მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 31 ოქტომბერს წმიდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ შეიტყო, ლუკა მოციქული პალესტინაში ჩავიდა და უფლის მოწაფე გახდა. ღვთის სიტყვა მან სხვადასხვა მხარეში იქადაგა. მოწამეობრივი ღვაწლით კი ქალაქ თებეში აღესრულა.
გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა ღვთისმშობლის პირველი ხატების დამწერიცაა. “მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!” – უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს თავისი წმიდა გამოსახულების ხილვისას. გადმოცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელთან აკავშირებს. წმიდა მოციქულს ეკუთვნის თავთა მოციქულთა – პეტრეს და პავლეს ხატებიც.
ოთხთავთაგან ერთ-ერთი სახარება ლუკა მოციქულს რომში 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია. მასვე ეკუთვნის “საქმე მოციქულთა”, რომელიც ოთხთავის გაგრძელებაა და მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მოგვითხრობს.