Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 1609 articles
Browse latest View live

კვირიკობა

$
0
0

სვანეთში, სოფელ კალაში 28 ივლისს წმიდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, უხსოვარი დროიდან აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ.

კვირიკობაწმიდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში. აქ დაცულია წმიდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. სვანების ყოველ თემს თავისი ეკლესიები აქვს აუარებელი ჯვარ-ხატებით, მაგრამ არც ერთი ისე ძლიერად არ მიაჩნიათ, როგორც “ლაგურკა”, წმ. კვირიკეს და ივლიტას ეკლესია და მასში დაცული საუცხოო, ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე – ხატი, რომელსაც ისინი შალიანს უწოდებენ. ამიტომაც დიდი ბოროტების და დანაშაულობის ჩამდენის აღმოსაჩენად შენიშნულ პირებს ამ ხატზე აფიცებენ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ სვანს ფიცის დროს თავისი დანაშაული არ ეღიარებინა.

როგორც სვანური ეკლესიების აბსოლუტური უმრავლესობა ეს ეკლესიაც დარბაზულია. მას სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის. ორი სარკმელი – ერთი საკურთხეველში და მეორე დასავლეთ კედელში. ამჟამად მოქმედია დასავლეთის შესასვლელი.

ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და შესანიშნავი ქართველი მხატვრის თევდორეს მიერ, რომელიც XI-XII სს-ის მიჯნაზე დემეტრე მეფის კარზე მოღვაწეობდა.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე წარმოდგენილია ოთხი ფიგურა, რომლებიც სიმეტრიულადაა განლაგებული სარკმლისა და კარის ორივე მხარეს: ზემოთ წმიდა კვირიკე და წმიდა ივლიტა, ხოლო ქვემოთ წმიდა ბარბარე და წმიდა ეკატერინა. ტაძრის საკურთხევლის კანკელზე, მის ზედა ნაწილში, მოცემულია წელსზევითი გამოსახულებები შემდეგი თანმიმდევრობით მარცხნიდან მარჯვნივ – წმიდა სტეფანე, წმიდა კვირიკე, შემდეგ აღსავლის კარები და შემდეგ წმიდა ივლიტა და წმიდა ქრისტინა.

კალა, ლაგურკასამხრეთის კედელი დათმობილი აქვს წმიდა კვირიკესა და ივლიტას ცხოვრების ორ ეპიზოდს – პატარა კვირიკეს სასახლის კედლიდან გადმონარცხებას და წმიდა ივლიტას სიკვდილით დასჯას. მათ ზემოთ გამოსახულია ანგელოზი მოწამოებრივი ნიმბით ხელში. ამ გამოსახულებებს ახლავს წარწერები: “წმიდაი ივლიტა ჰმადლობს ქრისტესა ღმერთსა, რომელმან სრულყო წამებაი წმიდისა კვირიკესი, ძისა თვისისა”, ხოლო მეორე კომპოზიციაზე: “თუესა ივლისსა იე (15) წამებაი წმიდისა კვირიკესი. მან უღმრთომან მეფემან გარდამოაგდო წმიდაი კვირიკე საყდართაგან”. წამების დღე აღნიშნულია წმიდა ივლიტეს თავის კვეთის გამოსახულებაზეც: “თუესა ივლისსა ივ (16) წამებაი წმიდისა ივლიტასი”. ორივე თარიღი აღნიშნულია ძველი წელთაღრიცხვით – ამჟამად კვირიკობა და ივლიტობა 28-29 ივლისს აღინიშნება.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე, შესასვლელი კარების ზემოთ, კედლის მთელ სიგანეზე მოთავსებულია ლურჯ ფონზე თეთრი საღებავით შესრულებული ასომთავრული წარწერა სამ სტრიქონად: “სახელითა ღმრთისაითა. მოიხატა და შეიმკო წმიდაი ესე ეკლესიაი წმიდისა კვირიკესი სადიდებელად და სალოცველად ამის ხევისა აზნაურთა ყოველთა, რომელნი აშენებენ ამას წმიდასა ეკლესიასა; წმიდაო კვირიკე, ადიდენ და შეიწყალენ ყოველნი, ამენ.”

ლაკურგის მოხატულობა ნაწილობრივ გადაწერილია გვიან შუა საუკუნეებში, რადგან მიწისძვრას ძლიერ დაუზიანებია. ამას გვაუწყებს წარწერა: “საყდარი ესე წმიდისა კვირიკესი, ოდეს მიწისა ძვრამან დაარღვია, მე ანტონის შვილმა გიორგი, ახლად შევამკე”. ამ დროს ხელმეორედ, მაგრამ ძველი მოხატულობის მიხედვით მოხატეს საკურთხეველი და კანკელი.

ამჟამად კალას თემის ეკლესიების მთელი საგანძური ლაგურკის ეკლესიაშია თავმოყრილი. ხატები წმ. კვირიკეს გამოსახულებით მხოლოდ სვანეთშია დაცული. ლაგურკის ეკლესიამ წმ. კვირიკეს ათი ხატი შემოგვინახა, რომლებიც სხვადასხვა დროს მიეკუთვნება და წარმოადგენს მას ტრადიციულად, როგორც მოწამეს ჯვრით ხელში. ეს ხატები სპეციალურად ლაგურკის ეკლესიისთვის იყო შესრულებული.

წმ.კვირიკე და ივლიტაწმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს – ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად სელევკიაში გაიხიზნა. ის მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან. მალე ის მმართველ ალექსანდრესტან დაიბარეს.

ივლიტა სამსჯავროზე თავისი სამი წლის ძით ხელში მივიდა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: “მეც ქრისტიანი ვარ!” ტიროდა ბავშვი, ტირილით მიიწევდა დედისკენ. გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრულისთვის მადლობა შესწირა უფალს. მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ. ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა, მაცხოვარს შეჰღაღადა და თავიც მოჰკვეთეს.

წმიდანთა წამება მოხდა დაახლოებით 305 წელს. ივლიტას გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.

წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ინახება.

თეონა ნოზაძე


დედობრივი სიყვარული –მამა პაისი მთაწმინდელი

$
0
0

– წმიდაო მამაო, ერთხელ თქვენ გვითხარით, რომ სიყვარული ზრდის და ამწიფებს ადამიანს.

დედა-შვილი– ის, რომ უბრალოდ გიყვარდეთ ვინმე, ძალიან ცოტაა. ადამიანი საკუთარ თავზე მეტად უნდა შეიყვაროთ. დედას საკუთარ თავზე მეტად უყვარს შვილები. იმისათვის, რომ შვილები გამოკვებოს, ის მშიერიც კი დარჩება. მაგრამ ამ დროს განცდილი სიხარული იმ სიხარულზე მეტია, მისი შვილები რომ გრძნობენ. ბავშვი ხორციელად იკვებება, დედა კი – სულიერად. ის საკვების გემოს მხოლოდ ხორციელად შეიგრძნობს, მაშინ, როდესაც დედა სულიერად ხარობს.

ზოგიერთ გოგონას შეუძლია, დილის ათ საათამდე იძინოს და ამასთან იმის იმედიც ჰქონდეს, რომ საუზმისთვის დედა გაუცხელებს რძეს. რამენაირი საქმის გაკეთება ამ გოგონას ძალიან ეზარება. მას უნდა, რომ ყველაფერი მზამზარეულად ჰქონდეს და ისე იცხოვროს. უნდა, რომ ყველა მას ემსახურებოდეს. დედასთან პრეტენზიები აქვს, მამასთან პრეტენზიები აქვს, თვითონ კი უსაქმურობით ტკბება. მიუხედავად იმისა, რომ მის ქალურ ბუნებაში იფარება სიყვარული, ეს სიყვარული არ ვითარდება, იმიტომ, რომ ის გამუდმებით იღებს შეწევნასა და კურთხევას, დედის, მამის, დებისა და ძმებისაგან. მაგრამ, როგორც კი დედა ხდება, თანდათანობით იგი იმ თვითდამტენ მოწყობილობას ემსგავსება, რომელიც რაც მეტს მუშაობს, მით მეტად იტვირთება ძალებით, რადგანაც მასში უკვე გაუჩერებლად მუშაობს სიყვარული. ადრე, როდესაც რაიმე ჭუჭყიანთან უხდებოდა შეხება, ზიზღს გრძნობდა და საათობით იბანდა ხელებს სურნელოვანი საპნით. ახლა კი, როდესაც მისი პატარა შარვალში ჩაისვრის და მისი გამოცვლა უწევს, ისეთ გრძნობას განიცდის, თითქოს ხელში მარმელადის კანფეტს იღებდეს! ზიზღს უკვე აღარ გრძნობს. ადრე, როდესაც აღვიძებდნენ, ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას. ახლა, როდესაც მისი ბავშვი ტირის მთელი ღამის განმავლობაში არ იძინებს და ეს სულაც არ უჭირს. ის ზრუნავს თავის ჩვილზე და ხარობს. რატომ? იმიტომ, რომ ის უკვე ბავშვი აღარ არის და იმიტომ, რომ მასში თავგანწირვა და სიყვარული გაჩნდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ დედა უმეტეს თავგანწირვასა და სიყვარულს აღწევს, ვიდრე – მამა. იმიტომ, რომ მამას არ ეძლევა იმდენი ხელსაყრელი შემთხვევა საკუთარი თავი მსხვერპლად გაიღოს, რამდენიც – დედას. დედა მეტად იტანჯება შვილებთან ერთად, მათთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე – მამა. მაგრამ იმით, რომ მთელ თავის არსებას შვილებს აძლევს, ის მეტად „იტვირთება“ კიდეც შვილებისაგან. მამას კი იმდენი წვალებაც არა აქვს შვილებისაგან, რამდენიც დედას და არც მათგან „იტვირთება“, ამიტომ მისი სიყვარული ნაკლებად ძლიერია, ვიდრე – დედის სიყვარული.

რამდენი ატირებული დედა მოდის ჩემთან და მთხოვს: „მამაო, ილოცე ჩემი შვილისათვის“! იცით, როგორ იტანჯებიან ისინი?! მხოლოდ ძალიან ცოტა მამაკაცისაგან მოისმენთ: „ილოცე, ჩემი შვილი გზას ასცდა“. აი, დღესაც მოვიდა ერთი ქალი, – თავის რვა შვილთან ერთად. როგორი კანკალით უბიძგებდა ეს საბრალო წინ თავის პატარებს, რათა ისინი რიგრიგობით მოსულიყვნენ და კურთხევა მიეღოთ. ამგვარად მოსული მამის ნახვა დიდი იშვიათობაა. თვით რუსეთიც დედებმა გადაარჩინეს. მამის ალერსი, თუკი მასში ღვთის მადლი არ ურევია, მშრალია, ხოლო დედის ალერსს, – თვით ღვთის გარეშეც – თავისი სიტკბო აქვს. ბავშვს უყვარს მამა და პატივს სცემს მას. მაგრამ თვით ეს სიყვარულიც მამისადმი დედობრივი სიყვარულისა და სინაზის ძალით ყალიბდება.

წყარო: http://www.orthodoxy.ge

ელიაობა

$
0
0

ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. განსაკუთრებულად ამ დღეს დედოფლისწყაროში დღესასწაულობენ, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. მრევლი სპეციალურად ამ დღისთვის დედოფლისწყაროში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადის.

ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი): “ამინდის შეცვლასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებებისა და რწმენა-წარმოდგენების გარდა, რომლებიც მაის-ივნისში, ან საჭიროების დროს იმართებოდა, ხალხურ დღეობათა კალენდარში გამოყოფილია განსაკუთრებული დღე – 2 აგვისტო (ძვ. სტ. 20 ივლისი), ელიაობა როდესაც ამინდის განმგებელის ელიას სახელობის დღე აღინიშნება. საეკლესიო კალენდარიც ამ დღეს ილია წინასწარმეტყველს, იგივე თესბიტელს მოიხსენიებს. უძრავი დღესასწაულის გარდა, წმიდა ელიას გვალვის დროს გაწვიმებას არა მარტო ხალხი, არამედ ეკლესიაც შესთხოვდა.

წმ. ილია (ელია) წინასწარმეტყველი ქრისტეს მოსვლამდე IX ს-ში პალესტინის ქალაქ თესბიტში ცხოვრობდა. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, რომელიც წმ. ეპიფანე კვიპრელიდან მომდინარეობს, წმ. ილიას მამას ჰქონდა ჩვენება: პატივცემული მამები ახალშობილ წმ. ილიას მოწიწებით ესალმებოდნენ, ახვევდნენ ცეცხლოვან სახვევებში და ცეცხლით კვებავდნენ. იერუსალიმელმა მღვდლებმა მამას ჩვენება განუმარტეს და უთხრეს, რომ მისი ვაჟი იერუსალიმს ცეცხლითა და მახვილით განსჯიდა. მართლაც, წმ. ილია ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი გახდა. იგი მეფე აქაბის დროს მოღვაწეობდა. უკეთური მეფე აქაბის (მან უღალატა ჭეშმარიტ ღმერთს და მის ნაცვლად წარმართული კერპი აღმართა) დასასჯელად ისრაელს სამწლიანი გვალვა მოევლინა, თავად წმ. ილია კი ღვთის მითითებით უდაბნოში მთის ნაკადულთან იმალებოდა, სადაც მასთან ყორნებს დილა-საღამოს პური და ხორცი მიჰქონდათ. ქვეყანას საშინელი გვალვა და შიმშილი დაატყდა თავს. ხალხმა ნელ-ნელა ჭეშმარიტი ღმერთის გახსენება დაიწყო.

ამასობაში, ღმერთის მითითებით, ილია წინასწარმეტყველმა ბაალის ქურუმი გამოიწვია და შესთავაზა, გამოეცადათ, რომელი იყო ჭეშმარიტი ღმერთი: იაჰვე თუ ბაალი. ორივე მხარეს საკუთარი ღმერთისთვის თითო მოზვერი ისე უნდა შეეწირა, რომ შეშისთვის ცეცხლი არც ერთს არ მოეკიდებინა. ჯერ ბაალის მსახურებმა ილოცეს ბაალის წინაშე მთელი დღე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ წმ. ილიამ უფლის დანგრეული საკურთხეველი თორმეტი ქვით ამოაშენა და სამსხვერპლო მოზვერზე დიდძალი წყალი დაასხმევინა, დაიჩოქა და იაჰვეს წიანშე ილოცა. დაასრულა თუ არა წინასწარმეტყველმა ლოცვა, ზეციდან ელვასავით გადმოსულმა ცეცხლმა მიწიანად დანთქა მსხვერპლი, შეშა, ქვები, ამოაშრო წყალი. ახლა კი კვლავ ირწმუნა ხალხმა იაჰვე. ამის შემდეგ, წმ. ილია ავიდა მთაზე და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა, წვიმა მოევლინა. შვიდგზის ლოცვის შემდეგ მოვიდა ნანატრი წვიმა. ასე დასრულდა ისრაელში სამწლიანი გვალვა.

გამოხდა ხანი. ამ ხნის განმავლობაში მრავალი რამ მოხდა ისრაელში. დადგა ილია წინასწარმეტყველის გარდაცვალების დრო, მაგრამ ღმერთმა იგი ცეცხლოვანი ეტლით, ქარბორბალას დახმარებით ზეცაში ცოცხლად აიტაცა. მეორედ მოსვლის დროს იგი წმიდა ენოქთან (ასევე წინმასწარმეტყველი) ერთად იქადაგებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, რისთვისაც ორივეს მოკლავენ. წმიდა ილიამ (ელიამ) თავისი ხალენი (მოსასხამი) დედამიწაზე დატოვა. იგი საქართველოში 26 საუკუნის წინ მოსულმა ებრაელებმა მოიტანეს და სამარხოში საიდუმლოდ ინახავდნენ. სამარხო (სიწმინდეების შესანახი და სამალავია), სადაც ებრაელები ელიას ხალენს ინახავდნენ, მცხეთაში, ბაგინად წოდებულ მათ სალოცავში იყო. ხალენის საქართველოში არსებობა IV ს-ში გამჟღავნდა, როდესაც წმ. ნინო მცხეთაში მოვიდა. მართალია, ხალენის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი უფლის კვართთან ახლოსაა დაფლული.

ხალხის წარმოდგენით, ელია თითქოს ბრმა ხარაზია, რომელიც ეტლს დააქროლებს ცაში და სეტყვას უშენს სოფლებს; თითქოს ელიას ეშმაკი დაჰყვება და შეცდომაში შეჰყავს. ეშმაკს ელია “შეცდომაში“ რომ არ შეეყვანა, ხალხი ზარებს რეკდა, თოფებს ისროდა, რათა ელიას გაეგო, რომ ის ადგილი დასახლებული იყო და არ დაესეტყვა. ელიაობის ტრადიციული შესაწირავებია: თხა, ციკანი, იცოდნენ მამლების შეფრენაც, ეკლესიასა თუ სალოცავში მიჰქონდათ რიტუალური პურები.”

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბერიეთობა აღნიშნეს

$
0
0

ბერიეთობა 2 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბერიეთობა აღნიშნეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხვალასკურის მთის მიდამოებში მდებარეობს წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ბერიეთის დარბაზული ტიპის ტაძრის ნანგრევები, რომელიც კირითა და ქვით არის ნაშენები, თარიღდება დაახლოებით VII-VIII საუკუნეებით. ამ წმინდა ადგილას რამდენიმე ათეული წლის წინათ სოფელი მდებარეობდა, მას ბერიეთი რქმევია და ზეკრის ხეობისკენ მიმავალ გზასთან ახლოს ერთ–ერთი დასახლებული პუნქტი იყო. ის საკმაოდ დიდი და ჩამოყალიბებული სოფელი იქნებოდა, რაც დღევანდელი ნანგრევებით ჩანს, ისინი თითქმის მიწასთანაა გასწორებული.

აქ ძირითადი გავრცელებული გვარები ყოფილა: ბერიძე, გორგოძე და კოხოძე. ყოველი წლის 2 აგვისტოს ამ გვარის წამომადგენლების უმრავლესობა საგვარეულო წმინდა ადგილის მოსალოცად ზღვის დონიდან 800 მეტრზე ადის და რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავს. ბერიეთობა მიმდინარე წელს ბერიეთამდე მისასვლელი საავტომობილო გზა საქართველოს რაგბისტთა ეროვნული ნაკრების წევრის, მამუკა გორგოძის ფინანსური მხარდაჭერით შეკეთდა.

ბერიეთობის ტრადიციულ დღესასწაულს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები დაესწრნენ, ასევე – ბაღდათის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო, ეთნოკულტურული და ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორი – ნინო კვირიკაძე, ამერიკელი მოხალისე „მშვიდობის კორპუსი“-დან რაიან ჰასკელი. ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი – გოჩა ხორავა, ელია წინასწარმეტყველის სახელობის ბერიეთის მონასტრის წინამძღვარი – მამა ეფრემი, გეოგრაფიის აკადემური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

ბერიეთის ტაძრის მოსალოცად მისულ ჯგუფს მეგზურობა გაუწია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელმა, ისტორიის დოქტორმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლების გადარჩენის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მარუაშვილმა.

ბერიეთობა

ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავი საიუბილეო ღონისძიებებით აღინიშნება

$
0
0

ნიკორწმინდა ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავი 6-7 აგვისტოს რაჭაში საიუბილეო ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დაესწრება.

ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმსახურის, იღუმენ დიონისე ბორძიკულის თქმით, ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლის საიუბილეო თარიღი 2014 წელს შესრულდა, თუმცა ასე მასშტაბურად აღნიშვნა მაშინ ვერ მოხერხდა.

საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, 6 აგვისტოს, 10:00 საათზე, ამბროლაურში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის გახსნა მოხდება. 14:00 საათზე კი ახალნაკურთხ ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მცირე პარაკლისს გადაიხდის. იმავე დღეს, 18:00 საათზე ამბროლაურის კულტურის სახლში გამოფენა გაიხსნება, რომელიც რაჭაში მოღვაწე სასულიერო პირებს მიეძღვნება.

„მნიშვნელოვანი საარქივო ფოტოების გამოფენა მოხდება. ასევე ქუთაისის მუზეუმში დაცული რაჭული ექსპონატების ფოტომასალა გამოიფინება, რომელსაც პატრიარქი გახსნის. გამოფენაზე ნიკორწმინდა ნიკორწმინდის მიმდებარედ ამავე სახელობის მშენებარე მონასტრისა და საეპისკოპოსო რეზიდენციის პროექტის პრეზენტაცია მოხდება“, – აღნიშნა მამა დიონისემ.

ნიკორწმინდის ტაძრის იუბილესთან დაკავშირებით 7 აგვისტოს, 10:00 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქი ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო წირვას წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. წირვაზე დასასწრებად მიწვეულია პრემიერ მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად.

14:00 საათზე, სოფელ ნიკორწმინდის მიმდებარედ ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსისა და რეზიდენციისთვის ადგილის კურთხევა მოხდება. 18:00 საათზე, რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაციაა დაგეგმილი. 19:00 საათზე კი ამბროლაურის რაიონის №2 სკოლის ეზოში ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად ნიკოლოზ რაჭველი წარმოშობით რაჭველ საოპერო მომღერლებთან, მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად კონცერტს გამართავს. მათ შორის იქნება სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, ანსამბლი „შვიდკაცა“, ასევე, ნანი ბრეგვაძე, თამარ ჭოხონელიძე, ანიტა რაჭველიშვილი, გია გაგნიძე, თეონა დვალი, ანზორ ხიდაშელი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, და სხვები.

წმიდა ილარიონ თუალელი (XI)

$
0
0

ახალი სტილით 6 აგვისტო ღირსი წმიდა ილარიონ თუალელის (XI) ხსენების დღეა

ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა წმიდა ილარიონ თუალელი და მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი ყოფილა. გიორგი მცირე (XI ს.) „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ წერს, რომ წმიდა ილარიონი იყო „უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოღვაწებათა შინა განთქმული“. ილარიონი „ვითარცა მთიები ბრწყინავდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღუაწებათა წარმოთქუმაჲ შეუძლებელ არს“.

ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. „ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთად უწყის და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანაწარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა“. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქის მახლობლად მდებარე თუალის მონასტრიდან.

წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი და მანვე ჩაუნერგა ეს სიწმიდე და სიბრძნე, რითაც გიორგიმ დაატკბო საქართველოს ეკლესია. მიხეილ საბინინის (1845-1900) ცნობით, ღირსი ილარიონი გარდაიცვალა 1041 წელს.

“ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი”, თბილისი, 2004 წ.

ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე

$
0
0

პატრიარქი ნიკორწმინდაში

ქართული ხუროთმოძღვრების შედევრის ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

პატრიარქმა ქართველ ერს წმინდა ტაძრის 1000 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ნიკორწმინდა არის მაგალითი მთელი საქართველოსთვის.

“მოხარული ვართ, რომ ამ ისტორიულ დღეს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მივესალმები მას. გისურვებთ ის გეგმები, კეთილი ზრახვები, რაც დასახული გაქვთ, წმინდა ნიკოლოზის ლოცვით შესრულდეს. ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!” – განაცხადა ილია მეორემ.

ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავი მიულოცა სრულიად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

“მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ამ უდიდესი ტაძრის, მართლაც ყველა ჩვენგანის სიამაყის, ნიკორწმინდის 1000 წლისთავი. ეს საქართველოში მართლაც ძლიერების სიმბოლოა, გამორჩეული არქიტექტურით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. მინდა, რაჭას და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღესასწაული და ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და უკეთესი ხვალინდელი დღე!”- აღნიშნა პრემიერმა.

მანვე ბოდიში მოუხადა მოსახლეობას საგზაო შეფერხებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო. ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ნიკორწმინდასთან მისასვლელი გზის გადაკეტვა მის სტუმრობას არ უკავშირდება და მას მსგავსი ბრძანება არ გაუცია.

“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო რაჭის მოსახლეობას იმიტომ, რომ გზა იყო გადაკეტილი, ჩემი მიზეზის გამო აბსოლუტურად არა, მაგრამ რატომღაც ვიღაცებს უთხრეს, რომ პრემიერის გამოა გადაკეტილიო. ვისაც შეექმნა უხერხულობა, ყველას ბოდიშს ვუხდი ამის გამო. არასდროს მე ასეთი ბრძანება არ გამიცია.

საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ტურიზმის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, სოფელ ნიკორწმინდაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოები მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის-ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციას, მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და გზის რეაბილიტაციას. ასევე გათვალისწინებულია: ცენტრალური მოედნისა და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობის რეაბილიტაცია და ჭიშკრების მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა, სუვენირების მაღაზიის მშენებლობა, მაღაზიების ფასადების რეკონსტრუქცია და პარკინგის მშენებლობა.

ნიკორწმინდის შემდეგ, პატრიარქმა ამბროლაურში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აკურთხა.

”ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა კიდევ ერთი ტაძრის აშენების. მე მინდა შევთხოვო უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”, -აღნიშნა უწმიდესმა.

წმიდა დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი

$
0
0

წმიდა პანტელეიმონის ხსენების დღე 9 აგვისტოა

წმიდა პანტელეიმონი ქალაქ ნიკომიდიაში ცნობილ და მდიდარ ოჯახში დაიბადა. მამამისი – ევსტორგი წარმართი იყო, დედა, წმიდა ევბულე კი – ქრისტიანი.

მკურნალი პანტელეიმონიმომავალ მკურნალს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, ასე რომ, ბავშვი უნებურად მამის სარწმუნოებრივ ცდომილებას იზიარებდა და თაყვანს სცემდა კერპებს.

მამამ პანტელეიმონი განათლების მისაღებად ჯერ გრამატიკის სკოლაში მიიყვანა, შემდეგ კი ცნობილ ექიმს – ევფროსინს მიაბარა საექიმო ხელოვნების შესასწავლად. ყმაწვილი საოცრად ნიჭიერი აღმოჩნდა. სულ მალე იგი არა მხოლოდ თავის თანატოლებს აღემატა ცოდნით, არამედ თვით საკუთარ მასწავლებლებსაც გაუტოლდა. ამას გარდა, პანტელეიმონი არაჩვეულებრივი მჭერმეტყველებითა და ფიზიკური სილამაზითაც გამოირჩეოდა. მისით თვით მეფე, ქრისტიანთა მრისხანე მდევნელი დაინტერესდა და ჭაბუკი სამეფო კარზე აღაზევა.

ქრისტესადმი რწმენა ჭაბუკს სრულიად განუმტკიცდა ერთ-ერთი სასწაულის შემდეგ. ერთ დღეს შინ მიმავალი პანტელეონი წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც გველს დაეკბინა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეშინდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, მოეხმო იმ ღმერთისთვის, რომელსაც ადგილობრივი პრესვიტერი ერმოლეოსი უქადაგებდა. თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: “უფალო იესო ქრისტე, მე არა ვარ ღირსი შენი მოხმობისა, მაგრამ თუკი გსურს შენი მონა გავხდე, მაჩვენე შენი ძალა და მოხდეს ისე, რომ შენი სახელით ეს ბავშვი გაცოცხლდეს, გველი კი მოკვდეს”. ამ სიტყვებზე ყრმა თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი განსკდა და მოკვდა. “მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისაჲ:” მადლობა შესწირა ღმერთს, მყისვე გაეშურა ერმოლაოზისკენ, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა, მოენათლა. წმიდა ხუცესმაც ნათელსცა ნეტარს.

ამის შემდეგ პანტელეონმა მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით წარმართული ღვთაებების რწმენა შეურყია მშობელს. მას შემდეგ კი, რაც მან მაცხოვრის სახელის მოხმობით თვალი აუხილა ბრმას, რომელსაც ქალაქის ყველაზე დახელოვნებულმა ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს, ევსტორგიოსმა საკუთარი ხელით შემუსრა ცრუღმერთების ქანდაკებები, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა.

მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ჰმსახურებდა “ხელითა თვისითა”, ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა. “შეიშურეს მკურნალთა სხუათა საქმეჲ იგი მისი” და მიზეზს ეძებდნენ ნეტარის დასაღუპად. ბოლოს, დაბოღმილებმა, მაქსიმიანეს აუწყეს: შენი რჩეული “ჰკურნებს… მათ, რომელნი ღმერთთა აგინებენ და მისცემს საზრდელს და განდგომილ არს იგი მსახურებისაგან ღმერთთაჲსა”, და თუ დროზე არ შეაჩერებ მას, კიდევ ბევრს გარდააქცევს მამა-პაპათა სჯულიდანო. მეფემ მოაყვანინა პანტელეონი და ბრალდების გაქარწყლება მოსთხოვა, წმიდანმა კი აღიარა თავისი სარწმუნოება და თვითმპყრობელის თვალწინ ქრისტეს სახელის მოხმობით განრღვეული განკურნა.

განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი. მაშინ იგი საშინლად აწამეს: ხეზე დაჰკიდეს, რკინის სამთითებით “ხუეტეს” და “დაბძარეს” ხორცი მისი, ანთებული ლამპრებით დაუდაღეს სხეული, ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდგამობმული ზღვაში მოისროლეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, დიდი ურმის თვალზე დააკრეს და მაღლიდან დააქანეს, რომ ნაკუწ-ნაკუწ დაჭრილიყო, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე უფლისავე ძალით სრულიად უვნებელი გამოვიდა სატანჯველიდან. ამის შემდეგ სამსჯავროს წინაშე წარადგინეს წმიდანის მოძღვარი – ერმოლაოზი, მასთან ერთად ხუცესნი: ერმიპე და ერმოკრატე და ჭეშმარიტების აღსარებისთვის სიკვდილით დასაჯეს (იხ. 26 ივლისის საკითხავი), პანტელეონს კი უთხრეს: “აჰა, ეგერა, მოძღუართა შენთა აღიარეს ღმერთთა უფლებაჲ”, უზორეს მათ და ახლა სასახლეში პატივით იმყოფებიანო. ქრისტეს მარტვილმა მიუგო: კარგად ვუწყი, რომ “წმიდანი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტჱსსა”.

გონდაკარგულმა მაქსიმიანემ კვლავ “ტანჯა იგი სატანჯველითა მრავლითა”, შემდეგ კი მსახურებს მისი მოკვდინება და ცეცხლში დაწვა უბრძანა. ჯალათებმა ქალაქიდან ნეტარი გაიყვანეს “ადგილსა მას, სადა-იგი სათნო-უჩნდა უფალსა აღსრულებაჲ წმიდისაჲ მის” და ზეთისხილის ხეებქვეშ დააყენეს. ერთმა მხედარმა მახვილი ჩასცა უფლის სათნომყოფელს, მაგრამ ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა, წმიდანს კი “არარაჲ ევნო”. სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მარტვილს სთხოვეს, უფლისგან ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა მათთვის. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა ნეტარს და ამცნო: “ამიერითგან არღარა გეწოდოს შენ სახელი პანტელეონ, არამედ პანტელეიმონ იყოს სახელი შენი, რომელ არს: ყოველთა მოწყალეთაჲ, რამეთუ იყავ ყოველთა კაცთა მოწყალე, და შენ იყავ ნავთ-საყუდელ მყუდრო, რომელნი მოივლტოდიან შენდა, და ჭირვეულთა შემწე და განწირულთა ჴელის ამპყრობელ და ბოროტთა სულთა განმდევნელ”. მეომრებმა უარი თქვეს პანტელეიმონის მოკვდინებაზე, მაგრამ წმიდანმა ისინი აიძულა, გაეკეთებინათ ეს. მეომრებმა სხეული დაუკოცნეს მას და შენდობა სთხოვეს. სემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა თავი მოკვეთა წმიდა მკურნალს და სისხლის მაგივრად მოულოდნელად რძე წამოვიდა, ზეთისხილის ხე კი, რომელზეც მიბმული იყო პანტელეიმონი, მეყსეულად ნაყოფით დაიხუნძლა. ამის გამო მრავალმა ირწმუნა იესო ქრისტე. ცეცხლში ჩაგდებული წმიდანის სხეული უვნებელი დარჩა და იგი იქვე პატივით მიაბარეს მიწას.

წმ. მოწამე არა მხოლოდ სიცოცხლეში აღასრულებდა სასწაულებს, არამედ სიკვდილის შემდგომაც კურნავს ავადმყოფებს და მეოხია ყველასი, ვინც სარწმუნოებით მოუხმობს მის სახელს.

თბილისში ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს შენობაში პატარა ეკლესიაა, სადაც წმიდა პანტელეიმონ მკურნალის ხატს მირონი სდის, რომლის ცხებითაც სასწაულებრივად განიკურნა უამრავი ადამიანი. ასევე შეიძლება მირონის დალევაც, რომელსაც არაამქვეყნიური გემო აქვს და მისი ძალით უამრავი ადამიანი გამოჯანმრთელებულა.

დავით დანელია


წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელის ცხოვრება

$
0
0

ახალი სტილით 11 აგვისტო წმიდა ევსტათი მცხეთელის ხსენების დღეა

ჯვარი ხვასრო მეფის მეფობის მეათე წელსა და არვანდ გუშნასპირის მარზპანობისას, ქართლში სპარსეთიდან, სოფელ არშაკეთიდან მოვიდა 30 წლის წარმართი კაცი, სახელად გვინობანდაკ. იგი მცხეთაში დასახლდა, სწავლობდა მეხამლეობას. შეიყვარა ქრისტიანობა და ირწმუნა ქრისტე. მეხამლეობის შესწავლისთანავე ცოლად ითხოვა ქრისტიანი და თვითონაც გაქრისტიანდა. გვინობანდაკს ნათლისცემის სახელად ევსტათი უწოდეს.

ერთ დღეს, მცხეთაში მცხოვრებმა სპარსმა ხელოსნებმა ერთად მოიყარეს თავი მაზდეანური დღესასწაულის აღსანიშნავად და ამ ზეიმზე ევსტათიც მიიწვიეს.,,თქვენი ტოზიკიცა ბნელ არს და თქვენ, მეტოზიკენიცა, ბნელ ხართ. ხოლო მე ქრისტეის ბეჭედი მომიღებიეს და ქრისტეის ტოზიკსა ვტოზიკობ, რამეთუ ქრისტეის ბეჭდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორეგულ ვარ,’’’გამოუცხადა ევსტათიმ თანამემამულეებს მათ ზეიმში მონაწილეობის მიღებაზე.

ამ სიტყვების შემდეგ სპარსი ხელოსნები შეიკრიბნენ და ევსტათი უსტამ ციხის ერისთავთან დააბეზღეს, რომელიც თავდაპირველად დაბრკოლდა, შემდეგ კი განიზრახა წარმსდგარიყო მასთან და ცხადად ეღიარებინა ქრისტე, რადგან სმენოდა წმინდა ევენგელესაგან, ,,რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა, და რომელმან უარ მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა”. ევსტათიმ გადაიწერა პირჯვარი, გულში კი თქვა: ,,უფალი ჩემ თანა.

ციხისთავ უსტამს ევსტათიმ მოახსენა თავისი სოფლის, ქალაქის შესახებ. ამცნო ისიც, რომ იგი თავდაპირველად მოგვი იყო და მამაც მოგვობას ასწავლიდა. თუმცა, განძაკში მყოფი ქრისტიანი მღვდლები და ეპისკოპოსები დაეხმარნენ ქრისტიანული რჯულის შეცნობაში და დაიწყო მის გულში სარწმუნოებრივი დუღილი და ჭეშმარიტების ძიება. უსტამმა ურჩია ევსტათის, მშვიდად მიეტოვებინა არჩეული გზა, წინააღმდეგ შემეთვევაში დიდი ტანჯვა გადახდებოდა, რადგან ქრისტეს მსახურად ყოფნას არავინ მიუტევებდა. ევსტათი კი ქრისტეს სიყვარულისთვის არა მარტო ტანჯვისთვის, არამედ სიკვდილისთვისაც კი მზად იყო.

ევსტათისაგან უარის მიღების შემდეგ ციხისთავმა იგი თბილისში, ქართლის მარზპანთან (მმართველთან), არვანდ გუშნასპთან გააგზავნა, რომელსაც ხელეწიფებოდა სასიკვდილო განაჩენის გამოტანა. ციხისთავმა ევსტათისთან ერთად მარზპანთან მცხეთაში მცხოვრები ის შვიდი სპარსი გააგზავნა, რომლებიც, ევსტათის მსგავსად, ქრისტიანულ წესზე იყვნენ მონათლულები.

არვანდ გუშნასპმა ქრისტიან სპარსელებს შესათავაზა, დაუყოვნებლივ დაბრუნებოდნენ მამაპაპეულ სარწმუნოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასტიკი სასჯელით ემუქრებოდა მათ. „მამულსა-ღა ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული ვიცოდით, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტიანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმნენით და აწ ქრისტეანე ვართ, რამეთუ ქრისტეანეთა რჩული წმიდა და სურნელ არს და ფრიად კეთილ და შუენიერ არს, ხოლო სხუაჲ რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტეანეთასა“. ორი მათგანი კი გამდიდრებისა და საპყრობილედან გათავისუფლების სანაცვლოდ გატყდა და უარყო ქრისტიანობა; დანარჩენები, მათ შორის ევსტათი, მტკიცედ დახვდნენ ამ განსაცდელს. არვანდმა ბრძანა, ბორკილები დაედოთ ურჩებისათვის და ციხეში დაემწყვდიათ ისინი.

ექვსი თვის შემდეგ, როდესაც არვანდი სპარსეთში მიემგზავრებოდა სპარსეთის ხელმწიფესთან, მასთან გამოსათხოვრად შეკრებილმა ქართლის დიდებულმა აზნაურებმა და სამოელ ქართლის კათალიკოსმა არვანდ გუშნასპს ტყვეების– ქრისტიანობამიღებული მცხეთელი სპარსელების გათავისუფლება სთხოვეს, რაზედაც მარზპანისაგან თანხმობა მიიღეს.

სამი წლის შემდეგ ქართლის მარზპანი ვეჟან ბუზმირი გახდა. მცხეთელი სპარსელების მიერ ევსტათი მასთანაც იქნა დაბეზღებული. ვეჟან ბუზმირმა ორი მხედარი გაგზავნა ახლადგაქრისტიანებული ევსტათისა და სტეფანეს ჩამოსაყვანად. ევსტათი სათითაოდ გამოემშვიდობა ოჯახის წევრებს, შეამზადა ისინი, რომ მალე მათგან განშორებული იქნებოდა, რადგან იგი ქრისტიანობას არ უარყოფდა, ცოცხალს კი აღარავინ ამყოფებდა.

ატირებული სახლეული და ნათესავები უკან მოტიროდნენ თბილისს წამოსულ ევსტათის და სტეფანეს. მცხეთის ჯვართან მისულმა ევსტათიმ კი ხელები აღაპყრო, თქვა: ,,უფალო ღმერთო იესუ ქრისტე! უკეთუ ღირს მყო მე სიკვდილსა სახელისა შენისათვის ქრისტეანებით, ხორცთა ჩემთა ნუ ჯერ გიჩნს განგდებაი გარე და შეჭმაი ძაღლთაი და მფრინველთა ცისათაი, არამედ ხორცთა ჩემთაი ბრძანე აქავე მოქცევაი და მართვაი მცხეთას, სადაცა ნათელ მიღებიეს’’ ემთხვია ჯვარს და თბილისისკენ გამოემართა.

ვეჟან ბუზმირმა მალევე გაუშვა სტეფანე, რადგან გაირკვა, რომ იგი ქრისტიანი დედ-მამის შვილი იყო. ევსტათის კი უბრძანა, მოეყოლა მისთვის თავისი წარმომავლობისა და აღმსარებლობის შესახებ. ევსტათიმ აუწყა მარზპანს, რომ ჯერ კიდევ სპარსეთში, მშობლიურ ქალაქში ყოფნისას შეიყვარა იესო და მისი მოძღვრება, რომლის შესახებაც მან სამოელ არქიდიაკონისაგან შეიტყო.

მარზპანმა შესთავაზა ევსტათის, დაბრუნებოდა მაზდეანობას – მამაპაპეულ სარწმუნოებას, მაგრამ მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ ევსტათის ვერც შეშინებით, ვერც კარგის დაპირებით შეაცვლევინებდა აზრს, მსახურს უბრძანა საპყრობილეში წაეყვანათ და ჩუმად მოეკვეთათ თავი, რადგან ქრისტიანებს არ შეეტყოთ და პატივი არ ეცათ მისთვის. სიკვდილისწინა ლოცვის დროს ევსტათიმ ყოვლის მპყრობელ უფალ ღმერთს შესთხოვა, რომ მისი გვამი მცხეთის მიწას დაბრუნებოდა დასამარხად. ამის პასუხად ზეციდან მოისმა ხმა, რომელიც ევსტათის მისი უკანასკნელი სურვილის ასრულებას დაპირდა.

მსახურებმა მახვილი სცეს ევსტათის პატიოსან ქედს და წარჰკვეთეს თავი. მისი გვამი ღამით გარეთ გაიტანეს და დააგდეს. ქრისტიანებმა კი მალულად წაასვენეს ევსტათის ცხედარი მცხეთას, წმინდა სამოელ კათალიკოსმა პატივითა და დიდებით დაკრძალა იგი სვეტიცხოველში.

წმინდა ევსტათის წამების თარიღად ი. ჯავახიშვილი და ა. ჰარნაკი 544-545 წელს მიიჩნევენ; კ. კეკელიძე კი თვლის, რომ წმ. ევსტათი აწამეს არაუადრეს 551 წლისა. მისი აქ მოსვლა გამოწვეული უნდა ყოფილიყო ქრისტიანთა წინააღმდეგ ატეხილი იმ დევნულობით, რომელიც მოგვებმა სპარსეთში ატეხეს, რის გამოც ქრისტიანები მიმოდაბნეულან და თავი სხვადასხვა ქვეყანაში შეუფარებიათ. შესაძლებელია გვინობანდაკი ჯერ კიდევ მოუნათლავი, მაგრამ რწმენით ქრისტიანი, ამ დევნულობისგან არც თავისთვის მოელოდა კარგს, ამიტომ გამოქცეულა შორეულ მცხეთაში, -საქრისტიანო ქვეყანაში, სადაც მას, მისი ფიქრით, იმდენად არ იცნობდნენ და ვერც იმდენად მიაქცევდნენ ყურადღებას, რამდენადაც მის სამშობლოში.

,,ევსტათი მცხეთელის მარტვილობა’’– ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომლის დაწერის დროისა და ავტორის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია. კ. კეკელიძის თანახმად, თხზულება დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს VI საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისისა, მონოფიზიტობის მიმდევარი მცხეთელი ქართველის მიერ; ივ. ჯავახიშვილი და ა. ჰარნაკი მიიჩნევენ, რომ ავტორი თხზულებისა არის ევსტათის თანამედროვე გაქრისტიანებული სპარსელი. დაწერის თარიღად ა. ჰარნაკი მიიჩნევს VI საუკუნის უკანასკნელ წლებს. ივ. ჯავახიშვილის აზრით, თხზულების თავდაპირველი რედაქცია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, მეექვსე საუკუნის დასასრულსა თუ მეშვიდე საუკუნის დამდეგს შეიცვალა და დღევანდელი სახე მიიღო.
თხზულების უძველესი, ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერი ეკუთვნის X –თუ – XI საუკუნის დამდეგს. გარდა ამისა, ცნობილია ანტონ კათალიკოსის მიერ შექმნილი მეტაფრასული რედაქცია (1768-69) და 2 სვინაქსარული რედაქცია (XVIII სს.).

წმიდა ევსტათი მცხეთელი
ტროპარი:
ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მტავარო ევსტათ, ძით და მეუღლით შენით მეოხ-გუეყავნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.

კონდაკი:
მტკიცედ მოიგო კეთილმდგომარეობისა სახელწოდებაი უძლეველმან მოწამემან ევსტათი, რომლითა სიმხნით ეკვეთა სპარაზენტა უხილავტა მრძოლთასა და ყოვლითურთ შემუსრა სიმტკიცენი მათნი, ეჰა გამოუთქმელთა მათ განაგებისა საღმრთოთა კავშიურთა, რამეთუ ესე ვითარი საფასე სიმხნისა სათნო იყოფის დადებად კეცის ჭურთა შინა მხოლოსა მის მიერ მეცნიერისა დაფარულთასა.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

წმიდა ცოტნე დადიანი

$
0
0

წმიდანის ხსნების დღე 12 აგვისტოა.

ცოტნე დადიანის რწმენა, სიყვარული და თავდადება თითოეული ქართველისთვის გმირობისა და ერთგულების მაგალითია. ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი XIII საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ცოტნე დადიანითამარის მმართველობის ოქროს ხანის შემდგომ, ქვეყანას უმძიმესი ჟამი დაუდგა. ის მონღოლთა ბატონობის უღელქვეშ იტანჯებოდა. მონღოლებმა აღწერეს 11-დან 60 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი. ყოველგვარი პირუტყვი, ყანა, ბაღი, ბოსტანი, ვენახი და ყველაფერზე ცალ-ცალკე დიდი გადასახადი დააწესეს. ყაენმა ფულადი სახით 50 ათასი ოქროს გადახდაც მოითხოვა. დაწესდა სამხედრო ბეგარაც, რაც ყოველწლიურად მრავალი ათასი ქართველი ჭაბუკის მონღოლთა ომებში მონაწილეობას ითვალისწინებდა.

მონღოლტა ბატონობა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ქართველობა მაინც არ გატყდა. ქვეყნის ერისთავები კოხტასთავზე შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს. დათქვეს დრო, როცა თავიანთი ჯარებით ჯავახეთში შეგროვდებოდნენ და მტერს ეკვეთებოდნენ. კოხტასთავიდან ყველაზე ადრე ცოტნე დადიანი და კახაბერ კახაბერის ძე გამოემგზავრნენ, რათა დასავლეთ საქართველოში დროულად შეეკრიბათ ლაშქარი და ჯავახეთში გადაეყვანათ. შეთქმულები მოღალატემ გასცა… თათრები ქართველ დიდებულებს თავს დაესხნენ, შეიპყრეს და სომეხთა ქალაქ ანისში წაიყვანეს.

შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ. მონღოლებმა კი მათ არ დაუჯერეს: მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს. ასეთი დამამცირებელი სასჯელით ცდილობდა მტერი შეთქმულების მხილებას.

ცოტნე დადიანი დათქმულ დროს თავისი ლაშქრით გამოცხადდა და როდესაც შეიტყო თავზარდამცემი ამბავი, “მწუხარე იქმნა უზომოდ,” ჯარი უკან გააბრუნა, თავად კი იქ გაემგზავრა, სადაც დატყვევებული წარჩინებულები ჰყავდა მტერს. ანისში, სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეების ხილვისას, ცოტნე ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა და გვერდით მიუჯდა მათ. გაკვირვებულმა მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. “ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ – ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო”, – უპასუხა ცოტნემ. მისმა საქციელმა მონღოლებიც კი შეძრა და გააოცა. “ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ”, – უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.

საყურადღებოა, რომ ცოტნე დადიანი თავისი ფეხით ეახლა დაუნდობელ მტერს, ალბათ, მას რწმენაც ჰქონდა, რომ მოხდებოდა ის, რაც მოხდა და თავისი გაბედულებით იხსნიდა თანამოძმეებს. ამგვარი რწმენაც ხომ ღვთისგან რჩეულ ადამიანებს ეძლევათ.

1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

ცოტნე დადიანს ქართველი ერი ყოველთვის წმიდანის ტოლფას პატივს მიაგებდა. მისი გმირობა ყოველთვის იყო მაგალითი -სარწმუნოების სიყვარულისა. 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმიდანად შერაცხა.

ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზეა გამოსახული.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

“მარიამობის მარხვაში ღვთისმშობელს უნდა მივემსგავსოთ”

$
0
0

14 აგვისტოს მარიამობის მარხვა იწყება. ეს მარხვა უძველესი დროიდან იღებს სათავეს.

მარიამობის მარხვაწმ. სიმეონ თესალონიკელი ამბობს: “აგვისტოში მარხვა დაწესებულია ღვთის სიტყვის ლოგოსის დედის საპატივსაცემოდ, რომელმაც უწყოდა რა ჟამი თვისი განსვენებისა, იღვწოდა და მარხულობდა ჩვენთვის, თუმცა თავად მყოფი წმიდა და შეუმწიკვლელი, ამას არ საჭიროებდა. ის ლოცულობდა ჩვენთვის, როდესაც აპირებდა წუთისოფლიდან მარადისობაში გადასვლას, და მისი ნეტარი სული უნდა შეერთებულიყო მის ღვთაებრივ ძეს. ამიტომაც ჩვენ უნდა ვმარხულობდეთ და განვადიდებდეთ მას, ვბაძავდეთ მის ცხოვრებას, რათა ამით აღვძრათ ის ჩვენთვის ლოცვისა და მეოხებისათვის”.

ყოვლადწმიდა დედა ღვთისა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისგან ნაზარეთში იშვა. ქალაქში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი, იერუსალიმთან კი სამი დღის სავალი აშორებდა.

ნაზარეთში ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი – იოაკიმე და ანა ცხოვრობდა. იოაკიმე იუდას სამეფოს ტომის შთამომავალი იყო, ხოლო ანა – აარონის ტომის ღვთისმსახურის, მატთანის უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა – მარიამი, სოფიო და ანა. სოფიოს ასული ელისაბედი იოანე ნათლიმცემლის დედა გახლდათ. იოაკიმე და ანა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც წმიდა გულით იცავდნენ. ამგვარად მიაღწიეს ღრმა სიბერემდე. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულითა და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ.
ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა. იმდროინდელი წარმოდგენით, უშვილობა შეურაცხმყოფლად და უდიდეს სასჯელად ითვლებოდა. ეს მით უფრო სამწუხარო გახლდათ, რომ დავითის შთამომავლებს ჰქონდათ იმედი, აღთქმული მესიის შობით კაცობრიობის ხსნის იარაღად უნდა ქცეულიყვნენ.

იოაკიმესა და ანას ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა. მათ უშვილობას აყვედრებდნენ. კანონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მართალ ადამიანს უყვარდა ანა და პატივს სცემდა, ამიტომ მასთან განშორება არ სურდა. გულში ჩაკლული მწუხარებით ისინი ერთად უმკლავდებოდნენ განსაცდელს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას. არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალი შეიწყალებდა მათ.

დიდ დღესასწაულებზე ჩვეულებად ჰქონდათ, რომ იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა დააყვედრა და უთხრა: “უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა”- ო. სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს: “შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ, რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი”.

იოაკიმესათვის ძნელი იყო ამგვარი ყვედრების სახალხოდ მოსმენა და სახლში დაბრუნების ნაცვლად უდაბნოში წავიდა. 40 დღე და 40 ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა.

როდესაც ქმრის შეურაცხოფის ამბავი გაიგო, ანა უნუგეშოდ ატირდა და მაცხოვარს შეევედრა: “უბედური მხოლოდ მე ვარ”, – მოთქვამდა იგი, – “ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო, მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!”

უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარსდგა და უთხრა: “ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს.”

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი გახლდათ დავითის ტომიდან, რომელიც იმჟამად დამცირებული და ყოველგვარ ბრწყინვალებას მოკლებული იყო. ყოველგვარი მიწიერი უპირატესობა გაფერმკრთალდა უხილავი დიდების შუქზე, რაც კი მრავალი საუკუნით ადრე ამზადებდა უფლის დედის შობას.

ექვსი თვის მარიამი დედამ გამოსაცდელად მიწაზე დააყენა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს არ დაადგმევინებდა.

როცა მარიამი ერთი წლის გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა. მან მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულები.

სამი წლის მარიამი მშობლებმა, აღთქმისამებრ, ტაძარში მიიყვანეს. უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე. მღვდელმთავარმა მარიამი მკერდში ჩაიკრა, საკურთხეველში შეიყვანა და დალოცა. უზენაესმა თავისი მადლი დაჰფინა ბავშვს. იგი აღარ გატირებია შინისაკენ გაბრუნებულ მშობლებს.

ცხოვრობდა ტაძარში ქალწული, როგორც მტრედი და ანგელოზის ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით, საპატრონოდ მოხუც ქვრივს არ ჩააბარეს.

მარიამობის მარხვის შესახებ “ამბიონს” კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის დეკანოზი დავით ციცქიშვილი ესაუბრა:

“თავდაპირველად მარიამობის მარხვა დაფიქსირებული არ იყო, როგორც ორკვირიანი, თუმცა შემდეგ საზღვრებში მოექცა.

მარიამობის მარხვაში ფერისცვალების დღესასწაულია, რაც ადამიანს სულიერი ფერისცვალებისკენ უბიძგებს და მარიამობასთან შესახვედრად ამზადებს.

მარიამობის მარხვა აგრეთვე ადამიანს მოუწოდებს, მიემსგავსოს ღვთისმშობელს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ლოცვასა და მარხვაში გაატარა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ღვთისმშობელს ვერ შევედრებით, მაგრამ შესაძლოა ეს იყოს მაგალითი ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ამ მარხვასთან დაკავშირებით სწორედ აღნიშნული ორი შინაარსობრივი მომენტი გამოიყოფა.

მარხვა მეტად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.

პირველი მარხვა ჯერ კიდევ სამოთხეში დაწესდა. ცნობილი ქრისტიანული დაშვებაა, რომ როდესაც ღმერთმა ადამს აუკრძალა, მიეღო ერთ-ერთი ხიდან ნაყოფი, ყველამ ვიცით, რომ ეშმაკის ზეწოლითა და ევას ზემოქმედებით მან აკრძალული ხილი იგემა და მარხვა დაარღვია.

უნდა ითქვას, რომ მარხვა, გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანის ნებისყოფის გამოვლენაა.
სახარებაში წერია: “სასუფეველი ღმრთისაი იიძულების”. ქრისტიანულ ცხოვრებაში ასეთ გამოვლინებებს, ნებისყოფას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ღმერთთან მისვლა რომ მხოლოდ სიამოვნებებით ხდებოდეს, მაშინ ყველა მივიდოდა. ზოგჯერ ადამიანს ლოცვის განწყობა არ აქვს, ეზარება, დაღლილია, მაგრამ მაინც ლოცულობს. ასე რომ, იძულების მომენტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მარხვა თითქოს ჩვენი ნებისყოფის წრთობაა და მიუთითებს, რომ თუ საკვების მიღებაზე ადამიანს თავის შეკავება არ შეუძლია, მაშინ სხვა რაში გამოიჩენს ნებისყოფას? ამ შემთხვევაში ადამიანის პიროვნული სიძლიერე დაკნინებულია.

მარხვას, ადამიანის მხრიდან, ნებელობითი აქტის გამოვლინების დატვირთვა აქვს და ორი ასპექტი გააჩნია – ფიზიკური და სულიერი. ფიზიკური მარხვა საზრდელისგან გარკვეულ თავშეკავებას გულისხმობს. პიროვნება თავისი სულიერი განვითარების მიხედვით საზღვრავს მარხვის სიმკაცრეს.

გაცილებით მნიშვნელოვანია მარხვის სულიერი ასპექტი, რაც გულისხმობს თავშეკავებას სანახაობებისგან, ჩხუბისგან, ბილწი ფიქრებისგან.

მართლმადიდებელმა მამებმა შემოსაზღვრეს დრო, რადგან იმ მომენტში უფრო მეტად გაეკონტროლებინათ ადამიანებს თავი, სულიერად მოქცეულიყვნენ და ეცხოვრათ.

როდესაც სწორად იწრთობა ადამიანი, ეს სულიერი მომენტი მარხვის შემდგომ პერიოდშიც გადაჰყვება ხოლმე მას. ნელ-ნელა ვითარდება ადამიანის სულიერი მონაცემი და ჭეშმარიტი მარხვის განწყობა ნარჩუნდება ხსნილშიც.

საინტერესო ფსიქოთერაპიული მომენტია, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ თამბაქოს თავი უნდა დანებოს და შეიძლება შემოუსაზღვრო მხოლოდ ერთი კვირა, სცადოს მისგან თავშეკავება და არა მთელი ცხოვრება. ამ დროს თითქოს უფრო ადვილია რაღაცის დაძლევა…და შემდეგ უკვე ბუნებრივად ვრცელდება უფრო დიდ პერიოდზე.

მარხვა – ეს ხელოვნებაა. ყოველ მარხვაში რაღაცით უნდა წარემატოს ადამიანი. შეიძლება დიდი არა, მაგრამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას წინ. უფრო ნაკლებად უყუროს ტელევიზორს, მეტად ილოცოს. ამას ზოგჯერ შინაგანი ხმა გეუბნება, თუ როგორ გაამკაცრო მარხვა.

როცა უფალთან საღი ურთიერთობა გაქვს, გაგრძნობინებს, თუ როგორ გააუმჯობესო მარხვა.

მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა, რომელიც მუდმივ ზრდას გულისხმობს. მარხვაში ზრდის მომენტი აუცილებელია”.

მარიამობის მარხვა 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მთავრდება.

ქეთი ჭელიძე

გილოცავთ მარიამობას!

$
0
0

მარიამობა ყოვლადწმინდა მარიამის მიძინების დღესასწაულს ორკვირიანი მარხვა უძღვის წინ. ამ დღესასწაულს მორწმუნე ადამიანები სულიერად გაწმენდილები უნდა შეხვდნენ. მარხვა ცოდვებისგან თავის შეკავებას ნიშნავს. ყველა მარხვა იოლი შესანახია, თუ ადამიანი რწმენაშია.

მარიამობის დღესასწაული ღამისთევით აღინიშნება ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. საერთოდ, ეკლესიაში მსახურება ღამისთევით უნდა ტარდებოდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ასევე იმ წმინდანის ხსენების დღეს, რომელი წმინდანის სახელობისაც არის ტაძარი. დანარჩენ დღეებში ღამისთევა აუცილებელი არ არის.

მარიამობის დღესასწაულს ყველა განსხვავებულად აღნიშნავს. როგორც წესი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღესასწაულისთვის მარხვით ემზადებიან, შემდეგ კი საღვთო ლიტურღიას ესწრებიან და ეზიარებიან.

არაეკლესიური ადამიანები ამ დღეს სხვადასხვაგვარად ხვდებიან, დღესასწაულის მიმართ პატივისცემას თავისებურად გამოხატავენ. რეგიონებში ზოგან მარიამობას დღეობა ჰქვია, ზოგან დღესასწაული და ხალხი ეკლესიაში შესაწირით მიდის.

არის თუ არა ხალხური ტრადიციები ქრისტიანული, ამ თემაზე “ამბიონს” თბილისის მაცხოვრის შობის სახელობის ზედა ბეთლემის ტაძრის იღუმენი მამა კირიონი (ზურაბ ზეინკლიშვილი) ესაუბრა.

“ტრადიციები არის ქრისტიანული და ხალხური. ტრადიციები მახინჯდება იქ, სადაც არ არის მოძღვარი, რათა მან ასწავლოს ადამიანს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

როცა ეკლესიებს დევნიდნენ, ხალხს ქრისტიანული დღესასწაული მეხსიერებაში ჰქონდა შემორჩენილი და თავისებურად აღნიშნავდა. დროთა განმავლობაში ეს რიტუალები გაუფერულდა და თავის საწყისს ძალიან დაშორდა. ადამიანმა იცის, რომ ამა თუ იმ დღეს არის დღესასწაული, მაგრამ არ იცის, თუ როგორ უნდა აღნიშნოს. წარმართობას უბრუნდება და სისხლიან მსხვერპლს წირავს სალოცავში. საკლავი იკვლება და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამით დიდი ქრისტიანული ვალი მოიხადეს. არადა, ეს ასე არ არის. უფალს ადამიანის სული და გული სჭირდება. მსხვერპლშეწირვა საჭირო არ არის, მით უფრო ქრისტეს შემდეგ, როდესაც მან თავისი თავი შეწირა მსხვერპლად და ადამიანები გამოიხსნა. ქრისტიანობაში სისხლიანი მსხვერპლი სასტიკად აკრძალულია. მოციქულებს კანონში უწერიათ: ვისაც ჰგონია, რომ საკლავის სისხლით გამოიხსნის საკუთარ ან წინაპართა ცოდვებს, დაწყევლი იქნეს.

თუ ადამიანს რამის შეწირვა სურს, სჯობს, ცოცხლად შესწიროს და არ დაკლას. მთავარი კი სინანული და ლოცვაა. ადამიანი ეკლესიაში უნდა შევიდეს, წრფელი გულით ილოცოს და უფალს თავისი ცოდვების შენდობა სთხოვოს. ვინც ამას გულით ითხოვს, უფალი მას ყველაფერში დაეხმარება. ამქვეყნად ქრისტიანის ფუნქცია მარადიული ცხოვრებისათვის მზადებაა. ადამიანი, რომელიც ცოდვების მიტევებაზე ფიქრობს, ის უფლის შვილია”.

თეა სულაბერიძე

მარიამობა –სადღესასწაულო ქადაგება (28.08.2016)

$
0
0

სიონი 28 აგვისტოს სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და მარიამობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

”თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მღვდელმთავარნო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დღეს განსაკუთრებით გვმფარველობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რადგან ხედავს, რომ მრავალი განსაცდელი დგას ჩვენ წინაშე. თუმცა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მრავალი კალთა გადააფარა საქართველოს და ვერავითარი მტერი – ხილული თუ უხილავი ვერაფერს დააკლებს მას. დღეს არის მიძინების დღესასწაული. დიდხანს მწუხარენი უნდა ვიყოთ, რომ გარდაიცვალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მაგრამ ჩვენთვის ეს არის ბედნიერი დღე, რადგან ტროპარში წერია: შობას რომ შვა ქრისტე, ქალწულება არა დაუტევა და მიცვალებასა ქვეყანა არა დაუტევა. უხილავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის და ჩვენ ვმადლობთ უფალს”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესმა მიტროპოლიტ პავლეს მამა გიორგის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ბერძენ მიტროპოლიტს საჩუქრად ქართული პანაღეა გადასცა.

”ყოველი ადამიანი დგას ამა თუ იმ განსაცდელის წინაშე, მაგრამ წყალობა ღვთისა და სიყვარული ღვთისა არასდროს ტოვებს საქართველოს და ყოველ ჩვენგანს. დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია. საბერძნეთიდან ჩამობრძანდა მიტროპოლიტი პავლე და ჩამოგვიტანა დიდი სულიერი მამის, ღირსი მამა გიორგის წმინდა ნაწილი, რომელიც მოღვაწეობდა საქართველოში და ეს არის ნიშანი, რომ საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება, აფხაზეთი და ცხინვალი დაბრუნდება. ჩვენ მადლობას ვუძღვნით მიტროპოლიტ პავლეს ამ დიდი წყალობისთვის და ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა, გადავცემთ ქართულ პანაღეას”, – ბრძანა ილია მეორემ.

წმიდა ტბელი აბუსერიძე

$
0
0

ხსენება – 17 (30) აგვისტო

წმიდა ტბელი აბუსერიძე წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის ისტორიას. წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან. ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო ისეთი მრავალმხრივი განათლება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ერთამანეთისგან განსხვავებულ ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა. როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო აჭარაში, სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა, როგორც სასულიერო პირი და თავისი თხზულებების უმეტესი ნაწილიც იქ შექმნა. გარდა ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობისა, წმიდა ტბელი ცნობილია როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა და შესაბამისად დაფასდა ის ღვაწლი, რითაც მან სამართლიანად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

$
0
0

ივერიის ღვთისმშობელი აღურაცხელია ივერიის ღვთისმშობლის ხატის მიერ მოხდენილი სასწაულები და განკურნებანი. ისინი ჩაწერილია ივერთა და ათონის მთის სხვა მონასტრების მატიანეებში.

· ერთ დროს მონასტერი იმდენად გაღარიბდა, რომ ფქვილიც კი არ გააჩნდა. მაშინ ყოვლადუბიწო ძილში გამოცხადებია დამწუხრებულ წინამძღვარს და უთქვამს: “წადი და იხილე სავსე ბეღელი, რათა დარწმუნდე თქვენდამი ჩემს მზრუნველობაში”. წინამძღვარმა მიაშურა ბეღელს და იხილა, რომ იგი მართლაც პირთამდე სავსე იყო ფქვილით. სხვა დროს ღვინო შემოჰკლებიათ. ღვთისმშობელმა ისე გაავსო ჭურჭელი, რომ ღვინო ძირს იღვრებოდა. ვინც კი იგემა, დარწმუნდა, რომ იგი სასწაულებრივი იყო და არა ბუნებრივი.

· წარსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ–ერთი თავდასხმის დროს, არაბმა მეკობრემ შუბით მიაყენა ჭრილობა ივერიის ღვთისმშობლის ხატს. ჭრილობიდან მეყუსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა შეინანია თავისი დანაშაული, იწამა ქრისტე და მოინათლა, აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერად აღიკვეცა.

· 1308 წელს ივერთა მონასტერი მუსულმანებმა სასტიკად დაარბიეს. ისინი 15 ხომალდით მიუახლოვდნენ ათონის მთას და ალყა შემოარტყეს მონასტერს. ბერებმა გამოიტანეს მონასტრებისან წმინდა ჭურჭელი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი და ციხე–კოშკს შეაფარეს თავი. სპარსელებმა მონასტრების უმოწყალო გაძარცვის შემდეგ გუმბათის ჩამონგრევაც მოიწადინეს, მაგრამ ტაძარს ვერაფერი დააკლეს. ბერებმა გულის სიღრმიდან შეჰღაღადეს ზეციურ დედოფალს. ხომალდებმა ნაპირისგან მოშორება ვერ მოასწრეს, რომ ამოვარდა სასტიკი ქარიშხალი და მთელი ფლოტი ძღვის უფსკრულში დანთქა. გადარჩა მხოლოდ ის გემი, რომელზეც იმყოფებოდა სპარსთა მეთაური ამირა. მან ეს უბედურება ღვთის სამართლიან რისხვად აღიარა და შენდობა სთხოვა მამებს, დაუბრუნა მონასტერს ნაძარცვი ქონება და თვითონ გაიქცა შეძრწუნებული.

· ლიტანიობაზე, როცა უწმიდური სულის ადამიანებს უცდიათ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ჩამოტარება, ხატი ძალიან დამძიმებული, მათ მაშინვე სხვისთვის გადაუციათ და გაქცეულან.

· სოფელ ჰერამილიტინში მღვდელ მიხეილ პაკალისის 20 წლის ასულს, სახელად დესპინელას, დამბლა სტანჯავდა. ექიმები მას ვერაფერს შველოდნენ. მამა მიხეილს სახლში ჰქონდა ივერიის ღვთისმშობლის ქაღალდის ხატი, რომლის წინაშე გალობდა და ზეციურ დედოფალს მხურვალე გულით შესთხოვდა შვილის გამოჯანმრთელებას. ერთხელაც დილით დავრდომილი გოგონა გაჯანსაღებული სიხარულით ჩაეკონა თავის ოჯახის წევრებს და ეს სიხარული მთელს სოფელს გადასდო. მამამ კი წერილი გააგზავნა ათონზე მონასტერში, რომელშიც უსაზღვრო მადლიერებას გამოსთქვამდა კარიბჭის ღვთისმშობლის მიმართ.

· XX საუკუნის ბოლოს, 70–წლიანი კომუნისტური ღვთისმბრძოლობისა და ანტიეროვნული პროპაგანდის მიუხედავად, ქართველი ხალხი მასობრივად მიუბრუნდა ეკლესიურ ცხოვრებას.

დედა ღვთისმშობელმა კვლავ მოიღო მოწყალება და თავისი სასწაულთმოქმედი ხატი მოუვლინა ივერთა ქვეყანას.

“პორტაიტისას” საგანგებოდ შესრულებული ასლი თბილისში 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს ჩამობრძანდა, რასაც ორ წელიწადში დამოუკიდებლობის გამოცხადება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა მოჰყვა.

წყარო: http://www.maxata.ge


წმინდა მოციქული ბართლომე

$
0
0

წმინდა მოციქული ბართლომეწმინდა მოციქული ბართლომე ( ძე თოდომესი) წარმოშობით გალილეის ქალაქ კანადან იყო და განეკუთვნება უფლის 12 მოციქულთა რიცხვს. წმინდა იოანე მახარებელი მას ნათანაელს (ღვთის ნიჭი) უწოდებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომელთა დროსაც იგი უფლის ერთ-ერთი მოწაფე გახდა, რადგან აქ მკაფიოდ ვლინდება მისი ხასიათი: თვით უფალი მოწმობდა მის შესახებ, როგორც ჭეშმარიტ ისრაიტელზე, “რომლისა თანა ზაკვაი არა არს” (იოანე 1,47).

სულიწმინდის მიღების შემდეგ, ცეცხლოვან ენათა სახით რომ გადმოვიდა მოციქულებზე 50-ე დღეს აღდგომიდან, ბართლომეს წილად ხვდა ფილიპე მოციქულთან ერთად ექადაგა სახარება სირიასა და მცირე აზიაში. მართლაც, ისინი ერთად გაემართნენ იქ და ხან ერთად ქადაგებდნენ, ხანაც ცალ-ცალკე სხვადასხვა ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში; ბოლოს მაინც ყოველთვის ერთად შეიყრებოდნენ ხოლმე და ასე მიჰყავდათ ადამიანები ცხონებისაკენ იესო ქრისტეს რწმენის გზით.

მცირე აზიაში (დღევანდელი თურქეთი) ქადაგებისას ფილიპე გარკვეული ხნით განეშორა ბართლომეს და ლიდიის თუ მიზიის ნახევრად ველურ, ურჩ მცხოვრებთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში. იმავე ხანებში მეზობელ ქალაქებში მქადაგებელ ბართლომეს თვით უფალი გამოეცხადა და უბრძანა, ფილიპესთან წადი და შეეწიე ღვთის სიტყვის ქადაგებაშიო. ბართლომეც დაუყოვნებლივ შეუერთდა ფილიპეს და მასთან ერთად დაშვრებოდა სამოციქულო საქმიანობაში.

ფილიპეს ყოველთვის დაჰყვებოდა ღვიძლი დაც – ქალწული მარიამნა, და სამივე ერთად ემსახურებოდა კაცთა მოდგმის ხსნას. ისინი სირიისა და მიზიის ქალაქებში ახარებდნენ ღვთის სიტყვას. ამ მსახურებაში მრავალ მწუხარებას, დევნა-შევიწროებასა და გვემას დაითმენდნენ ურწმუნოთაგან: არაერთგზის ყოფილან დამწყვდეულნი საპყრობილეში, შეურაცხყოფილნი, ნაწამებნი, ქვით ჩაქოლილნიც კი, მაგრამ ღვთის მადლი ყოველთვის შეეწეოდა მათ და ცოცხალთ გადაარჩენდა, რათა კვლავაც გაეგრძელებინათ ქრისტეს სარწმუნოების დამკვიდრება ამქყვეყნად. და მიუხედავად ყველა ამ განსაცდელისა ეს წმინდა ადამიანები ყოველთვის მხნედ იყვნენ და გულმოდგინედ აგრძელებდნენ სამოციქულო საქმეს.

ლიდიის ერთ-ერთ სოფელში ისინი უფლის საყვარელ მოწაფეს – წმინდა იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და ერთად გაემართნენ ფრიგიის მხარეში, ქალაქ ჰიეროპოლში შევიდნენ და უშიშრად, განცხადებულად უქადაგებდნენ ქრისტეს რწმენას იქაურ მცხოვრებთ. ამ ქალაქში ბევრი კერპი იყო, რომლებსაც ყველა იქაური მკვიდრი ეთაყვანებოდა; სხვა ცრუ-ღმერთებთან ერთად, აქ ერთი ვეება ქვეწარმავალიც – იქედნეც გაეღმერთებინათ, საგანგებო ტაძარიც აეგოთ მისთვის, სადაც მრავალგვარ მსხვერპლშეწირვას აღასრულებდნენ და საზრდოსაც არ მოაკლებდნენ წყეულს. მის გარდა, სხვა ქვეწარმავლებსა და იქედნეებსაც ეთაყვანებოდნენ უგუნური ჰიეროპოლელი კერპთთაყვანისმცემლები.

ამ ქალაქში ერთი ბრმა კაცი ცხოვრობდა, სახელად სტაქე, რომელსაც ყველა იცნობდა და უკვე ორმოცი წელი იყო თვალისჩინი დაეკარგა. წმინდა მოციქულებმა ლოცვის ძალით აუხილეს მას თვალნი, ქრისტეს რწმენის ქადაგებით კი სულიერი სიბრმავეც განუკურნეს, ხოლო მას შემდეგ რაც წმინდა ნათელი სცეს სტაქეს, მოციქულები მის სახლში დარჩნენ საცხოვრებლად.

მალე მთელ ქალაქს მოედო სტაქეს სასწაულებრივი განკურნების ამბავი და მის სახლთან ყოველდღე მრავლად იყრიდა თავს ხალხი.

წმინდა მოციქულები ყველას კურნავდნენ ლოცვის ძალით, რის გამოც ბევრნი ირწმუნებდნენ ქრისტეს და ინათლებოდნენ კიდეც.

ჰიეროპოლის ქალაქის თავის – ნიკანორის მეუღლე გველისგან დაგესლილი იწვა სახლში და მკურნალთაგან იმედგადაწურული სიკვდილსღა ელოდა. მსახურთაგან მან შეიტყო, რომ სტაქეს სახლში წმინდა მოციქულები იმყოფებიან და მხოლოდ სიტყვის ძალით განკურნავენ ყოველგვარ სნეულებას; ქმრის არყოფნისას სნეულმა დედაკაცმა უბრძანა თავის მონებს, მოციქულებთან წამიყვანეთ, სტაქეს სახლშიო. და მართლაც, მიიღო მათგან სასწაულებრივი კურნება: სხეულებრივიც – გველის ნაკბენისგან და სულიერიც – ეშმაკისმიერი ცდუნებისგან, რამეთუ მოცუქულთაგან დამოძღვრილმა ირწმუნა ქრისტე და წმინდა ნათელიც მიიღო. როცა ქალაქის თავი შინ დაბრუნდა, მონებმა აუწყეს – შენმა ცოლმა სტაქეს სახლში მცხოვრები უცხოტომელების ჩაგონებით ქრისტე ირწმუნაო, საშინლად განრისხებულმა ნიკანორმა მაშინვე უბრძანა შეეპყროთ მოციქულები, სტაქეს სახლი კი დაეწვათ, რაც უმალვე აღასრულეს: უამრავი კერპთაყვანისმცემელი წარსდგა ქალაქის თავის წინაშე უფლის მოციქულთა წინააღმდეგ, ისინი ერთხმად მოითხოვდნენ მოციქულების სიკვდილით დასჯას.

წმინდა მოციქულებს ქალაქის თავმა ჯვარზე სიკვდილი გადაუწყვიტა. მარიამნას კი როდესაც მიუახლოვდნენ იგი საოცარი ნათელით გაბრწყინდა და აღგზნებულ ალს მიემსგავსა, რის გამოც მტარვალნი შიშით მოსცილდნენ მას და აღარც უცდიათ მიახლოება.

პირველად წმინდა ფილიპე ევნო: მას ფეხის ტერფები განუხვრიტეს, შიგ თოკი გაუყარეს ასე აცვეს ჯვარს, თავდაყირა.

შემდეგ წმინდა ბართლომეც აცვეს ჯვარს იმავე ტაძრის კედელთან. ამ დროს დიდი მიწისძვრა მოხდა: მიწა გაიხსნა და შთანთქა ქალაქის თავი ყველა იქ მყოფ ქურუმთან და ურწმუნო ადამიანთან ერთად. ყველა ცოცხლად გადარჩენილს – ქრისტეს მორწმუნეთაც და წარმართთაც – შიშის თავზარი დაეცათ, და ტირილით ევედრებოდნენ წმინდა მოციქულებს, შეგვიბრალეთ, ევედრეთ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, წყალობით მოგვხედოს და მიწამ ჩვენც პირი არ გვიყოსო. ისინი საჩქაროდ მივარდნენ ჯვრებს და მოციქულთა გადმოხსნა იწყეს.

თავდაყირა ჯვარზე გამოკიდული წმინდა მოციქული ფილიპე ღმერთს ევედრებოდა თავის მტერთათვის, რათა უფალს მიეტევენბინა მათთვის ცოდვები და ჭეშმარიტების შესაცნობად განენათლებინა მათი გონება. მართლაც, უფალმა შეისმინა თავისი სათნო-მყოფელის ლოცვა და უმალ უბრძანა მიწას უკვანვე ცოცხლად აღმოენთხია შთანთქმული წარმართები ქალაქის თავისა და იქედნეს ტაძრის ქურუმთა გამოკლებით. ამ უდიდესი სასწაულის ხილვაზე ყველამ სიხარულით განადიდა ქრისტე და ხმამაღლა აღიარა იგი ჭეშმარიტ ღმერთად, ამასთან, სურვილიც გამოთქვეს წმინდა ნათელის მიღებისა.

როცა წმინდა ფილიპე ჩამოხსნენს ჯვრიდან, დაინახეს, რომ მას უკვე უფლისათვის მიებარებინა სული.

წმინდა ბართლომემ ნათლისღების საიდუმლო აღასრულა ყველა ახლადმოქცეულ ჰიეროპოლელზე და ეპისკოპოსად მათ სტაქე დაუდგინა.

ფილიპეს დაკრძალვის შემდეგ წმინდა ბართლომემ, ნეტარ ქალწულ მარიამნასთან ერთად, რამდენიმე დღე ჰიეროპოლში დაჰყო და ქრისტეს რწმენაში აგანტკიცებდა ახლადდაარსებულ ეკლესიას, შემდეგ კი ორივე თავ-თავის გზას დაადგა: მარიამნა ლიკაონიის მხარეს გაემართა (მცირე აზიის შუაგული) და იქ, ღვთის სიტყვის წარმატებული ქადაგებისას, მშვიდობით მიაბარა სული უფალს (მისი ხსენება აღესრულება 17 თებერვალს); ბართლომე კი ინდოეთის ქვეყნებისაკენ გაემართა, სადაც საკმაოდ დიდხანს დაჰყო. აქ მარავალი წარმართი განანათლა თავისი ქადაგებით და ეკლესიებიც დააარსა; მათეს სახარებაც თარგმნა ადგილობრივ ენაზე და ახლადმოქცეულთ გადასცა იგი.

ინდოეთიდან წმინდა მოციქული ბართლომე კვლავ მცირე აზიაში დაბრუნდა და ე.წ. დიდ არმენიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას.

იმ ქვეყნის მეფეს პოლიმიოსს ბოროტეშმაკეული ასული ჰყავდა. როცა ქრისტეს მოციქული ეშმაკეულთან მივიდა, ეშმაკი უმალ განეშორა მას და მეფის ასულიც სრულიად განიკურნა. ამის შემდეგ პოლიმიოს მეფემ ირწმუნა ქრისტე და თვით ბართლომე მოციქულისაგან მიიღო წმინდა ნათელი; მოინათლნენ დედოფალიც, განკურნებული მეფის ასულიც, მრავალი დიდებულიცა და დიდძალი ერიც, რამეთუ მაშინ, მეფის მაგალითით აღძრულმა ათზე მეტმა ქალაქმა მიიღო წმინდა ნათელი.

ამ ამბის გამო კერპების მსახურმა ქურუმებმა შეიძულეს წმინდა მოციქული და დიდი რისხვით აღივსნენ მის წინააღმდეგ; ამასთან, ისინი მეტად იურვოდნენ, რადგან მათი “ღმერთები” ისპობოდნენ, კერპთმსახურება ჰქრებოდა, ხოლო საკერპე ბომონები, რომელთა წყალობითაც ისინი თავს ირჩენდნენ და დიდძალ ქონებასაც მოიპოვებდნენ, ცარიელდებოდა და მოოხრდებოდა. ისინი მეფის ძმას – ასტიაგეს მიეახლნენ, თავის მხარეზე გადაიბირეს და ასწავლეს, როგორ დაეღუპა წმინდა ბართლომე, რათა შური ეძიათ თავიანთი “ღმერთების” წყენინებისათვის და დაებრუნებინათ უწინდელი გავლენა ხალხზე. იგიც დაელოდა ხელსაყრელ შემთხვევას და როცა საშუალება მიეცა, შეიპყრო წმინდა მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თვდაყირა ჯვარს აცვა იგი.

ასტიაგემ უბრძანა მხედრებს ცოცხლად გაეტყავებინათ წმინდანი. ამ საშინელ სატანჯველს უდიდესი მოთმინებით იტანდა წმინდა ბართლომე, და მეტიც, ამ დროსაც არ შეუწყვეტია ხალხის დამოძღვრა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და შემოქმედი ღმერთის განდიდება. ბოლოს, გაცოფებულმა მტარვალმა ბრძანა თავი მოეკვეთათ მისთვის.

ასე აღესრულა, ქრისტეშობიდან 71-ე წელს, უფლის ეს წმინდა მოციქული ბართლომე. მისი აღსრულების ჟამს იქ მყოფმა მორწმუნეებმა ჯვარიდან ჩამოხსნენს და დიდი პატივით მიაბარეს მიწას მოციქულის წმინდა სხეული იმავე ქალაქ ალბანში.

დაახლოებით 508 წელს ბართლომეს უხრწნელი ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ დარში გადაასვენეს. როცა 574 წელს ქალაქი სპარსელებმა აიღეს, ქრისტიანებმა ხელთ იპყრეს მოციქულის ნაწილები და შავი ზღვის სანაპიროსკენ გაემართნენ, მაგრამ გზად მტრები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ. ღვთის ნებით, სიწმიდე კუნძულ ლიპარასთან მიცურდა. IX საუკუნეში ეს კუნძული არაბებმა იგდეს ხელთ და უხრწნელი ნეშტი ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადააბრძანეს. X საუკუნეში წმიდა ძვლების ნაწილი რომში იქნა გადასვენებული.

ქეთი ჭელიძე

ფსალმუნთა კითხვის წესი

$
0
0

მლოცველი კითხვის დაწყების წინ ჯერ წაიკითხავს დასაწყის ლოცვებს:

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

ფსალმუნი მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთ სცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

შემდეგ გადავა პირდაპირ კანონზე. ზოგიერთი ფსალმუნი თავდება „დიდებით“, აქ მლოცველი ამბობს:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმიდა დიდმოწამე შუშანიკი

$
0
0

ტროპარი

წმიდა შუშანიკიწამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაჲ წარუვალი, და აწ კადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკვდავისა ქრისტესა, მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.

10 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე დედოფლის წმიდა შუშანიკის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანის ხსენება განსაკუთრებულად თბილისის მეტეხის ტაძარში აღინიშნება, სადაც გადმოცემის მიხედვით დედოფალი განისვენებს.

ეროვნებით სომეხი, ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი წმიდანი ბავშვობიდანვე ღვთის მოშიშებითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იგი დიდი ნებისყოფის, გამძლეობის მქონე და სარწმუნოებისათვის თავდადებული პირია. ის სარწმუნეობის დაცვისთვის V საუკუნეში, 475 წელს აღესრულა.

წმიდა დიდმოწამე შუშანიკი ჰერეთის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე გახლდათ. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. სპარსეთის სამეფო კართან კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენმა საკუთარი ნებით უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება და მაზდეანობა მიიღო. სანატრელი შუშანიკი ადრევე გრძნობდა მეუღლის გულგრილობას სარწმუნოების მიმართ და თავისი სამი ძით და ერთი ასულით ეკლესიაში წავიდა, იქვე დასახლდა და ღმერთს მისი შვილების შეწყალებასა და დაცვას სთხოვდა. მან სარწმუნოების შენარჩუნებისათვის დათმო ქმარი, შვილები, ოჯახი და დედოფლის საპატიო სახელი გაცვალა პატიმრის მდგომარეობაზე.

როდესაც ვარსქენის განრისხებული ბრძანებისგან შუშანიკი ეკლესიიდან ციხეში მოჰყავდათ, მას უამრავი ხალხი ტირილით მიაცილებდა. ხოლო წმიდანი მათ თხოვდა, ელოცათ მისთვის, რადგან ცოცხალს, ციხიდან გამოსულებს ვეღარ ნახავდნენ. შუშანიკს ციხეში მარტო იაკობ ხუცესი ნახულობდა, ისიც ქრთამის გაღების სანაცვლოდ. წმიდა დედოფალმა ვარსქენისგან უამრავი ტანჯვა დაითმინა. 6 წელი ციხეშიც გაატარა. მისი წამების ამბავი მთელ ქართლს მოედო და მის სანახავად უამრავი ხალხი მოდიოდა და სასწაულებს ახდენდა ლოცვით, უშვილოებს – შვილს აძლევდა, ბრმებს თვალს უხელდა, სნეულებს კურნავდა. მან ციხეში ყოფნისას შეიტყო რომ მის შვილებს მაზდეანობა მიეღოთ და ამის შემდეგ მათი სახელების გაგონებაც კი ეზარებოდა.

დედოფალი საპყრობილეში დასნეულდა, ბალიშის ნაცვლად გამოუმწვარი აგური ედო, ქვეშაგებად კი ძველმანი ქსოვილი ეგო. მალე სხეული მთლად დაუწყლულდა, იარები გაუჩნდა. გარდაცვალების დღეს, მის აღმზრდელს იაკობ ხუცესს სთხოვა იმ ადგილას დაესვენებინათ, საიდანაც პირველად გამოათრიეს.

წმიდა შუშანიკი 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. 482 წელს კი ვახტანგ გორგასალმა სპარსელების სამსახურში ჩამდგარი ვარსქენ პიტიახში შუშანიკის წამებისთვის მოაკვლევინა.

წმ. დედოფლის მოწამეობრივი ცხოვრება იაკობ ხუცესმა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში – “წამებაი წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაი”, აღწერა. დიდია ამ ნაწარმოების ისტორიული მნიშვნელობა. იგი გადათარგმნილია სომხურ ენაზე. ამავდროულად, ის პირველი ლიტერატურული ძეგლია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია.

თეონა ნოზაძე

11 სექტემბერი –იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე

$
0
0

“წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.”

იოანე ნათლისმცემელიიოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.

უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა.

იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.

ჰეროდე ანტიპამ (ჰეროდეს ძე, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო) ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, ის ამ დროს გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე. ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო. მათ ქორწინებას რჯული კრძალავდა და “უწმინდურად” მიიჩნევდა, ამიტომ ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა. მიუხედავად ამისა, ავხორცი და პატივმოყვარე ქალი თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა.

ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. აქვე ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. ის რამდენიმეჯერ მიუწვევიათ სასახლეში. ანტიპა იოანეს ქადაგებებს ერთხანს ინტერესით ისმენდა, სანამ წინასწარმეტყველმა იგი ულმობლად არ ამხილა და არ უთხრა: “არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი” (მარკ. 6:17). ანტიპამ იოანე საპყრობილში სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო.

ჰეროდე ანტიპამ იცოდა, რომ ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე. ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა. ჰეროდეადამ კი მზაკვრული ჩანაფიქრი ერთ-ერთ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა. ამ დღეს ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა.

ღრეობა, სადაც ჰეროდიადას ასულს, სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დაგვირგვინდა.

სალომეა დედას გაფრთხილებული ჰყავდა, ცეკვის სანაცვლოდ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: “მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.”

ჰეროდეს მართალია ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ. მართლაც, უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. “მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.”

ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე – იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია. ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. ღვთის რისხვა მას, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ზამთარში, გაყინულ მდინარეზე როკვისას სალომეას ყინული ჩაუტყდა, წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა. გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისთვის ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და ჰეროდე ჰეროდიადასთან ერთად, უფსკრულმა შთანთქა.

იოანე ნათლისმცემლის თემა აისახა მხატვრობასა და ქანდაკებაში. შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურაა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდანის შობის დღეს 7 ივლისს აღნიშნავს.

წმიდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.

თეონა ნოზაძე

ფსალმუნთა კითხვის წესი

$
0
0

მლოცველი კითხვის დაწყების წინ ჯერ წაიკითხავს დასაწყის ლოცვებს:

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

ფსალმუნი მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.*

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო, წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთ სცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო მღვდელთმთავარო ნიკოლაოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

შემდეგ გადავა პირდაპირ კანონზე. ზოგიერთი ფსალმუნი თავდება „დიდებით“, აქ მლოცველი ამბობს:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო ძალთაო, მოიხსენე სასუფეველსა შენსა, აცხოვნე, აკურთხე და მართლმადიდებლურ ეკლესიაში გააერთიანე ღვთივდაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო, სულით თვისით აღამაღლენ, განაძლიერენ, განამტკიცენ, განამრავლენ, აღავსენ იგი ყოვლითა კეთილითა, შეზღუდე გარემპყრობელობანი მათნი, დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათნი, რათა დაწყნარებული ცხოვრება გვქონდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებითა ვცხოვრობდეთ (მეტანია).

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი ზიარნი ეკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).

აცხოვნე უფალო და შეიწყალენ მონანი და მხევალნი შენნი: (სახელები).

განუსვენე ქრისტე ღმერთო, სულთა გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა: (სახელები). განუსვენე მათ, სადა იგი მიხედავს ნათელი პირისა შენისა, სადა იგი არ არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი და მიუტევე მათ ყოველი შეცოდებანი მათნი და მიეც მათ საუკუნო ხსენება (მეტანია).

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

Viewing all 1609 articles
Browse latest View live