Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 1611 articles
Browse latest View live

ვის შეუძლია საყოველთაო ჯვრისწერაში მონაწილეობა და რა პროცედურების გავლაა საჭირო?

$
0
0

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ „ჩოხოსანთა საზოგადოების“ ორგანიზებით საყოველთაო ჯვრისწერა 15 ოქტომბრიდან დაიწყო. ეს პროექტიც საყოველთაო ნათლობის მსგავსად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. ჯვრისწერა ჯვრისწერის მიზანი ოჯახის სიწმინდისა და სიძლიერისათვის ხელის შეწყობაა. ჯვარდაწერილ წყვილებს ილია მეორე დალოცავს და მათ სამახსოვრო საჩუქარს – ოჯახის სიძლიერის ხატს გადასცემს. საყოველთაო ჯვრისწერა ყოველ შაბათს იმართება და დღევანდელი მონაცემებით უკვე 75 წყვილია ჯვარდაწერილი. მარხვის დაწყებამდე დაგეგმილია კიდევ ერთი საყოველთაო ჯვრისწერის ჩატარება – 19 ნოემბერს 38 წყვილი დაიწერს ჯვარს. წყვილთა რეგისტრაცია და ჯვრისწერის ცერემონიალი განახლდება ნათლისღების დღესასწაულის – 19 იანვრის შემდეგ კვირაში.

პროექტს სათავეში უდგას ჩოხოსანთა საზოგადოება – ზვიად სეხნიაშვილის ხელმძღვანელობით. ვის შეუძლია საყოველთაო ჯვრისწერაში მონაწილეობა და რა პროცედურების გავლაა საჭირო? „ამბიონს“ ამ თემაზე პროექტის კურატორი – პოეტი გიული ჩქარეული ესაუბრა:

„ჯვრისწერისათვის ასაკი შეზღუდული არ არის. თუმცა, საყოველთაო ჯვრისწერაში მონაწილეები რამდენიმე წლის დაოჯახებული წყვილები არიან, რომელთაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჰქონდეთ ჯვარი დაწერილი. პროექტის მიზანია მრევლი ეკლესიისკენ შემოვაბრუნოთ და რწმენაში გავაძლიეროთ.

საყოველთაო ჯვრისწერაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ, უნდა იყვნენ მონათლულები. თუ მეორედ არიან ქორწინებაში და მეორედ იწერენ ჯვარს, უნდა ჰქონდეთ ჯვარი აყრილი. საჭიროა ქორწინების ბეჭდები, მეჯვარეების ყოლა და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჯვრისწერის მოწმობის შესავსებად“.

რაიონში მაცხოვრებელ წყვილებს შეუძლიათ მიაკითხონ თავიანთ ტაძარს, დაიწერონ ჯვარი, მონაცემები გადმოაგზავნონ და მათ შეიყვანენ საყოველთაო ჯვრისწერისას ჯვარდაწერილთა სიაში. თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი არ არის.

საყოველთაო ჯვრისწერაში მონაწილეობის მსურველებმა შეუძლიათ მიმართონ ორგანიზატორებს.

მის.: თბილისი, სამების საკათედრო ტაძრის ეზო, ჩოხოსანთა საზოგადოების ოფისი, ცენტრალური კარიბჭის გალავანი.
სამუშაო საათები: 15:00 სთ – 18:00 სთ.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
საკონტაქტო ინფორმაცია: რეგისტრაციის სამსახური, ხელმძღვანელი ქალბატონი გიული ჩქარეული(ჩოხოსანი) – 599 91 67 03
ნინო ქავთარაძე – 599 07 41 40

მოამზადა თეონა ნოზაძემ


ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საპატრიარქოში

$
0
0

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საპატრიარქოში 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო საქართველოში არსებული სხვადასხვა კონფესიის ლიდერები და მათი წარმომადგენლები:

საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი, დასავლეთ საქართველოს მუფტი – ბეგლარ ქამაშიძე, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის არქიმანდრიტი ჰორენ ჰოვანისიანი, რაბინი რახამინ მურდუხაშვილი, თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი ჰანს იოჰან კიდერლენი, ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის მღვდელმსახური მაჩეი მამაი, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე და იეზიდთა სასულიერო კრების თავმჯდომარე დიმიტრი ფირბარი.

საპატრიარქოს მხრიდან მიღებას ესწრებოდნენ: საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რელიგიებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, თეა გოგოტიშვილი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან ესწრებოდნენ: თავმჯდომარე, ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და მისი მთავარი მრჩეველი, ქალბატონი მერი ლომია.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში განხორციელდა რელიგიის სხელმწიფო სააგენტოს ინიციატივით. ბატონმა ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიურ ორგანიზაციებს შესთავაზა, რომ ტოლერანტობის დღე მომავალში აღინიშნოს საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიურ ცენტრში, რასაც სტუმრები დიდი მოწონებით შეხვდნენ.

მიღებამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

წყარო: http://patriarchate.ge/

“როგორც კი მამა გაბრიელის ხატიდან აღებული მირონი ვაცხე, ტკივილებმა გაუარა”

$
0
0

მამა გაბრიელი წმინდა მამა გაბრიელის შესახებ ერთ-ერთი უკრაინული მართლმადიდებლური ვებ-გვერდი შემდეგ ინფორმაციას აქვეყნებს:

კიევში, წმინდა მიქაელის სახელობის ტაძარში საქართველოდან ჩამობრძანებულია წმინდა ბერი გაბრიელის მირონმდინარე ხატი და მისი ქუდი. მომლოცველები ადასტურებენ განკურნების შემთხვევებს სიწმინდეებთან შეხების შემდეგ. მაგალითად ერთ-ერთი ქალბატონი დედის გამოჯანმრთელების შესახებ ასეთ ამბავს ჰყვება:

“დედაჩემი არ არის ეკლესიური და წმინდა ბერი გაბრიელის შესახებ ჩემგან იცოდა. ერთხელაც, დილის 5 საათზე ხმაურმა გამაღვიძა, გამოვიქეცი ოთახიდან, დედა უგონოდ იწვა. ცოტა ხანში გონს მოვიდა, მაგრამ მუცლის ძლიერი ტკივილი ჰქონდა და ფეხზე დგომა არ შეეძლო. წმინდა მამა გაბრიელის ხატიდან აღებული მირონი ვაცხე და დედამ მაშინვე მითხრა, რომ ტკივილებმა გაუარა”.

საქართველოში არქიმანდრიტი გაბრიელი ყველაზე საყვარელი წმინდანია. მას ჭვრეტისა და განკურნების ღვთიური ნიჭი ჰქონდა.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს გაბრიელ სამთვაროელი წმინდანად შერაცხა ღირსი მამის წოდებით. 2014 წლის 25 დეკემბრიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარშიც მოიხსენიება. ხსენების დღე – 2 ნოემბერი.

წყარო: http://uoj.org.ua/

გიორგობა

$
0
0

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს : 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

გიორგობა გიორგობის დღესასწაულის და წმიდა გიორგის ღვაწლის შესახებ “ამბიონს” სიონის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი ესაუბრა.

მამა გიორგი: “წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.

წმიდა გიორგის ეპოქა შეეჯახება ორ დიდ სარწმუნოებას, კერძოდ, კერპთაყვანისცემლობას და მართლმადიდებლობას, რა დროსაც მოწამეს უხდება აღიაროს საჯაროდ ქრისტე, რომლის გამოც არაერთ განსაცდელს შეამთხვევენ მას.

დიდმოწამე გიორგი რომის არმიაში წარჩინებული მხედართმთავარია, დიდი ავტორიტეტის და გავლენის მქონე. დიოკლიტიანე მას დამატებით სამეფოს ნახევარს სთავაზობს, ოღონდ გიორგიმ დათმოს მისი სარწმუნოება – ქრისტე.

რისთვისაც მოწამე, გიორგი პასუხობს: “ჩვემთვის ცხოვრებაა ქრისტე და სიკვდილი შესაძინელ”. ანუ მოწამემ უშიშრად აღიარა ჭეშმარიტება და თქვა, რომ ქრისტიანობა მისი ცხოვრების წესია, რომ უნდა განაშოროს იგი ქრისტეს სარწმუნოებას, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს: “რამ განმაშოროს ქრისტეს ჭირმან, ანუ იწროებამან, შიშმან ანუ დევნულებამან,”და ახოვანმა მოღვაწემ თავი მიუშვირა ჯალათის მახვილს.

არაერთი წამების მოწმე გახდა წმიდანი, ხან ურმის თვალზე დააკრეს, ხან გავარვარებულ კირის ღუმელში მოათავსეს, ხან რკინის ჩექმები ჩააცვეს, რომელშიც წვერწამახვილებული ლურსმნები იყო დამაგრებული, რათა დაჩხვლეტოდა ფეხები და ისე არბენინეს. მაგრამ ყოველი წამების დროს წმინდანს თავად ქრისტე აძლიერებდა და სასწაულებრივად განკურნავდა.

დიოკლეტიანეს უმთავრესმა ქურუმმა გრძნეულმა ხერხს მიმართა და მეფე დიოკლეტიანეს სთხოვა ებრძანებინა წმინდანისათვის მკვდრის გაცოცხლება, წმიდანმა კი ქრისტესადმი ლოცვით აღადგინა მკვდარი.

მოგეხსენებათ, რომ წმიდა გიორგის მთელი მსოფლიო სცემს თაყვანს მაგრამ წლის განმავლობაში 23 ნოემბერს და 6 მაისს (თარიღები ნაჩვენებია ახალი სტილით) მხოლოდ საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
ეს მეტყველებს იმაზეც, რომ საქართველოში წმინდანს განსაკუთრებით სცემენ თაყვანს.

23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი მისი თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. საქართველოში რომ განსაკუთრებულად დიდ პატივს მიაგებენ წმინდანს ეს XVIII საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიდანაც ჩანს. “არა არს საქართველოში არცა მთანი და არცა მაღალნი ბორცვნი სადაცა არ იყოს ტაძარნი ანუ ნიშანი წმიდისა გივარგისანი”.

გვიამბეთ ამბავი წმიდა გიორგის შეწევნის შესახებ…

წმიდანის წამების შემდეგ, როდესაც მან სული უფალს შეავედრა, ერთ ქალაქში, რომელსაც ლასია ეწოდებოდა, მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, კერპთმსახური, ულმობელი ქრისტიანების მიმართ. მეფე სელინოსს მშვენიერი ასული ჰყავდა.

ქალაქს პატარა ტბა ჰქონდა. ტბის მახლობლად ურჩხული ბინადრობდა, მეფემ მოიწვია ქალაქის მთავრები და ხალხთან კრება გამართა. გადაწყვიტეს, ყოველწელიწადს თითო ოჯახიდან ასული მიეცათ ურჩხულისათვის და ასეც მოხდა. მრავალმა ადამიანმა გაიმეტა მისი ერთადერთი ასული ურჩხულისათვის, რომ მას ქალაქი არ დაენგრია. ბოლოს მეფის ასულზეც მიდგა ჯერი და როდესაც შეწუხებულმა მეფემ ტირილით გააცილა ტბისკენ მისი მშვენიერი ასული, რათა ურჩხული დაუფლებოდა მას, ტბიდან თეთრი ცხენოსანი ჭაბუკი გამოვიდა ლამაზად აღკაზმული მხედარი, რომელსაც თოკით შეკრული ურჩხული წყლიდან გამოყვა და ჭაბუკმა თოკი ასულს გაუწოდა რათა დამარცხებული ურჩხული თავად ასულს მიეყვანა ქალაქში, ხალხის საჩვენებლად და ჭაბუკი გაუჩინარდა. როდესაც მეფემ დაინახა ქალიშვილი დამარცხებულ ურჩხულთან ერთად გაოცებამ შეიპყრო იგი და მთელი ქალაქი. ხოლო როდესაც დაიწყეს ძებნა იმ ახოვანი ჭაბუკისა, რომელსაც ეს დიდი გმირობა ჩაედინა, მაშინ ერთ-ერთ ქრისტიანული ტაძრის ფრესკაზე ამოიცნეს ის ჭაბუკი, წმიდა გიორგი.

სად ინახება წმიდა გიორგის წმინდა ნაწილები?

წმიდა გიორგის წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქალაქში არის შემონახული, მაგრამ მუხლის ნაწილი წლების განმავლობაში ინახებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო როდესაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარი იკურთხა, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით მუხლის ნაწილი სამებაში იქნა დაბრძანებული. საგულისხმოა წმინდა გიორგის უკანასკნელი ლოცვა ქრისტესადმი, იგივე თხოვნა და ანდერძი, სადაც ის მაცხოვარს თხოვს: “შემხებელი ჩემს ნაწილზე, სარწმუნოებით განკურნე და თითოეული ნაწილი ძვლისა ჩემისანი ჰკურნავდეს სარწმუნოებით შემხებელ სნეულს”. და ეს მართლაც, რომ ასე ხდება. მრავალი ადამიანი განკურნებულა წმინდანის ნაწილთა შეხებით.

ყველას გილოცავთ მთავარმოწამე გიორგის უდიდეს დღესასწაულს, ღმერთმა წმიდა გიორგის მეოხებით დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო ამინ!

ქეთი ჭელიძე

პატრიარქმა მოსკოვის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მრევლს გიორგობა მიულოცა

$
0
0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა, მრევლი დალოცა და ილია მეორე გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა.

კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

მკრეხელობა და ფიცი

$
0
0

სულიერი ხიბლი ეს ცოდვები ხშირად ეკლესიურობასა და გულწრფელ სარწმუნოებას უთავსდებიან. აქ, პირველ ყოვლისა, უნდა დავასახელოთ მკრეხელური დრტვინვა ღმერთზე, თითქოს იგი უმოწყალოდ ექცევა კაცს და უზომო, დაუმსახურებელ ტანჯვა-წამებას მოუვლენს. ადამიანი ხანდახან ღმერთის, საეკლესიო სიწმინდეთა და საიდუმლოთა გმობამდე მიდის, იწყებს უჯერო, შეურაცხმყოფელი ამბების მოყოლას მღვდლებისა და ბერ-მონაზვნების ცხოვრებიდან, საღმრთო წერილისა და ლოცვანის სხვადასხვა ადგილების ირონიულ ციტირებას.

განსაკუთრებით გავრცელებულია ფიცი და ღმერთისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელის ამაოდ ხსენება. ამ წმინდა სახელებს ყოფით საუბრებში იყენებენ შორისდებულების ნაცვლად, წინადადებისთვის მეტი გამომსახველობის მისანიჭებლად, მაგლითად, ,,ღმერთმა უწყის’’, ,,ოჰ ღმერთო ჩემო’’, ,,ღმერთმანი’’ და სხვ. ვაი, რომ ღმერთს ხუმრობის დროსაც ახსენებენ, თვით ჩხუბისა და მრისხანების დროსაც, ეს კი უვე საშინელი ცოდვაა. ისიც მკრეხელობაა, როცა კაცი თავის მტრებს ღმერთის სახელით ემუქრება ანდა ლოცვაში ღმერთს სხვის დასჯას სთხოვს. დიდ ცოდვას სჩადიან მშობლები,რომლებიც შვილებს სწყევლიან და ღმრთის რისხვით ემუქრებიან. მრისხანების ჟამს ან უბრალო საუბარში რომ ეშმაკს მოუხმობენ ხოლმე, ასევე ცოდვაა (,,ეშმაკმა დალახვროს’’) და საერთოდ, ნებისმიერი სალანძღავი სიტყვის ხმარება ლაპარაკის დროს მკრეხელობა და მძიმე ცოდვაა. მტკიცედ უნდა ვებრძოლოთ ამ სენს, თორემ რაიმე სულიერ სიჯანსაღეზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
წიგნი: აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისთვის

შობის მარხვა იწყება

$
0
0

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც საეკლესიო კალენდრის თანახმად ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება. ვინაიდან დღეს მარხვის დღე პარასკევია, მორწმუნეები დღეიდან შეუდგებიან მარხვის შენახვას.

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. სანთელი შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. მარხვას ყოველი მორწმუნე საკუთარი ძალებისა და მონდომების შესაბამისად ინახავს. შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. საერთოდ, მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე დამოკიდებულია სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე.

საშობაო მარხვისას მორწმუნეები შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან, რათა სინანულით, ლოცვითა და მარხვით განწმენდილები მიეახლონ ამ ქვეყნად დაბადებულ ძე ღვთისას.

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. “როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, – წერს წმიდანი, – ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ”.

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

“რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს.

მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება.

სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: “ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად” (მათე 6, 17-18),”- წმ. იოანე ოქროპირი.

თეონა ნოზაძე

ლაზური რთველი თბილისში

$
0
0

ჩხავერი 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისში, ლისის ტბაზე მშენებარე საპატრიარქოს საეკლესიო ღვინის მარანში, დაიწურება ჩხავერის უნიკალური ჯიშის ყურძენი, რომელსაც საქართველოში სტუმრად ჩამოსული ლაზები შეიძენენ.

მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად კი დაირგვება 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი.სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გააშენებს წითელ საღვინე ჯიშის ვაზს.

რთველის ტრადიციის შესაბამისად, დასარულს გაიშლება სახელდახელო სუფრა.


უნიკალური მხატვრული ტექნიკით შესრულებული მთავარანგელოზის ხატი

$
0
0

უნიკალური მხატვრული ტექნიკით შესრულებული მთავარანგელოზის ხატი.

წყარო: ტელეკომპანია იბერია

მთავარანგელოზის ხატი

წმიდა მიქაელ-გობრონის ცხოვრება

$
0
0

30 ნოემბერი – ხსენება დიდმოწამისა მიქაელისა, რომელსა ეწოდა გობრონ და 133-თა მხედართა მისთა (914)

914 წელს არაბები უკანასკნელად შემოესივნენ ამიერკავკასიას. ხალიფას უზარმაზარ ლაშქარს სარდალი აბულ კასიმ აბუსაჯის ძე მოუძღოდა. mikael-gobroni ცეცხლითა და მახვილით მოედნენ სარკინოზები სომხეთს, მოაოხრეს მისი დიდი ნაწილი და ,,სპითა დიდითა და ურიცხვითა, რომელთა არა იტევდა ქუეყანა’’ სომხეთიდან საქართველოში შემოიჭრნენ. აბულ კასიმი ჯერ თბილისს მივიდა, შემდეგ კახეთში გადავიდა. იმ დროს უჯარმის ციხეს სამასი ქართველი მეციხოვნე იცავდა. განუწყვეტლივ მიჰქონდათ იერიში მასზე, თუმცა უშედეგოდ. მერე თვითონ მიატოვეს უჯარმა მისმა დამცველებმა, შეატყვეს რომ ურიცხვ მტერს ვეღარ გაუმკლავდებოდნენ. ასე დაეუფლა აბულ კასიმი ბოჭორმისა და უჯარმის ციხეებს. შემდეგ კვირიკე კახეთის ქორეპისკოპოსთან ზავი დადო და უჯარმა დაუბრუნა.

სარდალი კახეთიდან ისევ ქართლს შემოესია. უფლისციხე თავად ქართვლეებმა დაარღვიეს, მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში. სარკინოზები სამცხეს და ჯავახეთს მოედვნენ, თმოგვის ციხეზე მიიტანეს იერიში, მაგრამ ვერ აიღეს და უკან გაბრუნებულებმა, ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა. იმჟამად ყველისციხის მეპატრონე გურგენ ერისთავთ-ერისთავი იყო. ოცდარვა დღე იგერიებდნენ სარკინოზთა გაშმაგებულ იერიშებს ყველისციხის დამცველნი. მეციხოვნეებს სათავეში ჩასდგომოდა ახალგაზრდა მხედარი გობრონ. მის სიმამაცეს და სიმხნევეს მტერი და მოყვარეც კი განეცვიფრებინა. ციხის გარეთ გამოიჭრებოდნენ ხოლმე ქართველები გობრონის მეთაურობით, ხელჩართულში ჩაკაფავდნენ მტერს და ისევ კედლებს შიგნით გაუჩინარდებოდნენ.

არაბებმა ,,განხურიტნეს კლდე და განარღვიეს ზღუდე’’ და შეიჭრნენ ციხის შუაგულში. გობრონი ისევ წინ წამოიჭრა. ქართველებმა ფიცხელი შეტევით უკუაქციეს მტერი და კვლავ ციხის გარეთ გამოდევნეს. არაბთა გვამებით გაივსო ციხე. თუმცა, არაბებმა მალე ისევ განაახლეს იერიშები. აიღეს ყველისციხე და შეიპყრეს ცოცხლად დარჩენილი 133 მეციხოვნე, მათ შორის გობრონიც.

ადარნასე მეფემ დიდძალი საფასის გადახდის შემდეგ შეპყრობილთა ნაწილი გამოიხსნა. მათ შორის არ იყო გობრონი, რადგან არაბებმა მის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. ქართველმა რაინდმა განჭვრიდა თავისი მომავალი და განემზადა ქრისტესთვის სიკვდილისათვის.

აბულ-კასიმმა გადაწყვიტა უძლეველი რაინდი ცთუნებით ეძლია. ქრისტეს სჯულის სანაცვლოდ სარდლობას, სასახლეებს, დარბაზებს და მონებს შეჰპირდა. წმიდა გობრონმა მშვიდად მიუგო, რომ არ აპირებდა რჯულის დათმობას დროებითი სიკეთეებისათვის.

წმიდანის პასუხით განრისხებულმა აბულ-კასიმმა ბრძანა, გარეთ გაეყვანათ გობრონი და ეჩვენებინათ ჯერ დახოცილი თანამებრძოლები, შემდეგ კი – აღთქმული სიმდიდრენი. გობრონის თვალწინ ჩაანაკუწეს და ჩაკლეს შეპყრობილები. ზოგი ისრით, ზოგი შუბით, ზოგი მახვილით. არცერთ ქართველს სიკვდილისას პირზე ღიმილი არ მოშორებია. ეცემოდნენ და ეხლებოდნენ განგმირულ თანამოძმეთა და თანამებრძოლთა გვამები გობრონს, ქართველთა თავები გორავდნენ მის ფეხებთან, დახოცილთა სისხლი ექცეოდა მის ტანს და სახეს. გობრონი კვლავ ურყევად იდგა. სარკინოზებმა მას თმაში ჩაავლეს ხელი, ქედი დაადრეკინეს და ორჯერ მსუბუქად სცეს ხმალი.

სისხლმა იფეთქა გობრონის კისრიდან.
უცებ ხელი შეიღება თვისსავე სისხლში და სისხლითვე შუბლზე ჯვარი გამოისახა და მადლობა შესწირა უფალს, რომ მისთვის წამების ღირსი გახდა.

სარკინოზებმა კვლავ აბულ-კასიმს მიჰგვარეს წმიდა გობრონი. ამირამ უკანასკნელად სცადა წმიდანის მოდრეკა, მაგრამ უშედეგოდ.

,,იქმოდე რაიცა გნებავს. მე ქრისტიანი ვარ და ქრისტიანულად დავრჩები აწ და მარადის!’’– თქვა უკანასკნელად გობრონმა. განრისხებულმა აბულ კასიმმა ბრძანა, თავი წარეკვეთათ წმიდანისთვის და მოკლულებთან დაეგდოთ.
ამირას ბრანებით სამი დიდი სამარე გათხარეს. სამ ნაწილად ჩააწვინეს დახოცილი ქართველები. ერთ მათგანში იწვა გობრონი. ქრისტიანებს საფლავთან ახლოს მისვლა აუკრძალეს.

ქართულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ ქრისტესათვის და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირს ახალი სახელი, მიქაელი უწოდა და წმინდანად შერაცხა. წმინდანის წამება 914 წლის 17 ნოემბერს მოხდა, მისი და ამავე დღეს მოკლული 133 მეომრის ხსენების დღედ 17 (30) ნოემბერია მიჩნეული.

გობრონ-მიქაელის გმირობისა და მარტვილობის ამბავი აღწერილია მისი თანამედროვე ტბეთის ეპისკოპოსის, სტეფანე მტბევარის მიერ.

წმინდა მიქაელ-გობრონის
ტროპარი
მოწამეთა შენთა უფალო, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი

ნიჭებ კურნებათა მომდინარესა წყაროჲსაგან მადლიერისა, ნიჭებ შემოსილსა მოწამესა, მტკიცისა მიერ უძლეველობისა სიმხნისა თანა მოსახელესა მიქაელს მთავარსა ბრწყინვალესა, მოყვასთა თანა ღმრთივ-შეერთებულთა, გალობათა ყვავილითა გვირგვინოსან ვჰყოფდეთ, რომელიცა ნათესავთა თვისთა სიქადულ გამოსჩნდა, და ქართველთა ეკლესიისა შვენიერებად.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

ქართული ნომინაცია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

$
0
0

ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე (28 ნოემბერი-2 დეკემბერი).

მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად წარედგინა 2015 წელს და მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობის (მრგვლოვანი, ნუსხური, მხედრული) ჰარმონიულ თანაარსებობას თანამედროვე რეალობაში.

ქართული ენა

ნომინაციის წარდგენის დღიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საგანგებოდ შექმნილი თემატური გამოფენების ორგანიზებით, აქტიურად მუშაობდნენ თემის პოპულარიზაციისა და შესაბამის ქვეყნებთან ნომინაციის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით.

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არის რიგით მესამე ნომინაცია, რომელიც შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.

კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში და UNESCO-ში მუდმივი წარმომადგენელი ეკატერინე სირაძე-დელონე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და შესაბამისი ექსპერტები.

ღირსი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875)

$
0
0

2 დეკემბერი – ხსენება ღირსისა მამისა ჩვენისა ილარიონ ქართველისა, საკვირველთმოქმედისა (875)

ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონ ქართველი ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი.

თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა.

ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. “მარხვითა და მღჳძარებითა ჰასაკსა მას სიჭაბუკისასა და დააჭკნობდა, ლოცვითა და მარადის ღმრთისა ხედვითა უჴორცოთა მიემსგავსებოდა, ვიდრეღა წარემატებოდა მოღუაწებითა ყოველთავე მყოფთა მის ადგილისათა უდაბნოსა მას შინა, რამეთუ ყოველთავე უკჳრდა ეგეოდენი შრომაჲ მისი და მოთმინებაჲ”.

ახალგაზრდა მონაზონმა მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. “აღეშენებოდეს ყოველნი იგი ძმანი სწავლითა მისითა და შეუვრდებოდეს მას, რათა იყოფებოდიან მის თანა”. ასე დაემკვიდრნენ ღირს ილარიონთან “ათერთმეტნი ძმანი მოღუაწენი მშჳდნი და მდაბალნი”.

ანგელოზებრ მმარხველი და დაუცხრომლად მლოცველი ბერის ამბავი მთელმა ქართლმა და კახეთმა გაიგო. მის სანახავად, ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა. როდესაც მასთან მისულმა რუსთველმა ეპისკოპოსმა ფერმკრთალი, თავმდაბალი, შეურაცხ სამოსელში ჩაცმული ბერი იხილა, მოწიწებით სთხოვა, მისი ხელიდან მიეღო მღვდლობის პატივი. მიწიერი დიდების უარმყოფელი ილარიონი ევედრებოდა მღვდელმთავარს, არ დაემძიმებინა იგი მღვდლობის პატივით, მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილა.

კურთხევის შემდეგ ახალი დიდებით შეიმოსა ღირსი მამის სახელი. მან გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს, მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა, თვითონ კი იერუსალიმს გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად.

გზაში ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს და მახვილები იშიშვლეს მის მოსაკვდინებლად. მოულოდნელად მათ ხელები გაუშეშდათ. შეშინებული და გაოცებული ავაზაკები მიხვდნენ, რომ ღვთის სასჯელი დაატყდათ თავს, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და შენდობა სთხოვეს.

წმიდა მამამ ჯვარი გადასახა ავაზაკებს, განკურნა და მშვიდობით განუტევა. განკურნებულებმა კვლავ შენდობა ითხოვეს ღირსი მამისგან, ერთმა მათგანმა კი თაბორის მთამდე გააცილა წმიდანი.

ილარიონმა მოილოცა იერუსალიმი, შემდეგ იორდანეს უდაბნოს მიაშურა და ერთ გამოქვაბულში დაეყუდა (გადმოცემით, ეს იყო ის გამოქვაბული, სადაც თავს აფარებდა წმიდა ელია თეზბიტელი (ხს. 20 ივლისს)). ერთ ღამეს მან ჩვენებით იხილა, თითქოს ზეთისხილის მთაზე, სადაც უფალი დიდებით ამაღლდა, თორმეტი კაცის თანხლებით მდგარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინაშე წარდგა და მარადის ქალწულმა უთხრა: “ჰოი, ილარიონ, წარვედ და მიისწრაფე სახედ შენდა და უმზადე სერი უფალსა და ძესა ჩემსა”. გამოღვიძებულმა წმიდა ილარიონმა გულისხმაჰყო ჩვენება, მადლობა შესწირა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და სამშობლოში გამოეშურა.

საქართველოში დაბრუნებულ ღირს ილარიონს მამა და ძმები აღსრულებული დახვდა. დედამ მამის მთელი საგანძური შვილს გადასცა და უთხრა: „წარაგე ესე, შვილო, ვითარცა სათნო გიჩნს“. ნეტარმა ილარიონმა დედათა მონასტერი ააშენა, შესწირა მას სოფლები და განუჩინა წესი, შემდეგ სამოცდათექვსმეტი ღირსი და მოღვაწე ბერი შეკრიბა და მამათა მონასტერიც ააგო, დანარჩენი ქონება კი გლახაკებს და უპოვრებს გაუნაწილა.

კეთილისმოძულე ეშმაკმა ღირსი მამის ბიძა აღძრა მონასტრის დასაწვავად და მოძღვრის მოსაკლავად. ილარიონის ბიძას ეგონა, რომ ნათესავის ქონება თვითონ დარჩებოდა, მაგრამ როცა კეთილი ბერის ხელგაშლილობა იხილა, გაცოფდა და ერთ დღეს მონასტრის კარებზე ნახშირით მიაწერა: „ესრეთ იხილონ ყოველთა ესე მონასტერი სამ დღემდე“. განთიადისას მამა ილარიონმა იხილა წარწერა და დიდად შეწუხდა ბიძის სულის წარწყმედის გამო. მთელი ღამე ლოცულობდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს განსაცდელის თავიდან აცილებას. როცა თვალი მილულა, მას გამოეცხადა ბრწყინვალე კაცი, რომელმაც უთხრა: „ნუ გეშინინ, ჰოი ილარიონ, რამეთუ დღესვე განისწავლოს მტერი იგი შენი და შეგივრდეს ფერჴთა შენთა“. მართლაც, როცა გათენდა, ილარიონის ბიძა მიწაზე დაეცა, გორავდა და საოცარი ხმებით გოდებდა. მსახურებმა წმიდანს მიჰგვარეს ბოროტისაგან გვემული. წმიდა ილარიონმა მას ჯვარი გადასახა და განკურნა. ბიძა გონს მოეგო, სინანულით ატირდა, აღსარება თქვა, მთელი ქონება მონასტერს შესწირა და თვითონაც მონაზვნად აღიკვეცა.

წმიდა ილარიონის სახელი მთელს საქართველოს მოედო, მრავალს სურდა, ეხილა წმიდა ბერი და მისი რჩევა-დარიგება მიეღო. მალე მისი ეპისკოპოსად კურთხევაც განიზრახეს. მყუდროებისმოყვარე ღირსმა მამამ გაიფიქრა: “დიდებაჲ ესე ამის სოფლისა მომატყუებელ არს საუკუნოჲსა მის შეურაცხებისა”, მონასტრის ძმათაგან ერთი სიბრძნითა და სიწმინდით გამორჩეული ბერი დაადგინა სავანის წინამძღვრად, უფალს შეავედრა ყველა და ორ ძმასთან ერთად კონსტანტინოპოლს გაემართა.

ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ილარიონმა და მისმა თანამგზავრებმა ულუმბოს მთას მიაღწიეს, ერთი მცირე მიტოვებული ეკლესია იპოვეს და შიგ დაბინავდნენ.

ყველიერის შაბათის მწუხრზე დიდი ლავრიდან ერთი ბერი მივიდა კანდელის ასანთებად, ნახა ეკლესიას შეხიზნული ძმები და მცირეოდენი საჭმელი მიუტანა.

შემდგომ შაბათს, წმიდა თეოდორე ტირონის ხსენების დღეს, მოწესე ისევ მივიდა პატარა ეკლესიაში და ნახა, რომ ძმებს მთელი კვირა უჭმელად გაეტარებინათ, მხოლოდ მცირედ ცერცვი ეხმიათ. ბერმა წმიდა ილარიონს ჰკითხა, რა სჭირდებოდა. მან მხოლოდ სეფისკვერი და ზედაშე ითხოვა. დიდი ლავრის მამასახლისმა გაიგო, რომ ეკლესიაში ვიღაც უცხო და ბერძნული ენის უმეცარმა კაცმა სწირა, გულისწყრომით აღივსო და იკონომოსს და რამდენიმე ძმას უბრძანა, უცხოები მონასტრის ტერიტორიიდან გაეძევებინათ.

ეკლესიაში მისულ იკონომოსს წმიდა ილარიონი ბერძნულად გამოელაპარაკა და ღამის გათენების ნებართვა სთხოვა, თან აღუთქვა, რომ მეორე დღესვე ეკლესიას დატოვებდა.

იმ ღამეს მამასახლისმა ჩვენება იხილა: ყოვლადწმიდა ქალწული რისხვით დაადგა თავს და უთხრა: „ჰოი, უბადრუკო, რაჲსა ინებე განძებაჲ უცხოთაჲ მათ, რომელნი მოსრულ არიან სიყუარულისათჳს ძისა და ღმთისა ჩემისა და დაუტეობია ქუეყანაჲ მათი და არა დაიმარხე მცნებაჲ იგი უცხოთა და გლახაკთა შეწყნარებისათვის, ვითარ-ეგე ეტყჳს მდიდარსა მას უფალი ჩემი და ძე ჩემი. ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებულ არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვრებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყეველად მართლმადიდებლობისათჳს მათისა, ვინაჲთგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაჲ და ნათელ იღეს“. შეშინებული მამასახლისი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა ილარიონს, კადნიერებისათვის შენდობა სთხოვა და შეევედრა, დარჩენილიყო და ყოვლადწმიდა დედოფლის რისხვა აერიდებინა მისთვის.

წმიდა ილარიონი ხუთი წელი ცხოვრობდა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, მოილოცა წმიდა ადგილები და რომს გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთა საფლავების თაყვანსაცემად.

რომს მიახლებულმა ილარიონმა ვენახის ძირთან მჯდარი დავრდომილი ნახა და ერთი მტევანი ყურძენი სთხოვა. დავრდომილმა უთხრა: „აჰა, მამაო, ვენახი, რაც გსურთ, მიირთვით, მე კი „ვერ შემძლებელ ვარ აღდგომად ცოდვათა ჩემთაგან“.

ღირს ილარიონს შეეცოდა დავრდომილი, ილოცა და ავადმყოფს უთხრა: „აღდეგ, ძმაო, უფალსა უბრძანებიეს და ჴელითა შენითა მომართუ ნაყოფისაგან სამოთხისა მაგის“. განკურნებული კაცი მყისვე წამოდგა, ვენახში შევიდა და მტევნით გამოვიდა, მაგრამ წმიდა ილარიონი იქ აღარ დახვდა. ვენახის პატრონი ქალაქისკენ წავიდა თავისი კეთილისმყოფლის მოსაძებნად, თან ყველას უყვებოდა სასწაულს.

წმიდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.

გზად წმიდა ილარიონმა თესალონიკში გაიარა, თაყვანი სცა წმიდა დიდმოწამე დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბერს) სამარტვილეს და ქალაქის მთავრის კართან შეისვენა. სახლიდან მხევალმა ოთხი წლის დამბლადაცემული ყრმა გამოიყვანა და მზის გულზე დააწვინა. ღირსმა მამამ ქალს წყლის მოტანა სთხოვა. როცა ქალი წავიდა, წმიდა ილარიონმა ჯვარი გადასახა ყრმას და თქვა: „სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ ცოცხლებით“. ყრმა სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და დედასთან გაიქცა. წმიდა ილარიონი კი იქაურობას გაშორდა, რომ არავის ეხილა.

როცა განკურნებული ყრმის მამამ, ქალაქის მთავარმა ეს სასწაული იხილა, ბრძანა, ჩაეკეტათ კარები და ეძებნათ სასწაულთმოქმედი, რომ თაყვანი ეცათ მისთვის. მართლაც მოძებნეს წმიდა ილარიონი, ფეხებში ჩაუვარდნენ და ლოცვა-კურთხევა გამოსთხოვეს. შემდეგ მთავარი შეევედრა წმიდანს, თესალონიკში დარჩენილიყო და სამოღვაწეო ადგილი თვითონ აერჩია.

წმიდანმა მთავრის ღვთისმოყვარება რომ იხილა, თხოვნა შეუსრულა – სამოღვაწეოდ გამოირჩია მყუდრო ადგილი, სადაც მთავარმა ეკლესია ააშენა.

მთელმა თესალონიკმა გაიგო წმიდა ილარიონის მოღვაწეობის ამბავი, მრავალი მოდიოდა მასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად თუ ღვთივსულიერი საუბრის მოსასმენად. მისმა სათნო ცხოვრებამ ბევრს გაუღვიძა საღვთო შური და ღირსი მამის ხელით მონაზვნობა მიიღო.

ერთხელ წარმართებმა ერთი თესალონიკელი დიაკონი შეიპყრეს. ტყვექმნილი ღვთისმსახური ლოცვით შეევედრა წმიდანს შეწევნას. იმავე ღამეს დიაკონს ძილში წმიდა ილარიონი ეჩვენა და უთხრა: „აღდეგ, ჰოი, დიაკონ და ნუ გეშინინ, რამეთუ მე ვარ, რომელსა იგი მევედრებოდე“. გამოღვიძებულმა დიაკონმა იხილა, რომ ბორკილებისგან განთავისუფლებულიყო, შეუმჩნევლად გაიარა წარმართთა შორის და თესალონიკში ჩავიდა. ქალაქში ჩამოსვილსთანავე მან წმიდანი მოინახულა და ფეხებში ჩაუვარდა მადლიერების ნიშნად. წმიდა ილარიონმა უთხრა: შვილო! ენება ღმერთსა ჴსნაჲ შენი. ამისთჳსცა ანგელოზი თჳსი მოავლინა ხატითა ჩემითა, ვინაჲთგან შენ სარწმუნოებით ჩემ ცოდვილისა სახელსა ხადოდე და გამოგჴსნა მწარისა ტყუეობისაგან. ამისთჳსცა ჰმადლობდი ღმერთსა მოქმედსა საკჳრველებათასა“.

წმიდა ილარიონმა მთელი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. თავისი აღსასრული მას წინასწარ ეუწყა უფლისაგან, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა.

დამწუხრებულმა მთავარმა მარმარილოს ლუსკუმა გაამზადებინა წმიდანის ნეშტისათვის. წმიდა ილარიონის სამარხთან სარწმუნოებით მისულნი ყოველგვარი სენისგან იკურნებოდნენ. ამ სასწაულების შესახებ ბიზანტიის კეისარს, ბასილი მაკედონელს (867-886) აცნობეს თესალონიკის მთავარმა და მთავარეპისკოპოსმა. კეისარმა ულუმბოდან მასთან ჩამოსულ მამებს თესალონიკის ამბები მოუთხრო. მამათა შორის ის მამასახლისიც აღმოჩნდა, რომელმაც წმიდა ილარიონს განდევნა დაუპირა ულუმბოს მთიდან, იგი დაწვრილებით მოუყვა კეისარს ნანახსა და გაგონილს. ბასილი დაინტერესდა ილარიონის თანამემამულე მოწაფეებით. მას მიჰგვარეს სამი მოხუცებული ბერი. მამების სიწმიდით გაკვირვებულმა კეისარმა კონსტანტინოპოლის პატრიარქთან გაგზავნა ისინი ლოცვა-კურთხევისათვის.

პატრიარქმა ძმური სიყვარულით მოიკითხა სტუმრები, აკურთხა და მათი ლოცვაც მიიღო. ის მიხვდა, რომ ამ სამ მოხუცში დიდი მადლი ტრიალებდა და კეისარს ურჩია, პატივი მიეგო მათთვის.

კეისარმა წმიდა ილარიონის მოწაფეებს შესთავაზა: „გამოირჩიენ ღირსებამან თქუენმან მონასტერი, სადაც გენებოს, თქუენთჳს და ნათესავისა თქუენისათჳს“. მამებმა უარი შეჰკადრეს, რადგან სხვის აშენებულში შესახლება არ იყო სწორი საქმე. მაშინ ბასილი კეისარმა თვითონ შეარჩევინა მამებს სამონასტრი ადგილი და მალე დიდი ტაძარი ააშენა. იქვე თავისთვის ერთი სენაკიც მოიწყო: „ესე იყოს საყოფელი ჩემი მახლობელად ღირსთა ამათ მამათა, რაჲთა ლოცვითა მათითა ინებოს ღმერთმან ჴსნაჲ ჩემი მოსაგებელისაგან ცოდვათა ჩემთაჲსა“. მონასტერს რომანა-წმიდა უწოდეს. კეისარმა თავისი ძე, ლეონი და ალექსანდრე მიჰგვარა ღირს მამებს აღსაზრდელად.

ბასილი კეისარმა წმიდა ილარიონის ნაწილების გადასვენება ინება სატახტო ქალაქში, თესალონიკში თავისი ხალხი გაგზავნა და თან წერილიც გააყოა: „ბასილი მეფე, ცოდვილი მონაჲ ცათა მეუფისაჲ, გევედრები, წმიდაო მამაო ილარიონ, აღმოვედ ქალაქად სამეუფოდ, დაღაცათუ არა ღირს ვიქმენ პირისპირ ხილვად შენდა, გარნა აწ ღირს მყავ ამბორისყოფად წმიდათა ნაწილთა შენთა და იხაროს ქალაქმან ამან სამეუფომან შემთხუევითა მათითა და მადლი შენი იყავნ ჩუენ თანა, ამინ“.

თესალონიკელები არ დათანხმდნენ წმიდა ილარიონის ნაწილების მიცემაზე. კეისრის კარისკაცები იძულებულნი გახდნენ, ღამით მალულად გაეხსნათ ლუსკუმა და წმიდანის ნაწილები ჩუმად წაესვენებინათ.

კეისარმა, პატრიარქმა, მთელმა ერმა გალობით, ლიტანიობით, საკმევლის კმევით მიიღეს წმიდა ილარიონის ნაწილები. კეისარმა ის დროებით თავის პალატში დაასვენა, სანამ განსაკუთრებულ საძვალეს ააშენებდა მისთვის.

მესამე ღამეს მეფე კეთილსურნელებამ გამოაღვიძა. როცა მეფემ კვლავ მილულა თვალები, სამღვდელო სამოსში ჩაცმული წმიდა ილარიონი გამოეცხადა და უთხრა: „კეთილად ჰყავ შეწყნარებაჲ ჩემი, ჰოი, მეფე, უცხოჲსა ამის და გლახაკისაჲ, გარნა სულნელებაჲ ესე, რომელ იყნოსე, არა მომიგიეს მე იგი ქალაქთა შინა, არამედ უდაბნოთა. აწ უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულებით მადლი გაქუნდეს, წარმიყვანე მე უდაბნოსავე ადგილსა“.

კეისარმა პატრიარქს და მთავრებს აუწყა ყოველივე, შემდგომ დიდი პატივით წაასვენა წმიდა ილარიონის ნაწილები რომანა-წმიდის მონასტერში და მის მოწაფეებს ჩააბარა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

$
0
0

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებადედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი.
მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური):

“ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი დედამიწაზე ყველაზე წმიდა ცოლ-ქმარი იყვნენ. ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი მართალი ლოცვა და წმიდა ცოლ-ქმარს ასული აჩუქა.

იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როცა მარიამი სამი წლის გახდა, უხმეს ნათესავებს, ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ტაძარს თხუთმეტ საფეხურიანი კიბე ჰქონდა. წესით პატარა მარიამს უნდა გასჭირვებოდა ამ კიბეზე მარტოს ასვლა, მაგრამ როდესაც პირველ საფეხურზე დასვეს, თითქოს ფრთებშესხმულმა დაუბრკოლებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური. ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.

ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა, სნეულებსა და დავრდომილებს უვლიდა, თავის წილ ულუფა საკვებს მათ აძლევდა და თვითონ ,,მოიღებდა საზრდოსა ხელთა ანგელოზისაითა.”

როცა მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. ასეთი რამ მანამდე უცხო იყო დედათა შორის და ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედად გახდა.

მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ისევე, როგორც ყოველი ათორმეტთაგანი დღესასწაული, სრულყოფილი სიხარულით, თავმდაბლობითა და ღვთის შიშით უნდა აღნიშნოს. სასურველია, თუ ამ დღეს ადამიანი ისე მოემზადება, რომ ეზიაროს ქრისტეს ზიარების წმიდა საიდუმლოს.

დაბოლოს, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ეს დიდებული დღესასწაული და ვუსურვო ყველა ქრისტიანს, ჭეშმარიტად მიიყვანოს თავისი სული ტაძარში.”

ქეთი ჭელიძე

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება –სადღესასწაულო ქადაგება (04.12.2016)

$
0
0

სიონი 4 დეკემბერს, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად ბედნიერია ქართველი ხალხი, რომ წილხვედრია ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფლის განგებით მოხდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ამისთვის ჩვენ ვმადლობთ უფალს. ტაძრად მიყვანება კიდევ ერთხელ გვეუბნება თუ რამდენად ძვირფასია ტაძარი ადამიანის ცხოვრებაში. ყოველი ტაძარი არის კარიბჭე სასუფლევლის. ყოველი ადამიანი უნდა შევიდეს ტაძარში, რომ გახდეს ღირსი სასუფევლის. უფალმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო, მთელი ქვეყანა გახდეს ღირსი ტაძარში შესვლის”, – განაცხადა პატრიარქმა.

იხილეთ ქადაგების ვიდეოვერსია:

კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეებისადმი

$
0
0

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მისასალმებელი სიტყვა საერთაშორისო კონფერენცია, – “რელიგიური ტოლერანტობის ტრადიციები კავკასიაში და აზერბაიჯანის მულტიკულტურულიზმის მოდელის,” – მონაწილეებისადმი.
(ბაქო, 01.12.2016.)

თქვენო აღმატებულებავ, აზერბაიჯანის პრეზიდენტო, ბატონო ილხამ ალიევ,
თქვენო აღმატებულებავ, შეიხ-ულ-ისლამ ალლახშუქურ ფაშა-ზადე,
დიპლომატიური კორპუსის წევრებო, რელიგიათა წარმომადგენლებო,
ქალბატონებო და ბატონებო!

გულითადად მოგესალმებით საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და გამოვთქვამთ კმაყოფილებას ასეთ ავტორიტეტულ შეხვედრაზე ჩვენი წარმომადგენლების მიწვევის გამო. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული დამოკიდებულებისა, პატრიარქი რაც სხვა დროსაც არაერთხელ გამოვლენილა მაღალი დონის შეხვედრებზე, კონფერენციებზე, რელიგიურ და სახელმწიფო ლიდერთა ურთიერთობაში.

მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ილხამ ალიევს ჩვენი ქვეყნის თანადგომისათვის; მადლობას ვუხდით ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მისი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის.

ურთიერთპატივისცემა ჩვენი ერების თვისებაა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ჩვენთან არსებული სხვა და სხვა რელიგიის სამლოცველოები, ახლად აშენებული და ძველიც. ისინი დღესაც სიცოცხლით სავსე ცხოვრებას ეწევიან; მათ შორის ჩვენი ეკლესიები, რომელიც ჰერეთში, კახის რაიონში, ფუნქციონირებენ და სამასზე მეტი მეჩეთი და ჯამე და ათზე მეტი აზერბაიჯანელთა რელიგიური და კულტურული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მოქმედებს.

საქართველო და აზერბაიჯანი მულტიკულტურული, მრავალეთნიკური სახელმწიფოებია და თავის თავში მოიცავენ კავკასიის თითქმის ყველა ეთნო-რელიგიურ ჯგუფს, რომელნიც მშვიდობიანად თანაარსებობენ ჩვენს ქვეყნებში და მათი სიკეთეებით სარგრბლობენ; მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად პრობლემები არ არის.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლებაზე, რაც ურწმუნო და კადნიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენოს როგორც ამა თუ იმ პიროვნებას, ისე მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს.

მართალია, აღიარებულია, რომ გამოხატვის თავისუფლება სხვათა უფლებების შეზღუდვას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ მრავალ ქვეყანაში ადამიანი მაინც სათანადოდ არ არის დაცული შეურაცხყოფისაგან, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

ჩვენ გვაქვს საუკუნეობით ჩამოყალიბებული ჩვენი ყოფა, ტრადიციები, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობის კულტურასაც.

თანამედროვე მოთხოვნები ცხოვრების ჩვენეულ წესს უნდა შევუსაბამოთ, რომ არ მოვწყდეთ ფესვებს და ვიყოთ წინაპართა საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელნი;

შევნიშნავთ იმასც, რომ მსოფლიოს სხვა და სხვა რეგიონში არსებული რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტები, ბუნებრივია, ჩვენს დიდ მწუხარებასა და შეშფოთებას იწვევს და გვიბიძგებს, კიდვ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა მშვიდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შესაქმნელად.
ამიტომაც მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კონფერნციის ჩატარება. გამოვთქვამთ იმედს, რომ იგი დასახავს სწორ ორიენტირებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრისათვის.
კიდევ ერთხელ მივესალმები ყველას და გისურვებთ შედეგიან და წარმატებულ საქმიანობას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

წყარო: http://patriarchate.ge


ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი

$
0
0

ეკის იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს შუა სამეგრელოში, ამჟამინდელი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ეკის ტერიტორიაზე, ეკის მთის ფერდობის დავაკებულ ადგილზე, ქ. სენაკიდან 15 კილომეტრზე.

“ეკი” მეგრულად ამაღლებულ ადგილს, აღმართს ნიშნავს. ეკში მცხოვრებლები ადგილს, სადაც იოანე ნათლისმცემლის ტაძარია აგებული “ნათლისცემს”, “ნაცმერს”, ნაცმერიშ სუკუს”, ნაციცმელუს” უწოდებენ.

ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი კომპლექსია, რომელშიც შედის ეკლესია, სამრეკლო, სასახლე და სხვა ნაგებობები, რომლებსაც ირგვლივ შემოვლებული აქვს ქვითკირის მაღალი გალავანი.

კომპლექსის ცენტრში დგას დარბაზული ერთნავიანი უგუმბათო ქვის ეკლესია. მკვლევრები ტაძრის აგების დროდ IX-X საუკუნეებს მიიჩნევენ.

ეკლესიის დარბაზის შიდა სივრცე ერთმანეთზე მიშენებული ორი ნაწილისაგან შედგება: დასავლეთი ნაწილი უძველესია, აღმოსავლეთი კი – გვიან აგებული. ტაძარი ადრე მოხატული ყოფილა. დღეს შემორჩენილია მხატვრობის კვალი.

ეკის მონასტერი

მონასტრის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, ეკლესიიდან დაახლოებით 15 მეტრზე დგას ორსართულიანი ქვის სამრეკლო. სამრეკლოს XIII-XIV საუკუნეებში აგებულად თვლიან. აქ შემორჩენილია ძველი ქართული წარწერები.

ილია ადამია აღნიშნავდა, რომ სამრეკლოს ჩრდილოეთ მხარეს, გალავნის გარეთ, მიშენებულია ქვითკირის დილეგი.

სამრეკლოს აღმოსავლეთით დგას ორსართულიანი სასახლის ნაშთი, რომელსაც ამჟამად აღადგენენ. ილია ადამია აქ მარნის არსებობას ვარაუდობდა.

მონასტრის ვრცელი ეზო შემოზღუდულია უჩვეულოდ მაღალი ქვითკირის გალავნით, რომლის ზოგიერთი ადგილი ჩამოშლილია. გალავნის ჩრდილოეთ ნაწილში მოწყობილია შესასვლელი.
ეკის სამონასტრო კომპლექსში დღემდე შემორჩენილია ქვაზე ამოკვეთილი მრავალფეროვანი ორნამენტები და განუმეორებელი სიფაქიზით შესრულებული წნულები.

მონასტრის გალავნის გარეთ, ჩრდილო-დასავლეთით, დგას რამდენიმე წლის წინ შეძენილი ბერების საცხოვრებელი ოდა სახლი.

ეკის სამონასტრო კომპლექსი ციხე-სიმაგრის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა, აქ სამეგრელოს მთავარ დადიანების ერთ-ერთი რეზიდენცია იყო ეკლესიით, სასახლით და სხვა ნაგებობებით.

ისტორიკოსმა აბესალომ ტუღუშმა 1988 წელს გამოაქვეყნა ეკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისა და სამრეკლოს წარწერები.

ტაძრის კედელში ჩატანებული ქვაზე შესრულებული კარიბჭის სააღმშენებლო ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერის ილია ადამიას მიერ გადაღებული ფოტოს მიხედვით ტექსტის ა. ტუღუშისეული წაკითხვა ასეთია:

ქ. აღიშენა კ(ა)რ(ი)ბჭე ესე (ე)ლითა ივ(ა)ნე ქოროჯანის ძის(ა)თა შ(ეუნდევე)ნ ღ(მერთმან) ა(მი)ნ.

ტაძრის კარიბჭის აღმშენებელი ივანე ქოროჯანიძე XIV საუკუნის ოსტატი უნდა იყოს.

1847-1848 წლებში საქართველოში სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა გამოჩენილმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ. ის 1848 წლის აპრილში იყო სამეგრელოშიც და აღწერა აქაური სიძველეები.

მარი ბროსემ მის მიერ მოპოვებული მასალები 1851 წ. ფრანგულ ენაზე გამოსცა სანკტ-პეტერბურგში. მან გამოაქვეყნა ეკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სამრეკლოს წარწერა. ფრანგი მეცნიერი ამაზე წერდა: “ხსენებული ადგილიდან (შხეფი) რამდენიმე ვერსზე არის ეკის მონასტერი. ბატონმა ნოროვმა (არქიტექტორი ა.ს.) გადაწერა სამრეკლოს თაღზე არსებული წარწერა, რომელიც სამწუხაროდ შელახულია.

ბროსეს ცნობით, ბატონი ნოროვი აღნიშნავს, რომ ეკის ეკლესიის მთავარ ფასადზე, მაღლა, მოთავსებულია კირით დაფარული წარწერა, რომელიც კიბისა და წინასწარი გასუფთავების გარეშე ძნელია წასაკითხად. (წარწერას მიაკვლია და გამოაქვეყნა ილია ადამიამ).

ეკის სამონასტრო კომპლექსის შენობა-ნაგებობები, ეკლესია, სამრეკლო, სასახლე, მღვდლის სახლი 2014-2016 წლებში აღადგინა ოსტატთა ჯგუფმა დიმიტრი კატაშვილის ხელმძღვანელობით.
კომპლექსის აღდგენა-მშენებლობის პროცესს მეთვალყურეობდა მურთაზ ურიდია.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით ეკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში წირვებს ატარებს მღვდელი ალექსი (რეკვავა).
ათასწლეულების განმავლობაში დადუმებული ეკის უძველესი სამონასტრო კომპლექსი ისევ ქრისტიანული სულიერების სავანე ხდება.

წყარო: “ეკის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი”, ტექსტის ავტორი – ანზორ სიჭინავა. წიგნი დაბეჭდილია სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით. თბილისი, 2016.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

საკვირაო ქადაგება (11.12.2016)

$
0
0

სამება 11 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემედ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლს ურჩია, ახალ წელს სახლში “მკვდარი ნაძვის ხის” ნაცვლად, ნაძვის ნერგი შეიტანონ და ნერგების გახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მოდის ახალი წელი. ხშირ შემთხვევაში სახლებში შეაქვთ მკვდარი ნაძვის ხე. სასურველია, რომ შიეტანოთ ნაძვის ნერგი”, – განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა მრევლს მოუწოდა ნერგების გამოყვანა შეისწავლონ.

”ადამიანი ურთულესი ქმნილებაა ღვთის. ადამიანი არის ხატება ღვთის. ბევრ საკითხს ადამიანის გონება წვდება, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელსაც ვერ წვდება. მაგალითად, რა არის სიცოცხლე. მაგალითად, ავიღოთ მცენარე. შესაძლოა, ადამიანმა შექმნას მსგავსი თესლი, თუმცა ის თესლი იქნება მკვდარი, არავითარი სიცოცხლე მასში არ იქნება, თუმცა თუ ღვთისგან ჩადებელი სიცოცხლეა მასში, იზრდება და მრავლდება. მცენარეები, რომლებიც შეაქვთ სახლში, ტაძრებში, თუ მოჭრილია, ის მომაკვდავია. თუ სიცოცხლეა მასში, თუ ფესვის სისტემაა მასში, ის ცოცხალია და სიცოცხლე შეაქვს ადამიანის საცხოვრებელში. 10 წლის წინ გაიხსნა გამწვანების კოლეჯი საქართველოს საპატრიარქოში, სამების ტერიტორიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ ზურაბ შევარდნაძე და დედა თეკლე. ამ 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და მინდა დავლოცო მათი შემოქმედება. მოგიწოდებთ ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოთ”, – განაცხადა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, საქართველოს ბევრი ნერგი აქვს, რომელიც სხვა ქვეყნებში გააქვთ.

”ჩვენ ბედნიერი და მდიდარი ვართ იმით, რომ მრავალი მცენარე გვაქვს. ამით სარგებლობენ უცხოეთის ქვეყნები, რომლებსაც მიაქვთ თესლი საქართველოდან და ვრცელდება მსოფლიოში. მაგალითად, სოჭის ხე, რომლითაც მდიდარია რაჭა – საქართველოდან გააქვთ მისი თესლი და შემდეგ იზრდება სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით გამოირჩევა დანია”, – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქი 12 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში ლოცვას, 13 დეკემბერს კი, საღმრთო ლიტურგიას შეასრულებს

$
0
0

მართლმადიდებელი ეკლესია 13 დეკემბერს საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის სვეტიცხოველი ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ლოცვას 12 დეკემბერს, 18:00 საათზე, ხოლო საღმრთო ლიტურგიას 13 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.

წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი 442-502წწ-ში მოღვაწეობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (I)

$
0
0

13 დეკემბერი – ხსენება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62)

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებულიწმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: “აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ”. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა.

ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: “მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, “რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა” საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.

ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, “დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა”. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, “შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების”.
სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, “ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად”. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, “ფრიად შუენიერი და დიდი” წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. “დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა”, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას “რკინის ჯვარი”).

მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა.

“ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი”. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, “ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა”, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს – ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი – თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა “კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა”.

წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმიდან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და “დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე”, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ “ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ… შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა”. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა “აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან”. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: “წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი – სვიმეონს ვიტყვი კანანელსა – ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ”.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი”, № 18(225), 2003 წ.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (14.12.2016)

$
0
0

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2010წ. დაარსებული ფონდი „ივერიისა“ უკვე მეექვსე წელია მახათას მთაზე ახორციელებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. 2015 წლის დეკემბრამდე ფონდს ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ბევრი გააკეთა მისი წარმატებით ფუნქციონირებისათვის; მაგრამ მან, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო, პირადი სურვილით დატოვა ეს ორგანიზაცია.

მახათას მთა

ფონდის ხელმძღვანელობა დაეკისრა ბ-ნ გიორგი თავაძეს და მოხდა მისი რეორგანიზაცია. იგი გადაკეთდა საზოგადოებად, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან. ა.წ. 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, მოხდება საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მახათას მთაზე. 12:00 სთ-ზე კი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ბავშვებს და სრულიად საქართველოს.

ამ დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები,” – ნათქვამია განცხადებაში.

Viewing all 1611 articles
Browse latest View live