Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

ასურელები –“ათცამეტი მამები”

$
0
0

მართლმადიდებელი ეკლესია 20 მაისს წმიდა ასურელი მამების იოანე ზედაზნელისა და მისი 12 მოწაფის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

საქართველოში სირიიდან მოსულ ასურელ მამათა მოღვაწეობას უდიდესი ადგილი უჭირავს ჩვენი ქვეყნის სარწმუნოებრივ ცხოვრებაში. ცნობები მათი საქმიანობის შესახებ კარგა ხანს არეული ყოფილა. ასურელი მამები “მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ს მიხედვით, ნეტარი იოვანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები ფარსმან მეფის ზეობის დროს მოსულან. ასურელი მამების მოღვაწეობას ჯუანშერიც ამგვარად ათარიღებს.

თარიღის მსგავსად, გაურკვეველი იყო ასურელების საქართველოში გამოჩენის მიზანიც. არსებობს ცნობები, რომელთა მიხედვითაც ისინი ახლად მოქცეულ ქვეყანაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად მოსულან.

მ. ბროსემ ასურელ მამათა ცხოვრება კრიტიკულად განიხილა. აკადემიკოსი ყურადღებას მათ რაოდენობაზეც ამახვილებს. აღნიშნავს, რომ ზოგი 40-ს მიიჩნევდა, ზოგი კი მხოლოდ 12-ს ასახელებდა. სინამდვილეში იწოდებოდნენ, როგორც “ათცამეტი მამები”, ამიტომ ისინი ცამეტნი უნდა ყოფილიყვნენ. ბროსე მათ მოღვაწეობას VI საუკუნით ათარიღებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმ ლეგენდარული ხასიათისა, რომელიც მამების ცხოვრებაზე არსებულ ძეგლებში მოგვეპოვება, მრავალი საისტორიო მოვლენა არის აღნიშნული.

დ. ბაქრაძის გადმოცემით, ის ცნობა, რომ ასურელი მამები არიან “ქართველნი ნათესაობით”, უსაფუძვლო არ არის. ისინი საქართველოში შემოსვლისთანავე ქართულად საუბრობდნენ, ასრულებდნენ წირვა-ლოცვას და ერს მოძღვრავდნენ. აქედან გამომდინარე, ფიქრობდა, რომ ეს ფაქტი ცხადი სიმართლე იყო და ამ საკითხზე ხანგრძლივ საუბარს საჭიროდ არ მიიჩნევდა.

პროფესორმა კ. კეკელიძემ გამოაქვეყნა მონოგრამა, რომელშიც განხილულია ამბავი სირიელი მოღვაწეების ქართლში მოსვლის შესახებ. იგი ზუსტად არ ათარიღებს მათ ცხოვრებას. ფიქრობს, რომ არსებული ცნობები მამების ცხოვრების შესახებ თქმულებებსა და გადმოცემებზეა აგებული და ასეთი მასალა, ფაქტობრივად, სინამდვილეს ვერ მოგვითხრობს. პროფესორი ამტკიცებს, რომ ისინი არც ერთი ადგილიდან მოსულან და არც ერთსა და იმავე დროს გამოჩენილან საქართველოში. დ. ბაქრაძის მსგავსად, ასურელებს ისიც ქართველებად მიიჩნევს. ამას ის გარემოება აფიქრებინებს, რომ შორეული ასურეთიდან მოსულები ქართველებს სწრაფად დაუახლოვდნენ და ქართულად დაიწყეს ლაპარაკი.

ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ასურელი მამების ვინაობაცა და მოღვაწეობის დროც. ასეთ პირობებში რთულია გამოირკვეს, რომელი მსჯელობაა მეტად საფუძვლიანი და დამაჯერებელი.

როგორც აღვნიშნეთ, ბუნდოვანია ასურელი მამების საქართველოში მოსვლის მიზანიც. XIX-XX საუკუნეების მკვლევრები მათი გამოჩენის მიზეზად რამდენიმე ვარიანტს ასახელებენ. თ. ჟორდანიამ გამოთქვა ეჭვი, რომ ასურელები სომეხ მონოფიზიტებთან საბრძოლველად მოვიდნენ. კ. კეკელიძეს ისინი ქართველ მონოფიზიტებად ჰყავს წარმოდგენილი. გრ. ფერაძის აზრით, ქალკედონელი მამები უმთავრესად სამონასტრო მოძრაობის მეთაურნი იყვნენ საქართველოში.

აღსანიშნავია ისიც, რომ იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების მოსვლის მიზნად მარტოობაში ცხოვრების სურვილია დასახელებული. შემდეგ ნათქვამია, რომ იოანემ თავის მოწაფეებს ქართლში წასვლისა და იქ სარწმუნოების განმტკიცებისაკენ მოუწოდა. ამგვარად, სამონაზვნო მოღვაწეობის გარდა, ასურელი მამები საქართველოში საქადაგებლად, მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად გამოჩენილან. მათ ერთ-ერთ მიზანს აღმოსავლეთ საქართველოს განმტკიცებაც წარმოადგენდა.

ქართველი ისტორიკოსის, ჯუანშერის თქმით, ასურელი მამები ყოფილან “განმწმენდელნი სჯულისანი”. სჯულს სარწმუნოების განწმენდა მწვალებლობის შერევის დროს სჭირდება ხოლმე. ეს ცნობა სწორედ მათ არსებობას ამტკიცებს. თუ გავიხსენებთ VI საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში მონოფიზიტობის ბატონობას და გავითვალისწინებთ სხვადასხვა თხზულებებში დაცულ ცნობებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ასურელი მამები მონოფიზიტობის დაუძინებელი მტრები ყოფილან და განწმენდაც სწორედ მათ წინააღმდეგ ბრძოლას უნდა გულისხმობდეს.

მონოფიზიტობა ჩვენში სპარსთა მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ მძვინვარებდა (VI ს-ის 30-40-იანი წწ.). გიორგი მცირეს თავის თხზულებაში მოჰყავს გიორგი მთაწმინდელის სიტყვები: “ვითარცა ღვარძლი რაიმე, დათესული იყუნეს ქუეყანასა ჩუენსა ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი”. იგი გულისხმობს სომხური ეკლესიის გაძლიერებას ქართულ ეკლესიაზე, რომელმაც მონოფიზიტური მძლავრებით აგვიმღვრია “სარწმუნოებაჲ მართალი და ჭეშმარიტი”. კ. კეკელიძისა და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ასურელი მამებიც სწორედ ამ წლებში უნდა ჩამოსულიყვნენ. 70-იანი წლებიდან და VII საუკუნის დამდეგს საქართველო სრულებით ქალკედონური მიმართულების იყო. ასურელებმა 30 წელში გაწეული ღვაწლის წყალობით შეძლეს მონოფიზიტების პოზიციები შეესუსტებინათ და გამარჯვებისთვის მიეღწიათ. მათ განამტკიცეს ქართული კულტურის ეროვნული საფუძველი და ჩვენს ხალხს ეროვნულ-კულტურული გადაგვარების აშკარა საფრთხე ააცილეს.

ასურელი მამების ღვაწლიც ის ყოფილა, რომ ქართულ ეკლესიას თავიდან ააცილეს სომხური სარწმუნოების აღიარების უდიდესი საფრთხე, დაანგრიეს წარმართულ კერპთა ტაძრები და ააშენეს ეკლესიები. მათი საქმიანობა ხელს უწყობდა ქართული ქრისტიანული კულტურის განმტკიცებას. სირიაში მოღვაწე ბერებმა მტკიცედ განსაზღვრეს მართლმადიდებლური დოგმატი, რომ ქრისტე ორბუნებიანია, რომ იგი არის ღმერთიცა და კაციც – ღმერთკაცი.

მოამზადა სოფიკო აბულაძემ


Viewing all articles
Browse latest Browse all 1611

Trending Articles