21 მაისს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და მრევლს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაული მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორე.
როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ აღნიშნა, იოანე ღვთისმეტყველი არის სიყვარულის მქადაგებელი.
“სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებობისა. ამის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს, ვერ იცოცხლებს”, – განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ დამდეგ ამაღლების დღესასწაულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ოთხშაბათ საღამოს წირვა ჩატარდება სამების საკათედრო ტაძარში, ხოლო ხუთშაბათს – ამაღლების ტაძარში.
დღესვე ილია მეორემ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლოტი, მეუფე ისაია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
“დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ უმაღლესი ჯილდოთი მეუფე ისაიას. მეუფე თავდადებულად მოღვაწეობს ისეთ რთულ ეპარქიაში, რომელიც მას დაეკისრა. ღმერთმა ძალა და მადლი მისცეს მას. ამასთან დაკავშირებით ვაჯილდოებთ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით”, – აღნიშნა პატრიარქმა.