები არ გააცნობიერებენ ღვთის რწმენის მნიშვნელობას და საზოგადოებაშიც მის დანერგვას ხელს არ შეუწყობენ, მდგომარეობა არ გამოსწორდება.

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, იგი უძველესი დროიდან იღებს სათავეს; ქრისტიანულ რომსა და საქართველოს შორის კი პირველი კონტაქტი IVს-ში, წმ. ნინოს დროს, შედგა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სიხარული მაშინდელმა რომის პაპმაც გაიზიარა და წმ. ნინოს მოკითხვის წერილი გამოუგზავნა. თავის მხრივ წმ. ნინოს მამას, ზაბულონს, უდიდესი წვლილი მიუძღვის ფრანგთა გაქრისტიანებაში და მისი განსასვენებელიც სავარაუდოდ ამ ქვეყანაში უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებიდან რომის ეკლესიასთან სარწმუნოებრივი ერთობა აღარ გვქონდა, კავშირი არ შეწყვეტილა და იგი სამეცნიერო-კულტურულ-პოლიტიკურ სფეროს მოიცავდა.

ამ ურთიერთობის შედეგია ვატიკანში დაცული საქართველოსთან დაკავშირებული მრავალი დოკუმენტი. მათი შედარებით მცირე ნაწილი ფოტოფირების სახით გადმოგვცა მისმა უწმიდესობამ, იოანე-პავლე II და ისინი საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.

მინდა აღვნიშნო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და ჩვენი კულტურის განვითარებაში ქართველ კათოლიკეთა შეტანილი წვლილის შესახებაც; აგრეთვე იმ დახმარების თაობაზე, რასაც ევროპაში მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებს უწევს რომის ეკლესია.

ჩვენ ვთანამშრომლობთ მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა საღვთისმეტყველო დიალოგის ფორმატში; საქართველოს საპატრიარქოში დაწყებულია მუშაობა მრავალტომეულზე, რომელიც წარმოაჩენს განუყოფელი მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიის ისტორიას (XI ს-მდე) და მის განხორციელებაში ვატიკანიც მხარდაჭერას აცხადებს.

უკვე რამდენიმე კონფერენციაც ჩავატარეთ საქართველოში არსებულ კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად ბიოეთიკურ თემებთან დაკავშირებით და, ვფიქრობთ, ეს მიმართულება ჩვენი ურთიერთობისათვის კარგ ნიადაგს ქმნის.

ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ურთიერთობა ოჯახის ინსტიტუტის დაცვის თვალსაზრისით.

მოგეხსენებათ, ოჯახის სიმტკიცე და სიძლიერე ნებისმიერი ერის, ნებისმიერი ქვეყნის სიმტკიცისა და სიძლიერის განმაპირობებელია და, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი უნდა ვზრუნავდეთ მის დასაცავად.

თქვენო უწმინდესობავ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმ. მოციქული პეტრეს ლოცვით შევთხოვ ღმერთს, დალოცოს ჩვენი ქვეყნები და მთელ მსოფლიოს მომადლოს მშვიდობა და სულიერი წინსვლა.

http://patriarchate.ge/

ნიკო ფიროსმანის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდება

$
0
0

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით, “ფიროსმანის აღდგენის” მასშტაბური პროექტი იწყება.

პროექტის პირველ ეტაპზე რესტავრაცია ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორი ნამუშევარს – “თამარ მეფესა” და “შოთა რუსთაველს” ჩაუტარდება.

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის თბილისის მუზეუმში (ფიროსმანის ქ. 28) აღნიშნული ნამუშევრები რამდენიმე საათით გამოიფინა, შემოწმდა მათი მდგომარეობა და ეროვნულ მუზეუმში გადაიგზავნა (28 სექტემბერი).

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების დირექტორი თამარ კირვალიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

თამარ მეფე და შოთა რუსთაველი

სურათებს რესტავრაციას შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტები – ნანა მანაგაძე და ეველინა კარსელი ჩაუტარებენ.

რესტავრაციის პროცესი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, რესტავრირებული ორივე ნამუშევარი თიბისი გალერეაში (მარჯანიშვილის 7), მირზაანის ფონდში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის სრულ კოლექციასთან ერთად გამოიფინება.

სარესტავრაციო პორტრეტების შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი 1948 წლიდან ინახებოდა ფილოლოგის, იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის, თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში. 1989 წელს, ოჯახმა ეს ნამუშვრები გადასცა “ხალხთა მეგობრობის მუზეუმს”, საიდანაც სურათები ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმში მოხვდა. ამ დროიდან, ნამუშევრები მუზეუმის კოლექციაში ინახება. ნახატების მდგომარეობა შესწავლილია. მზადაა სარესტავრაციო პროექტიც. სპეციალისტების თქმით, მანამდე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო, ნახატებს მრავალმხრივი დამუშავება ესაჭიროება.

რესტავრაციის პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მოქმედი საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდება.


ლუკა რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველას) თხოვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას

$
0
0

ლუკა რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველას) თხოვნა „ვსთხოვ საზოგადოების მმართველობას უმორჩილესად, დააკმაყოფილოს ეს ჩემი თხოვნა და გამომიგზავნოს ხუთი ეკზემპლარი „ბუნების კარი“ და თხუთმეტი „დედა-ენა“, – ამტნისხევის სკოლის მასწავლებლის, ლუკა რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველას) თხოვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სკოლისათვის ქართული წიგნების გაგზავნის თაობაზე. 9 ოქტომბერი, 1882 წელი.

ვაჟა-ფშაველამ პედაგოგიური მოღვაწეობა 21 წლის ასაკში, გორის საოსტატო სემინარიის დამთავრებისთანავე, 1882 წელს ამტნისხევის (დღევანდელი ღულელები) სკოლაში დაიწყო, სადაც 1 წლის განმავლობაში ასწავლიდა.

„ჩემდამი რწმუნებული სკოლა, რომელშიაც იმყოფება ოცდაათამდე ყმაწვილი და ათამდე ქალი, ექვემდებარება კავკასიაში ქრისტიანობის აღმადგინებელ საზოგადოებას. რადგანაც იგი საზოგადოება გულ-გრილად უცქერის დედა ენაზედ სწავლის მსვლელობას, ამიტომ არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას და არცა გზავნის სახელმძღვანელო წიგნებს სამშობლო ენაზედ… ვსთხოვ საზოგადოების მმართველობას უმორჩილესად, დააკმაყოფილოს ეს ჩემი თხოვნა და გამომიგზავნოს ხუთი ეკზემპლარი „ბუნების კარი“ და თხუთმეტი „დედა-ენა“.

5 ოქტომბერი იუნესკომ 1994 წელს მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

“კვირის დოკუმენტი” ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი

$
0
0

იოანეს მუცლადღება 23 (06.10) სექტემბერი

მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი. ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. „ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“, მაგრამ, ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ, „მღდელობასა მას მისსა, წესსა მას დღითი-დღედისა მისისასა წინაშე ღმრთისა, მსგავსად ჩუეულებისა მღდელობისა“, ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომი გაბრიელ მთავარანგელოზი იხილა. იგი შეძრწუნდა, მაგრამ ანგელოზმა ნუგეშინი-სცა და ახარა, „ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე“ (ლკ. 1,13). ზაქარია არ ერწმუნა ზეციურ მაცნეს და მემკვიდრის შობამდე უტყვება დაედო სასჯელად. ხალხი დიდხანს ელოდა მღვდელმთავრის კურთხევას. როცა გამოვიდა, ნეტარს „ვერ ეძლო სიტყუად მათდა“ და ყველა მიხვდა, რომ მას „ჩუენებაჲ რაჲმე“ ეხილა. ზაქარია „წამ-უყოფდა“ შემოკრებილთ და „დაადგრა უტყუად“.

მთავარანგელოზის წინასწართქმული ახდა – ბერწმა ელისაბედმა მუცლად-იღო და შვა წინამორბედი უფლისა.

წმიდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი იოანე ნათლისმცემლის მუცლადღებისადმი მიძღვნილ სიტყვაში ამბობს: „რომელმან-იგი უშვილოჲ კლდე შეცვალა წყაროდ წყალთა, მანვე… ბერწსა ელისაბედს უბრძანა შვილისმშობელ დედად გამოჩინება და უნაყოფოჲ ნაყოფიერად აჩუენა და სიბერითა დამძიმებული ყო მსგავს ქალისა ახალქორწინებულისა. რამეთუ რაჟამს სამარხოდ მივიდოდა, მაშინ შობად განემზადებოდა, რაჟამს ჴორცნი დააჭნვნა სიბერემან, მაშინ საშოჲ განუჭაბუკა ღმერთმან, და რომელი ჟამისაგან განეჴადა, დამბადებელისა მიერ მოიგო, და რომელი სიჭაბუკესა წარეწყმიდა, სიბერესა მიეჴადებოდა“.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მოციქულთასწორი წმ. თეკლას ხსენება (I)

$
0
0

ახალი სტილით 7 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთასწორის წმიდა თეკლას ხსენებას აღნიშნავს.

მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარიწმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდგვაროვანზე დანიშნეს, მაგრამ წმიდანმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა. მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის ქალწულება დაემარხა.

ამისთვის მისმა დედამ შვილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. წმ. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც იგი კოცონზე დაწვისგან სასწაულებრივად იხსნა.

პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და ღვთის სიტყვის ქადაგებდა. მან ქრისტეს სჯულზე უამრავი კერპთმსახური მოაქცია, რის გამოც ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.

მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა

$
0
0

ახალი სტილით 9 ოქტომბერი – მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა

წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ანდრია მოციქულთან ერთად თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,35-40). მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა შემდგომ ქრისტემ წმიდანს, „რომელი ბადეთა და თევზთა და ტბასა შინა იქცეოდა“, ძმით, იაკობითურთ მოუწოდა და კაცთა მონადირედ დადგინება აღუთქვა (მთ. 4,21). მანაც დაუტევა ყოველივე.

მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმიდისათვის ქრისტემ გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად განსაკუთრებით დაიახლოვა.

იოანე ღვთისმეტყველმა საკუთარი თვალებით იხილა იაიროსის ასულის განკურნება და უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე.

საიუდმლო სერობაზე პეტრემ, „დაღათუ პირველი იყო მოწაფეთაჲ“, თავად ვერ იკადრა და იოანეს სთხოვა მოძღვრისათვის ეკითხა, „თუ ვინ მიუდგა საზარელსა მას განმცემლობასა“. ისიც მკერდზე მიეყრდნო ქრისტეს და ჰკითხა: „ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ და მაცხოვარმა „მყისვე აღუხსნა კითხული და პურითა მოასწავა განმცემელი“.

ცხადია, რომ როცა იოანემ ძმასთან ერთად იესოსგან მისი მახლობელი საყდარი ითხოვა (მკ. 10,35-36): „არა ვითარცა დიდების ტრფიალმან, არამედ ვითარცა ქრისტეს ტრფიალმან ითხოა იგი, რადგან სურდა, არავინ ყოფილიყო სხუაჲ მისსა უმახლობელესი სასურველისაჲ“.

წმიდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და „მოწაფე იგი, რომელი უყუარდა“, დედას უთხრა: „დედაკაცო, აჰა ძე შენი!“ შემდეგ კი იოანეს უთხრა: „აჰა დედაჲ შენი!“ (იოანე 19,26-27). ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმიდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.

როდესაც ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მის წმიდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალავად მიასვენებდნენ, იოანეს ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა მას.

ამ დრომდე წმიდა მახარებელი იურუსალიმში ქადაგებდა და არაერთხელ დაუთმენია დევნა იუდეველ მღვდელმსახურთაგან.

ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ იოანე მოწაფესთან, პროხორესთან ერთად თავის წილხვედრ ქალაქ ეფესოში წავიდა. გზად იოპიაში მათ ძლიერმა ქარიშხალმა მოუსწრო და ხომალდი, რომლითაც მიემგზავრებოდნენ, დაიღუპა. ზღვამ ყველა მგზავრი ნაპირზე გამორიყა, მხოლოდ იოანე დაინთქვა უფსკრულში. პროხორე გულამომჯდარი მოთქვამდა მოძღვრის დაკარგვის გამო, ბოლოს კი მარტო დარჩენილმა გზა განაგრძო. მეთოთხმეტე დღეს მან იხილა, რომ ტალღებმა ნაპირზე ადამიანი გამოაგდო. როცა ნეტარი უცნობს მიუახლოვდა, გაოცებამ და სიხარულმა შეიპყრო – ეს იოანე მახარებელი იყო, რომელიც უფალს მთელი ან ხნის მანძილზე ზღვის წიაღში უვნებლად დაეცვა.

მოძღვარი და მოწაფე ეფესოსკენ გაემართნენ, სადაც წმიდა იოანე მძვინვარე წარმართებს შორის დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს. მის ქადაგებებს მარავალრიცხოვანი სასწაულები ახლდა თან და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცეულთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. როდესაც იმპერიაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იოანე შეიპყრეს და ერთი წყაროს მოწმობით, იმპერატორ ნერონის (53-68) სხვა ცნობით კი – დომიციანეს (81-96) სამსჯავროზე წარადგინეს.

ქრისტეს აშკარა აღსარებისთვის ნეტარს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ უფალმა დაიცვა თავისი რჩეული. წმიდა მოციქულს მომაკვდინებელი შხამით სავსე ფიალა გამოაცლევინეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა, ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ იქიდანაც უვნებელი ამოვიდა. ამის შემდეგ იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მრავალი წელი დაჰყო. იოანემ თავისი ქადაგებებით და სასწაულებით მთელი კუნძულის მოსახლეობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია.

იოანეს გამოცხადება

ნეტარი მახარებელი თავის მოწაფესთან, პროხორესთან ერთად უდაბურ მთაზე ავიდა და სამი დღე იმარხა. მისი ლოცვის დროს მთა შეზანზარდა და საშინლად იქუხა. შეძრწუნებული პროხორე მიწაზე დაემხო. იოანემ წამოაყენა ნეტარი და უბრძანა ჩაეწერა, რასაც მისგან გაიგონებდა: „მე ვარ ანი და ჵ, იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოცხ. 1,8) – ამბობდა ღვთის სული მოციქულის მიერ. ასე დაიწერა დაახლოებით 67 წელს იოანეს გამოცხადება, ანუ აპოკალიფსი, რომელშიც ეკლესიისა და სამყაროს მომავალი და დასასრულია განცხადებული.

ხანგრძლივი გადასახლებიდან განთავისუფლების შემდეგ იოანე მახარებელი ეფესოში დაბრუნდა. იგი აქედან ადევნებდა თვალყურს ყველა მახლობელი ეკლესიის ცხოვრებას, ხშირად მოიხილავდა მათ და ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართული ამაოდბრძნობით შერყვნისაგან იცავდა.

იოანე მახარებელი უპირატესად სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა.

იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდოდა დაეცვათ და ერთმანეთი ყვარებოდათ. როცა ნეტარი წლებმა იმდენად დაამძიმა, რომ ქრისტიანთა თავყრილობებზე სიარული არ შეეძლო და მოწაფეები დაატარებდნენ, უწინდელივით ქადაგებასაც ვეღარ ახერხებდა და მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: „შვილნო, იყუარებოდეთ ურთიერთას“. ბოლოს მოწაფეებმა ჰკითხეს მოძღვარს, რატომ უმეორებდა მათ გამუდმებით ერთსა და იმავეს, იოანემ კი უპასუხა: „ეს უფლის მცნებაა და თუ მას დაიცავთ – კმა გეყოფათ“.

იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო.

წმ. იოანე მახარებლის მიცვალება

ერთხელ ნეტარი შვიდ მოწაფესთან ერთად ეფესოდან გავიდა, ქალაქის სიახლოვეს, მაღალ კლდეზე განმარტოვდა და ილოცა, შემდეგ კი სიყვარულით დაემშვიდობა ყველას, ჯვრის სახის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მიწის დაყრა ითხოვა. მოწაფეებმა ტირილით დაჰკოცნეს ძვირფასი მოძღვარი, მაგრამ ურჩობა ვერ გაბედეს და საფლავი ნელ-ნელა ამოავსეს. ეს რომ ეფესელებმა შეიტყვეს, მივიდნენ მოციქულის სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.

ყოველწლიურად, 8 მაისს, იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომელსაც მორწმუნეები აგროვებდნენ და სასწაულბრივ იკურნებოდნენ. ამის გამო ეკლესია წმიდა მოციქულის ხსენებას 8 მაისსაც აღნიშნავს.

უფალმა თავის საყვარელ მოწაფეს ძმასთან ერთად „ბანერგეს“ – ძენი ქუხილისანი უწოდა და ამით მიანიშნა მათ ცეცხლოვან მოშურნეობაზე და სულის სიძლიერეზე. იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი – სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება „ღვთისმეტყველი“ წმიდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმიდა იოანეს მიაკუთვნა – ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

საკვირაო ქადაგება (09.10.2016)

$
0
0

ილია მეორე 9 ოქტომბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. უწმიდესმა წმ. იოანე ღვთისმეტყველის სიყვარულისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება. წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს მართლამდიდებელი სამყარო 9 ოქტომბერს აღნიშნავს.

პატრიარქმა სრულიად საქართველოს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.

ქადაგების დასრულების შემდეგ ილია მეორემ მღვდელმონაზონი დავითი (კემულარია) დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და იღუმენის ხარისხში აღამაღლა.

იხილეთ ქადაგება სრულად…

Viewing all 1609 articles
Browse latest View live