24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრწანისის ომში დაღუპულ წმიდანებს იხსენებს.
წმ. მოწამე 300 არაგველისა და კრწანისის ომში საქართველოსთვის შეწირული სასულიერო და საერო პირების ხსენების დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კრწანისში, 300 არაგველის ძეგლთან მიბრძანდება და სასულიერო პირებთან ერთად, იქ დაღუპულ წმიდანთა სახელზე პარაკლსს გადაიხდის.
კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის ბრძოლა 1795 წელს გაიმართა. აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ სექტემბრის დასაწყისში გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო.
სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.
“წმიდა სინოდმა მოისმინა: უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II წინადადება ჩვენთა დიდთა წინაპართა, – გიორგი გურამიშვილის, მამა-შვილ კაკაბაძეების, 300 არაგველისა და კრწანისის ომში მოწყვეტილ სხვა გმირთა, – საერო და სასულიერო პირთა, – წმიდანად შერაცხვის შესახებ. წმიდა სინოდმა განაჩინა: 1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად. დაიწეროს მათი ხატი, ტროპარ-კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი…” – აღნიშნულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმში (27 ივნისი, 2008 წელი, თბილისი).
თეონა ნოზაძე