Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 1609 articles
Browse latest View live

მოციქულთასწორი წმ. თეკლას ხსენება (I)

$
0
0

ახალი სტილით 7 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთასწორის წმიდა თეკლას ხსენებას აღნიშნავს.

მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარიწმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდგვაროვანზე დანიშნეს, მაგრამ წმიდანმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა. მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის ქალწულება დაემარხა.

ამისთვის მისმა დედამ შვილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. წმ. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც იგი კოცონზე დაწვისგან სასწაულებრივად იხსნა.

პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და ღვთის სიტყვის ქადაგებდა. მან ქრისტეს სჯულზე უამრავი კერპთმსახური მოაქცია, რის გამოც ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.


წმიდა არსენი დიდი, კათოლიკოსი (+887)

$
0
0

25 (08.10) სექტემბერი

წმიდა არსენ დიდი, კათოლიკოსი დაიბადა დაახ. 820 წელს, სამცხის ცნობილი და გავლენიანი დიდებულის, მირიანის, ოჯახში.

აფხაზეთს მიმავალმა წმიდა გრიგოლის თანამოსაგრეებმა, თეოდორემ და ქრისტეფორემ (ხს. 5 ოქტომბერს), გზად სამცხეში, მირიანის სახლთან გაიარეს, მირიანმა სახლში მიიწვია ბერები. წმიდა არსენი დიდი, კათოლიკოსი დილით მან და მისმა მეუღლემ, ბერებს შვილები დაალოცვინეს, შემდეგ კი, მათი სათნოებით გაკვირვებულებმა, უმცროსი ძე, ექვსი წლის არსენი მისცეს აღსაზრდელად. ბერებმა მშობლებს აღუთქვეს, კლარჯეთის უდაბნოს არქიმანდრიტს, გრიგოლს, წარუდგენდნენ ყრმას.

როცა ღირსმა გრიგოლმა თავისი რჩეული ძმები – თეოდორე და ქრისტეფორე მოიძია აფხაზეთში და მათთან ერთად კვლავ კლარჯეთს დაბრუნდა, ყრმა არსენი, მომავალი „კათოლიკოზი ქართლისა და მცხეთის საყდრის გვირგვინი დაუჭნობელი“ და ჭაბუკი ეფრემი, შემდგომ აწყურის სასწაულთმოქმედი ეპისკოპოსი, თან გაიყოლა.

მონასტრის ბერებმა მოძღვრის და ძმების დაბრუნებით გაიხარეს, მაგრამ ყრმების მოყვანას დრტვინვით შეხვდნენ, რადგან სამონასტრო წესდება ამას კრძალავდა. ღირსმა გრიგოლმა აუწყა საძმოს, რომ ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, თვით ღვთის ნებით ნაკარნახევი, რათა „ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისა“.

როდესაც არსენი სრულწლოვანი გახდა, მამამ, მირიან აზნაურმა, იგი საეკლესიო და სამღვდელმთავრო კრების დაუკითხავად, სამცხის ერისკაცთა დახმარებითა და რამდენიმე ეპისკოპოსის თანადგომით, კათოლიკოსად დაადგინა. ეს იყო საეკლესიო კანონების უხეში დარღვევა და ერისკაცის კადნიერი ჩარევა მის საქმეებში.

ქართლის და კლარჯეთის სამღვდელოებამ სადავო საკითხის გადასაჭრელად საეკლესიო კრება მოიწვია ჯავახეთში. კრებას თავმჯდომარეობდა ეფრემ მაწყვერელი. საეკლესიო სამართალი მამათა მხარეს იყო. არსენს გადაყენება ემუქრებოდა, მაგრამ კრებაზე გამოცხადდა მამა ყოველთა მეუდაბნოეთა – გრიგოლ ხანძთელი და ყველა, მათ შორის ეფრემიც, დაარწმუნა იმაში, რომ არსენის კათოლიკოსის ტახტზე დადგინება ღვთის ნებით აღსრულდა: „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობიჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს, არამედ მირეან მამან მისმან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებითა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელი არ-ღა მწიფე იყო“.

მღელვარება ჩაცხრა. ეფრემსა და არსენს შორისაც განახლდა სიყვარული.

კათოლიკოსმა არსენმა აკურთხა ხანძთის ძველი ეკლესია, თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით და ქრისტესმიერი სიყვარულით ქართლის ეკლესიებს სიხარული მოჰფინა, „საყდარი მამათმთავრობისაჲ შეამკო სრულიად და შეიმკო მადლითა“.

წმიდა არსენი შესანიშნავი ჰაგიოგრაფი და ისტორიკოსი იყო. მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, რომელშიც გადმოცემულია სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების ისტორია.

არსენ დიდსავე მიაკუთვნებენ „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებასა და წამებას“.

წმიდა არსენი ოცდაშვიდი წლის მანძილზე განაგებდა ქართლის ეკლესიას. გარდაიცვალა 887 წელს და „მხიარულებით მიიწია ქრისტესა და აქუს მადლი შეწევნად ჩუენდა“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

საკვირაო ქადაგება (08.10.2017)

$
0
0

პატრიარქი 8 ოქტომბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ყოველი ადამიანი მიდის წინ ან უკან. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია მიდის წინ, ქართველი ხალხი მიდის წინ. ეს ზოგიერთს აღიზიანებს. ჩვენ უკან ვერ დავიხევთ, ვერ წავალთ უკან, ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს იყოს სათნო ღვთისათვის და სასარგებლო ადამიანისთვის.

ხშირად მეკითხებიან, ამ 40 წლის განმავლობაში რა გაკეთდა ყველაზე მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკეთდა ის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ უძველესი ტიპიკონი შვიდი ლოცვისა. შვიდი ლოცვა ღვთის დიდი წყალობაა. შვიდი ლოცვა სასწაულებს ახდენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა. ჩვენ ვლოცავთ გვარებს, მაგრამ ალბათ ეს არ არის საკმარისი. რაღაც უფრო უნდა გაძლიერდეს ლოცვა. ჩვენი ლოცვა არ არის ფანატიკური მოქმედება. ჩვენი ლოცვა უშუალო კავშირია ღმერთთან.

ჩვენ ბევრი გვიფიქრია იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ჩვენი ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, რომ კარგი იქნებოდა ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. თქვენ გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა ლოცვითა და მარხვით განიდევნება. შემოვიდა აზრი და მე ძალიან მომწონს ეს, რაც ძნელი არ არის – ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები – მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები, ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამებით, ამ წმინდა ტაძრიდან. დავუშვათ, დღეს 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს. შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. ვფიქრობ, ეს საოცარ შედეგს მოიტანს.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ხალხში სიყვარული და პატივისცემა. ძველი რომაელები ამბობენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ამას ვერ ვიტყვით, ვერ ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის სიყვარულია, ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ძმებს დავეხმაროთ, ვინც არ უნდა იყოს. მით უმეტეს, თუ გაჭირვებულია ადამიანი და არის ცოდვაში ჩავარდნილი, მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ ამ სულიერ კიბეზე ასვლას. ეს იქნება სულიერი კიბე, რომელიც სასუფეველში მიგვიყვანს”, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

ქადაგების დასრულების შემედგ პატრიარქმა გვარები დალოცა და მრევლს მიმართა, მოემზადონ სულიერი მოღვაწეობისთვის.

მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა

$
0
0

ახალი სტილით 9 ოქტომბერი – მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა

წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ანდრია მოციქულთან ერთად თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,35-40). მიცვალება წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა შემდგომ ქრისტემ წმიდანს, „რომელი ბადეთა და თევზთა და ტბასა შინა იქცეოდა“, ძმით, იაკობითურთ მოუწოდა და კაცთა მონადირედ დადგინება აღუთქვა (მთ. 4,21). მანაც დაუტევა ყოველივე.

მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმიდისათვის ქრისტემ გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად განსაკუთრებით დაიახლოვა.

იოანე ღვთისმეტყველმა საკუთარი თვალებით იხილა იაიროსის ასულის განკურნება და უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე.

საიუდმლო სერობაზე პეტრემ, „დაღათუ პირველი იყო მოწაფეთაჲ“, თავად ვერ იკადრა და იოანეს სთხოვა მოძღვრისათვის ეკითხა, „თუ ვინ მიუდგა საზარელსა მას განმცემლობასა“. ისიც მკერდზე მიეყრდნო ქრისტეს და ჰკითხა: „ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ და მაცხოვარმა „მყისვე აღუხსნა კითხული და პურითა მოასწავა განმცემელი“.

ცხადია, რომ როცა იოანემ ძმასთან ერთად იესოსგან მისი მახლობელი საყდარი ითხოვა (მკ. 10,35-36): „არა ვითარცა დიდების ტრფიალმან, არამედ ვითარცა ქრისტეს ტრფიალმან ითხოა იგი, რადგან სურდა, არავინ ყოფილიყო სხუაჲ მისსა უმახლობელესი სასურველისაჲ“.

წმიდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; ნეტარი გოლგოთის გზაზეც შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და „მოწაფე იგი, რომელი უყუარდა“, დედას უთხრა: „დედაკაცო, აჰა ძე შენი!“ შემდეგ კი იოანეს უთხრა: „აჰა დედაჲ შენი!“ (იოანე 19,26-27). ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმიდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.

როდესაც ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მის წმიდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალავად მიასვენებდნენ, იოანეს ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა მას.

ამ დრომდე წმიდა მახარებელი იურუსალიმში ქადაგებდა და არაერთხელ დაუთმენია დევნა იუდეველ მღვდელმსახურთაგან.

ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ იოანე მოწაფესთან, პროხორესთან ერთად თავის წილხვედრ ქალაქ ეფესოში წავიდა. გზად იოპიაში მათ ძლიერმა ქარიშხალმა მოუსწრო და ხომალდი, რომლითაც მიემგზავრებოდნენ, დაიღუპა. ზღვამ ყველა მგზავრი ნაპირზე გამორიყა, მხოლოდ იოანე დაინთქვა უფსკრულში. პროხორე გულამომჯდარი მოთქვამდა მოძღვრის დაკარგვის გამო, ბოლოს კი მარტო დარჩენილმა გზა განაგრძო. მეთოთხმეტე დღეს მან იხილა, რომ ტალღებმა ნაპირზე ადამიანი გამოაგდო. როცა ნეტარი უცნობს მიუახლოვდა, გაოცებამ და სიხარულმა შეიპყრო – ეს იოანე მახარებელი იყო, რომელიც უფალს მთელი ან ხნის მანძილზე ზღვის წიაღში უვნებლად დაეცვა.

მოძღვარი და მოწაფე ეფესოსკენ გაემართნენ, სადაც წმიდა იოანე მძვინვარე წარმართებს შორის დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს. მის ქადაგებებს მარავალრიცხოვანი სასწაულები ახლდა თან და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცეულთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. როდესაც იმპერიაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იოანე შეიპყრეს და ერთი წყაროს მოწმობით, იმპერატორ ნერონის (53-68) სხვა ცნობით კი – დომიციანეს (81-96) სამსჯავროზე წარადგინეს.

ქრისტეს აშკარა აღსარებისთვის ნეტარს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ უფალმა დაიცვა თავისი რჩეული. წმიდა მოციქულს მომაკვდინებელი შხამით სავსე ფიალა გამოაცლევინეს, მაგრამ ცოცხალი გადარჩა, ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ იქიდანაც უვნებელი ამოვიდა. ამის შემდეგ იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მრავალი წელი დაჰყო. იოანემ თავისი ქადაგებებით და სასწაულებით მთელი კუნძულის მოსახლეობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია.

იოანეს გამოცხადება

ნეტარი მახარებელი თავის მოწაფესთან, პროხორესთან ერთად უდაბურ მთაზე ავიდა და სამი დღე იმარხა. მისი ლოცვის დროს მთა შეზანზარდა და საშინლად იქუხა. შეძრწუნებული პროხორე მიწაზე დაემხო. იოანემ წამოაყენა ნეტარი და უბრძანა ჩაეწერა, რასაც მისგან გაიგონებდა: „მე ვარ ანი და ჵ, იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოცხ. 1,8) – ამბობდა ღვთის სული მოციქულის მიერ. ასე დაიწერა დაახლოებით 67 წელს იოანეს გამოცხადება, ანუ აპოკალიფსი, რომელშიც ეკლესიისა და სამყაროს მომავალი და დასასრულია განცხადებული.

ხანგრძლივი გადასახლებიდან განთავისუფლების შემდეგ იოანე მახარებელი ეფესოში დაბრუნდა. იგი აქედან ადევნებდა თვალყურს ყველა მახლობელი ეკლესიის ცხოვრებას, ხშირად მოიხილავდა მათ და ქრისტიანულ სარწმუნოებას წარმართული ამაოდბრძნობით შერყვნისაგან იცავდა.

იოანე მახარებელი უპირატესად სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა.

იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდოდა დაეცვათ და ერთმანეთი ყვარებოდათ. როცა ნეტარი წლებმა იმდენად დაამძიმა, რომ ქრისტიანთა თავყრილობებზე სიარული არ შეეძლო და მოწაფეები დაატარებდნენ, უწინდელივით ქადაგებასაც ვეღარ ახერხებდა და მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: „შვილნო, იყუარებოდეთ ურთიერთას“. ბოლოს მოწაფეებმა ჰკითხეს მოძღვარს, რატომ უმეორებდა მათ გამუდმებით ერთსა და იმავეს, იოანემ კი უპასუხა: „ეს უფლის მცნებაა და თუ მას დაიცავთ – კმა გეყოფათ“.

იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა სასუფეველს შეერთო.

წმ. იოანე მახარებლის მიცვალება

ერთხელ ნეტარი შვიდ მოწაფესთან ერთად ეფესოდან გავიდა, ქალაქის სიახლოვეს, მაღალ კლდეზე განმარტოვდა და ილოცა, შემდეგ კი სიყვარულით დაემშვიდობა ყველას, ჯვრის სახის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მიწის დაყრა ითხოვა. მოწაფეებმა ტირილით დაჰკოცნეს ძვირფასი მოძღვარი, მაგრამ ურჩობა ვერ გაბედეს და საფლავი ნელ-ნელა ამოავსეს. ეს რომ ეფესელებმა შეიტყვეს, მივიდნენ მოციქულის სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.

ყოველწლიურად, 8 მაისს, იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომელსაც მორწმუნეები აგროვებდნენ და სასწაულბრივ იკურნებოდნენ. ამის გამო ეკლესია წმიდა მოციქულის ხსენებას 8 მაისსაც აღნიშნავს.

უფალმა თავის საყვარელ მოწაფეს ძმასთან ერთად „ბანერგეს“ – ძენი ქუხილისანი უწოდა და ამით მიანიშნა მათ ცეცხლოვან მოშურნეობაზე და სულის სიძლიერეზე. იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი – სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება „ღვთისმეტყველი“ წმიდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმიდა იოანეს მიაკუთვნა – ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ბიომევენახეობის განვითარება საქართველოში

$
0
0

საქართველოში მევენახეობის ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს მევენახეობის სპეციალისტების არარსებობა, ან მათი არასათანადო ცოდნა-გამოცდილება. დარგობრივი ლიტერატურა საკმაოდ მწირი, ან მოძველებულია და ამჟამინდელი სიტუაცია ნამდვილად ითხოვს თანამედროვე, პოპულარულ ლიტერატურას, რისი დეფიციტიც დღეს ძალზე მკაფიოდაა გამოკვეთილი.

რაც შეეხება მევენახეობის ბიომიმართულებას, ეს საქმიანობა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ დაიწყო დაახლოებით 20 წლის წინ. ამ წამოწყებას ახლდა კიდეც რიგი პრობლემები – იმჟამინდელი საზოგადოების მენტალიტეტის, ბიოპრეპარატების არარსებობისა და სხვათა სახით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმ რთულ პერიოდშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამ საქმეს მოჰკიდეს ხელი მიუხედავად ხსენებული პრობლემებისა. თავდაპირველად ზოგიერთი მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატი არც არსებობდა და მევენახეობის ამ მიმართულების მიმდევრები მავნებლებს ძირითადად გოგირდით ებრძოდნენ. ბიოვენახი როგორც ზემოთ ითქვა, ბიომევენახეობის განვითარებას გარკვეულწილად მოსახლეობის მენტალიტეტმაც შეუშალა ხელი. იმ პერიოდში ღვინის ძირითადი ბაზარი იყო რუსეთი, სადაც ქართული ქარხნებიდან უმეტესწილად ფალსიფიცირებული ღვინო გადიოდა. (რუსეთთან მიმართებაში დიდი არაფერი შეცვლილა დღემდე…). გარდა ამისა, მოსახლეობას ნაკლებად ჰქონდა გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ ამ საგანში მთავარი არის არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტი, ანუ ღვინო, არამედ გარემოზე ზრუნვა და ნიადაგისა და მცენარეების დაცვა ჰერბიციდებისა და სისტემური პრეპარატებისაგან, რაც ნიადაგზე დამღუპველად მოქმედებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჰერბიციდების ხანგრძლივ, უკონტროლო გამოყენებას გამოუსწორებელი ზიანი მოაქვს ნიადაგისათვის, რის დროსაც ეს უკანასკნელი არის მკვდარი და მას სიცოცხლის უნარი აღარა აქვს. ისეთი ნიადაგის აღდგენას, სადაც რეგულარულად შედიოდა ჰერბიციდები, შესაძლოა 100 წელზე მეტიც კი დასჭირდეს… დიდად სამწუხაროა, რომ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ჰერბიციდებს მევენახოებაშიც იყენებენ, რაც ყოვლად გაუმართლებელია. ეს გახლავთ სავენახე ნიადაგისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა. სწორედ ამიტომ ჩვენი სოფლის მეურნეობის სავარგულების გარკვეული ნაწილი კატასტროფულ დღეშია. ეს მაჩვენებლი ძალზე მცირეც რომ იყოს, მცირე მიწიანი ქვეყნისთვის მაინც სავალალოა.

ამ ეტაპისთვის სერტიფიცირებული მევენახეების რიცხვი და შესაბამისად მათი სავენახე ფართობები საკმაოდ მცირეა, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 5 წლის მანძილზე ამ მხრივ ინტერესი სულ უფრო იზრდება. რიგ შემთხვევებში, ის მევენახეებიც კი, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ თავიანთი მოსავალი გაყიდონ, ყურძენი ბიოპრეპარატებით, ან ბიოწარმოებაში დაშვებულები პრეპარატების გამოყენებით მოჰყავთ, რადგან ამგვარი წესით მოყვანილი მოსავალი უკეთ ეყიდებათ. ბოლო პერიოდში ოჯახური, მცირე მარნების მშენებლობა ფართო ხასიათს იღებს. ასეთი მარნები ხშირად ახალშენ ვენახებს ფლობენ და სანამ მათი ვაზი მსხმოიარობაში შევა, ისინი ყურძენს იძენენ ძირითადად იმ მევენახეებისგან, რომლებიც არ იყენებენ სისტემურ შხამ-ქიმიკატებსა და ჰერბიციდებსა თუ მინარალურ სასუქებს. უნდა ითქვას, რომ ბიომევენახეობისათვის, ესე იგი ამ საქმიანობის ოფიციალურად დადასტურებისათვის საჭიროა ბიოსერტიფიკატის მიღება, რითაც მტკიცდება, რომ მევენახე იცავს ბიომევენახეობის პრინციპებს. ამ ყოველივეს აკონტროლებს მასერტიფიცირებელი ორგანო „კავკასსერტი“. მთლიანი პროცესი სამწლიანია. იგულისხმება ის, რომ მევენახე, რომელიც გადაწყვეტს, თავისი ვენახის მოვლა ბიოპრინციპებით გააგრძელოს, ხელშეკრულებას დებს აღნიშნულ მასერტიფიცირებელ ორგანოსთან და სამწლიანი დაკვირვებისა და კოტროლის შემდეგ მევენახე მიიღებს ბიოსერტიფიკატს.

ჩვენი მოკლე წერილის მთავარ საგანს შევეხები და მოგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიოს ინდუსტრიული ღვინის წარმოებაში ვერ შეეჯიბრება, რადგან ჩვენი ვენახების ფართობი და თუნდაც პოტენციალი საკმაოდ მცირეა. თუმცა კი ჩვენი სავენახე ფართობები ნიადაგურ-კლიმატური თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ ეს უკანასკნელი ინდუსტრიული წარმოებისთვის ხელისშემშლელიც კი არის. ამ საკითხების შესახებ თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ ისაუბრა პირველად. არაერთხელ გვითქვამს და კვლავაც გავიმეორებთ, რომ წმინდა ილია მართლის ნარკვევი „ღვინის ქართულად დაყენება“ ზედმიწევნით წარმოაჩენს პრობლემას და აქვე გვიჩვენებს ამ პრობლემის გადაჭრის გზას. ჩვენი შანსი, დავიმკვიდროთ ღვინის განვითარეული ქვეყნების ბაზარი ბიოწარმოების შემთხვევეაში ერთიორად იზრდება და ეს უპირატესასდ ტრადიციულ მარნებს ეხება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბიოყურძნის ინტერესს უკვე ღვინის ქარხნებიც იჩენენ, რაც, ცხადია, მისასალმებელია.

ჩვენს ქვეყანაში ბიომევენახეობის განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაც ესაჭიროება, რასაც მხოლოდ კეთილი სურვილები და განწყობა არ ჰყოფნის. ისეთი ისტორიის, ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციების ქვეყნისათვის, როგორც ჩვენ ვართ, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიული მიმართულების ნებისმიერი დარგის განვითარება დამღუპველია. ამიტომ ჩვენი ორიენტირი სოფლის მეურნეობაში მხოლოდ ბიოწარმოება უნდა იყოს. ამ მიმართულებით კი შესაბამისი კადრებია აღსაზრდელი, რისი დეფიციტიც დღეს ძალზე მწვავედ დგას. ხშირია შემთხვევა, როდესაც ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების ცენტრებში მევენახეობის საქმის სპეციალისტად უვიცები საღდებიან და ეს მხოლოდ მევენახეობას არ ეხება! გასაგებია, რომ ნახევრად დანგრეულ ქვეყანაში უცაბედად ვერ მოხერხდება ყველა დარგის პროფესიონალის მოძიება და დანიშვნა, მაგრამ მათი გამოზრდა მაინც ხომაა შესაძლებელი?

ბიომევენახეობის განვითარების კიდევ ერთი ხელშემშლელი მიზეზია საწამლი დანადგარების სიძველე და ნაკლებეფექტურობა, ასევე ბიოპრეპარატებისა თუ ბიოწარმოებაში დაშვებული პრეპარატების ხელმიუწვდომლობა და ხშირად მათი ფალსიფიკაციაც. ყოველივე ხსენებული პრობლემა უნდობლობით განაწყობს ადამიანს, მაგრამ თუკი ეს პრობელემები მოგვარდა, მაშინ ბიომევენახეობის განვითარებას წინ აღარაფერი დაუდგება და მევენახეობის ბიომიმართულება მალე საკმაოდ განვითარდება ჩვენს ქვეყანაში.

გიორგი ბარისაშვილი

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (10.09.2017)

$
0
0

საპატრიარქო

შეგახსენებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა გასული კვირის ქადაგებაში ბრძანა, რომ მოყვასისადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად კარგი იქნება, თუ დასალოცად მოსული ესა თუ ის გვარი მთელი გვარის სახელით შემოწირავს სამ ცხვარს, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა.

ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება და მისი განხორციელების შემთხვევაში მოწყალება გაკეთდება გვარის სახელით, რითაც ღვთივსათნო საქმე აღესრულება.

წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება

$
0
0

საპატრიარქო პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცახდებით, დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველი საკითხები საჯარო არ არის და მხოლოდ მღვდელმთავრებისთვის არის ცნობილი. სხდომა 12 საათისთვისაა ჩანიშნული.

წმინდა სინოდის სხდომა მნიშვნელოვან საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით ძირითადად წელიწადში ორჯერ იმართება. ხვალინდელი სხდომა წელს რიგით მეორეა. პირველი, 2017 წლის 9 მარტს ჩატარდა. სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე იყო.

წმინდა სინოდის სხდომას საქართველოს პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს.

წმინდა სინოდის სხდომის ოქმი (11.10.2017)

$
0
0

სინოდი

საქართველო სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის
ოქმი

სხდომის თავმჯდომარე: ილია -II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სხდომის მდივანი: – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი

სხდომას ესწრებოდა : 38 მღვდელმთავარი

სხდომას არ ესწრებოდა: 9 მღვდელმთავარი

წმიდა სინოდის სხდომა გახსნა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია-II-მ. უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა აღნიშნა, რომ „… იწურება 40 წელი ჩვენი პატრიარქობისა და უნდა განვიხილოთ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში, რა გამოგვრჩა, რა შეცდომა დავუშვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები და იგი დაიწყო ჯერ კიდევ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში; ყველას მოგეხსენებათ, რომ მკაცრი პირობები იყო და მკაცრი დრო; მიუხედავად ამისა ბევრი რამ გაკეთდა…“ ; ამის შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს დანიელს.

1. მიტროპოლიტმა დანიელმა მოკლედ მიმოიხილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის 40 წლიანი მმართველობის პერიოდი; მან აღნიშნა, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განვლილ პერიოდში გადაიდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით. ხაზი გაესვა სამღვდელოების გამრავლებას, ეპარქიების გამრავლებას და შესაბამისად მღვდელმთავართა რიცხვის ზრდას სინოდის შემადგენლობაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ეპარქიების დაფუძნებას. ისაუბრა იმის შესახებ ასევე, რომ ეკლესიას მოწყვეტილი საზოგადოება დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს, ხოლო თვით ეკლესია აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. მიუხედავად სხვადასხვა წინააღმდეგობებისა, ეკლესია დღესაც ამ გზას ადგას. ასევე გაიხსენა ეკლესიის როლი ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე; ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ისაუბრა საპატრიარქოს საფარველქვეშ საგანმანათლებლო-სოციალური დაწესებულებების გამრავლების, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმების შესახებ, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ცხოვრებაში.

… და ბოლოს, მეუფე დანიელმა დასძინა: – ის, რაც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ძალისხმევით გაკეთდა, ჩვენი მხრიდან ითხოვს სათანადო შეფასებას და დაფასებას; სწორედ ამიტომ, მთელი ერი უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები და მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ერის გაერთიანება“.
მოხსენების შემდგომ აზრი გამოთქვეს: ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.
დასასრულს მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ, ილია II-მ დასძინა: „დიდება უფალს, რომ ყოველივე ეს შეგვაძლებინა და ეს მოხდა წმიდა სინოდის დახმარებით”.

სინოდმა დაადგინა:

მოწონებულ იქნას მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 40 წლიანი მოღვაწეობის შესახებ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის 40 წლიანი ისტორიის აღწერის აუცილებლობის შესახებ, რაც შემდგომში წიგნად გამოიცემა და რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც აღწერენ ეპარქიების ცხოვრებას განვლილ პერიოდში.
წმიდა სინოდმა დაადგინა:

საქართველოს ეკლესიის თითოეულმა მღვდელმთავარმა უმოკლეს დროში საპატრიარქოს სამდივნოში წარმოადგინოს სრული აღწერილობა მათ ეპარქიებში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე აღსრულებული საქმეებისა.

III. მოსმენილ და განხილულ იქნა:

გურჯაანის და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმეს, მიტროპოლიტ სერაფიმეს და ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) პერსონალური საკითხები.
აღნიშნულ საკითხზე გაიმართა მსჯელობა; მღვდელმთავართა მიერ გამოითქვა აზრები.
წმიდა სინოდმა დაადგინა:

1) მთავარეპისკოპოს ექვთიმეს აღუდგეს ღვთისმსახურების უფლება.

2) ა)მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება;

ბ) მიტროპოლიტ სერაფიმეს საქართველოს საპატრიარქოდან დაენიშნოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება.

3) ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეთითოს, რომ იგი უნდა დაემორჩილოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებული იყო მონასტერში სინანულისათვის; წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მის პერსონალურ საკითხს.

IV. წმიდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ. სინოდის სხდომაზე სიტყვა მიეცა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს.
მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან.

აღნიშნული სააპელაციო-საკასაციო პროცედურების დასრულების შემდგომ წმიდა სინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.


სვეტიცხოვლობა –სადღესასწაულო ქადაგება (14.10.217)

$
0
0

სვეტიცხოველი 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – სვეტიცხოვობა მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ბრძანა, რომ „ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახს“.

„წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახსა და აი, ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც სულიწმინდა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანებათა აღმავსებელი, მადლი სულისა წმინდისა, უხილავად მოქმედებს ჩვენს ზედა. გილოცავთ დღევანდელს დღეს, სვეტიცხოვლობას. მადლი ყოვლად წმინდისა სულისა, სიყვარული ღვთისა და მამისა და ძისა და სულიწმინდისა, იყოს ჩვენზე, საქართველოზე, მთელს მსოფლიოზე. ჩვენთან არს ღმერთი“, – ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და მთელ საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მცხეთიდან მიულოცა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამ ტაძარში 1977 წლის 25 დეკემბერს პატრიარქის აღსაყდრება მოხდა.

“მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, ეს არის მე-40 სვეტიცხოვლობა მისი პატრიარქობის და მას პირველ რიგში, ვუსურვებ დღეგრძელობას და საქართველოს – ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფებას. ამ ქვეყნისთვის ეს არის უფლის ძალიან დიდი მადლი. მე მინდა ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, საქართველოს ვუსურვო გაძლიერება და უკეთესი მომავალი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკვირაო ქადაგება (15.10.2017)

$
0
0

პატრიარქი 15 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა და მოწამეების, დავით და კონსტანტინეს ხსენების დღე მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

”დავით და კონსტანტინე ცნობილი წმინდანები არიან. მათ განიცადეს მოწამეობრივი სიკვდილი და კომუნისტების დროს მეორე წამება იყო მათი. მაგრამ წყალობა თვთისა არ მოკლებია ამ წმინდანებს და საქართველოს”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა ქადაგებისას მრევლს შეახსენა, რომ მომავალ შაბათს ბავშვებისა და ოჯახების დალოცვის მიზნით პარაკლისი აღევლინება.

პეტრიწონის სავანე ბულგარეთში

$
0
0

პეტრიწონის ქართველთა სავანე პეტრიწონის ანუ ბაჩკოვოს სავანე მთელ ბულგარეთში სიდიდით მეორე ადგილზეა რილის მონასტრის შემდეგ. იგი აშენებულია სოფელ ბაჩკოვოში (წინათ ეს სახელი ერქვა სოფელ პეტრიწონის ერთ-ერთ საყანე ადგილს (რაც ბერძნულად ,,კლდეს” ნიშნავს (,,პეტრა”). აქედანაა მონასტრის პირვანდელი სრული დასახელებაც: ,,მონასტირიონ ტო ივერიკონ პეტრიწონ”), ის მდებარეობს ასენოგრადის რაიონში, ქ. პლოვდივიდან 28 კილომეტრის დაშორებით, როდოპის ხეობის მდინარე ასენიცას (ჩეპელარსკას) მარჯვენა მხარეს.

პეტრიწონის სავანის დამაარსებელი და აღმშენებელია ბიზანტიის კეისრის – ალექსი კომნენის კარზე გაძლიერებული თავადი, დასავლეთის ჯარების მთავარსარდალი, მე-11 საუკუნის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე, ტაოელი გრიგოლ ბაკურიანისძე. მან სავანის ასაშენებლად სპეციალურად შეარჩია თავისი კუთვნილი სოფელი პეტრიწონი, რომელიც ბუნების მრავალი სიკეთით იყო უხვად შემკული. გრიგოლმა თავის ძმასთან, აბასთან ერთად, 1083 წელს ბულგარეთში (მაშინ იგი ბიზანტიის შემადგენლობაში შედიოდა) ააშენა პეტრიწონის სავანე, ხოლო 1084 წელს სავანეს შეუდგინა ტიპიკონი (წესდება).

გრიგოლის მამა, ერისთავთერისთავი ბაკურიანი, ბაგრატიონთა დიდებულ გვარს ეკუთვნოდა. მას და მის ძმას, ხვასროვანს, ტაოში დიდი მამულები ჰქონდათ და პატივითა და დიდებით იყვნენ მოსილნი. ბაკურიანს ჰყავდა რამდენიმე ასული და ორი ვაჟი – გრიგოლი და აბასი. გროგოლს მამა (ბაკურინი ა.პ.) ადრე გარდაეცვალა, დედამ მთელი ქონება თავის ქალიშვილებს დაუტოვა მზითევში, გრიგოლს და აბასს კი არაფერი მისცა. მათ დიდი გაჭირვება ნახეს ცხოვრების გზაზე, სანამ ქონებას შეიძენდნენ. ძმებმა ქონება და პატივი ხმლით მოიპოვეს. განსაკუთრებით დაწინაურდა უფროსი ძმა გრიგოლი, გულადი მეომარი და შორსმჭვრეტელი სარდალი. გრიგოლი და აბასი განათლებული, ხელოვნებისა და ფილოსოფიის მოყვარული კაცები ყოფილან. 1083 წელს აბასი გარდაიცვალა და თავისი ადგილ-მამული ანდერძით ძმას დაუტოვა.

კეთილსინდისიერი სამსახურისთვის იმპერატორ ალექსი კომნენოსს გრიგოლი დასავლეთის დიდ დომესტნიკად, ე.ი. იმპერატორის ჯარების მხედართმთავრად დაუნიშნავს ევროპაში. გრიგოლს მიანიჭეს სევასტოსის (,,პატიოსანი”) წოდება. იმდროინდელ საბერძნეთში ეს წოდება კეისაროსის შემდეგ ყველაზე მაღალი ტიტული იყო. იმპერიაში ორი დომესტნიკი იყო: აღმოსავლეთის და დასავლეთის. ერთ-ერთი მათგანი (დასავლეთის) გრიგოლ ბაკურიანისძე გახლდათ. იმპერატორისგან საჩუქრად გრიგოლს ბევრგან ჰქონდა მიღებული ადგილ-მამულები. კერძოდ, ანისის მხარეში, ტაოს მხარეში, არმენიაკთა თემში, ფილიპოპოლში, ახრიდონში, სოფელ სიკონში, ხარპეტიკონში და ვოლერონში.

1086 წელს ბიზანტიას პაჭანიკები შემოესივნენ. გრიგოლ ბაკურიანისძეს მოადგილედ ჰყავდა მამაცი ნიკოლოზ ვრანა. როდესაც ბიზანტიელები მიუახლოვდნენ ციხე-სიმაგრე ბელიატოვოს, სადაც პაჭანიკები იყვნენ დაბანაკებულნი, გრიგოლ ბაკურიანისძემ, სტრატეგიულად არახელსაყრელი პირობების გამო, თავი შეიკავა იერიშისგან. პაჭანიკებს კარგად გაემაგრებინათ ბელიატოვოს მისასვლელები და ასეთ პირობებში პირდაპირ იერიშით ციხე-სიმაგრის აღება და გამარჯვება საეჭვო იყო. მაგრამ ნიკოლოზ ვრანის დაჟინებული მოთხოვნით დაიწყო ბრძოლა და ამ ბრძოლაში ბიზანტიელები დამარცხდნენ. გმირულად დაიღუპნენ ნიკოლოზ ვრანა და გრიგოლ ბაკურიანისძეც. როდესაც ეს სამწუხარო ამბავი შეიტყო ალექსი კომნენოსმა, მან მწარედ დაიტირა გრიგოლ ბაკურიანისძე, რადგან იმპერატორს განსაკუთრებით უყვარდა იგი.

გრიგოლის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე (1083წ.) ბიზანტიაში სიმშვიდემ დაისადგურა. გრიგოლმა გადაწყვიტა თავისი სიმდიდრე და უფლებები გამოეყენებინა და სამშობლოდან მოშორებულ კაცს სულის ხსნისათვის ეზრუნა. მან თავის მამულში, სოფელ პეტრიწონში, საუკეთესო სამონასტრო ადგილი ამოარჩია და ქართველთა მონასტერი დააარსა. გრიგოლმა მონასტერს მრავალი ციხე და სოფელი შესწირა, კერძოდ, ფილიპოპოლის თემში მდებარე ციხე, ბაჩკოვოს, დობროსტანის, ბურსეოსის, ლელკუვას და ავროვას აგარაკები თავისი მამულებით. სოფელი სტენიმახი ორი ციხით და აგარაკებით. პეტრიწონის მონასტერს უბოძა, ასევე, სოფლები მრავალი კომლი გლეხით, საძოვრები, სათევზაო ტბა, წისქვილი, სასნეულო-საავადმყოფო, სამი სასტუმრო (სტენიმახის, მარმარის და პრილონგის) საეკლესიო წიგნები, ხატები, საეკლესიო ნივთები, ჯვრები პატიოსანი ნაწილებითურთ, სახარებები. გრიგოლმა თავის დაარსებულ ქართველთა მონასტერს შეუდგინა ტიპიკონი, ანუ წესდება, რომელიც 36 მუხლისგან შედგება. მასში მითითებულია, თუ როგორ უნდა იცხოვრონ მონასტერში.

გრიგოლ ბაკურიანისძის ძალისხმევითა და ალექსი იმპერატორის შემწეობით პეტრიწონის სავანეს სტავროპეგიულობის ხარისხი ებოძა, რაც მას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდა და ქართველი ბერების უფლებებს განამტკიცებდა. მონასტერი თავისუფლდებოდა ყოველგვარი გადასახადებისაგან – ,,სამეუფოსა და საპატრიარქოსა, სამიტროპოლიტოსა და საებისკოპოსოსა და სამამასახლისოსა ყოველსა”. გრიგოლის ნათესავებსაც აეკრძალათ მონასტრის საქმეებში ჩარევა და მისი ქონებიდან რაიმე ნაწილის მოთხოვნა.

ტიპიკონი გრიგოლმა შეადგინა ორ ენაზე – ქართულად და ბერძნულად. ქართულად იმიტომ, რომ ქართველთა მონასტერში ქართველ ბერებს წელიწადში რამდენჯერმე ხმამაღლა წაეკითხათ და მოცემული განაწესის მიხედვით ემოქმედათ. ბერძნული კი სახელმწიფო ენა იყო და იურიდიული ძალაც ბერძნულ ტექსტს ენიჭებოდა. ბერძნული ორ ცალად დაწერეს: ერთი ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში შესანახად და მეორე – მონასტრისთვის. გრიგოლმა თავისი მონასტრისათვის ნიმუშად კონსტანტინეპოლის წმ. პაგანის ტიპიკონი აიღო. მან თავისი ხელწერით დაამტკიცა პეტრიწონის მონასტრის წესდება. ბერძნულ ცალებზე გრიგოლმა ხელი მოაწერინა აგრეთვე, იერუსალიმის პატრიარქს ეფტვიმეს, რომელიც თესალონიკიდან იერუსალიმს მიმავალი ესტუმრა მას ფილიპოპოლში.

პეტრიწონის სავანე იმ დროს ააგეს, როდესაც ბიზანტიის ქართულ მონასტრებში, განსაკუთრებით ათონის მთაზე, ქართველთა სამონასტრო მეურნეობის დაუფლების მიზნით, ბერძნები მეტისმეტად ავიწროვებდნენ ქართველებს. ეს კარგად იცოდა გრიგოლმა და თავის მიერ აშენებული მონასტერი მხოლოდ ქართველებს განუკუთვნა. მან ტიპიკონში საგანგებოდ მიუთითა, რომ მონასტერში არასდროს შეეშვათ ბერძენი ბერად. მონასტერში შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ბერძენი ყოფილიყო და ისიც ბერძნულ ენაზე სამონასტრო საქმეების მომწესრიგებელი.

წესდების ოცდამესამე თავში გრიგოლ ბაკურიანისძე სასტიკად კრძალავს პეტრიწონის მონასტერში ბერძნების მიღებას: ,,მე ვურჩევ ყველას ამ მონასტერში მყოფს და უმტკიცესი დადგენილებით ვაწესებ, რომ არასოდეს ამ ჩემს მონასტერში ბერძენი ხუცესი ან მონაზონი არ იქნეს დამტკიცებული, გარდა ერთი მდივნისა, რომელმაც იცის წერა და რომელიც ხანდახან მთავრებთან გააგზავნის წერილს წინამძღვრისგან და მათთან გაგზავნილს მისგან უკან დაიბრუნებს და მონასტრის საქმეებს წარმართავს”. წესდების ამავე მუხლის ძალით იკრძალება დედაკაცის შესვლა მონასტერში, გარდა ეკლესიის დღესასწაულისა და მაშინაც ის წირვის შემდეგ სწრაფად უკან უნდა წასულიყო. გრიგოლმა აკრძალა მონასტერში ცოლიანი კაცის ცხოვრება, ასევე, მონასტრის მახლობლად დედათა მონასტრის აგება.

პეტრიწონის წესდების თანახმად, ბერებს ტრაპეზი საერთო ჰქონდათ, საჭმელ-სასმელი ყველასთვის ერთნაირი იყო, გარდა ავადმყოფებისა და მოხუცებისა. სავანის წინამძღვრად ირჩევდნენ ყველაზე გონიერს. ახალი წინამძღვარი ძველის დასაფლავების მესამე დღეს ღამისთევით იხდიდა პანაშვიდს, ხოლო მეოთხე დღეს საღვთო საიდუმლოს შესრულების შემდეგ მას ძმები ეამბორებოდნენ და უხვ ტრაპეზს უშლიდნენ.

პეტრიწონის სავანის პირველ წინამძღვრად გრიგოლ ბაკურიანისძის ძემ დაამტკიცა გრიგოლ მონაზონი (ვანელი). პეტრიწონის წესდების თანახმად, სავანეში ორმოცდათერთმეტი მონაზონი უნდა ყოფილიყო. ამასთან, ერთი წინამძღვარი, ორი იკონომოსი (სამეურნეო საქმეების უფროსი), ერთი მონაზონი – ზედამხედველი – დეკანოზი, ექვსი მღვდელი, ორი დიაკონი, მნათე, ღვინისმწდე, მეტრაპეზე, მესტუმრე, მოხუცთა და სნეულთა მომვლელი, მეპურე, მზარეული, მეკარე და დანარჩენი მგალობელი ბერები. ერთიც ბერძენი მწერალი მთავრობასთან მიმოწერისთვის.

მე-17 საუკუნეში პეტრიწონის სავანე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, რაც ხელს უწყობდა პეტრიწონში ბერძნების ბატონობას. სამწუხაროდ, ბერძნებმა მთლიანად დაისაკუთრეს პეტრიწონი. გამართლდა გრიგოლ ბაკურიანისძის შიში. მონასტერი შეაკეთეს, ახალმა ხელმძღვანელობამ მონასტერს სახელიც შეუცვალა და ბაჩკოვოს მონასტერი უწოდა, რადგან სოფელ პეტრიწონს უკვე ბაჩკოვოს ეძახდნენ. პეტრიწონის ტიპიკონი დარჩა, როგორც ისტორიის ამსახველი დოკუმენტი. მასში დროდადრო საპატიო სტუმრები ჩანაწერებს აკეთებდნენ. მაგალითად, ტიპიკონის ქართული ტექსტის ბოლოს 1669 წლის 15 ოქტომბერს იერუსალიმის პატრიარქს დოსითეოსს ხელი მოუწერია ქართულად – ,,იერუსალიმონ დოსითეოს”. იმავე გვერდზე არის იერუსალიმის პატრიარქის – ხრისანთეს ჩანაწერი 1720 წ. 7 აპრილის თარიღით. აქვეა ახალციხელი მღვდლის – იოანე მარკოზაშვილის ჩანაწერიც ნუსხური ხელით 1702 წ. აგვისტოს. ტიპიკონი, რომელიც ამჟამად სოფიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება, წარმოადგენს ასლს. იგი 1702 წ. გადაუწერია ახალციხელ ქართველ ბერს, იოანე მარკოზაშილს. 1720 წელს ხრისანთე პატრიარქს პეტრიწონის სავანის ტიპიკონის ასლი განუმზადეს ბერძნულ ენაზე. ამ ტექსტში ბევრი შეცდომაა, თუმცა ორიოდე ადგილი ,,შესწორებულია“. კერძოდ, გრიგოლ ბაკურიანისძის ანდერძში, სადაც ეწერა, წესდება შედგენილია ქართულად და ბერძნულად და ხელმოწერილია ჩემ მიერო, ჩაუმატებიათ, თითქოს წესდება სომხურადაც დაიწერა და მას ხელი გრიგოლმა სომხურად მოაწერაო. ამ ,,შესწორებამ” შემდგომში დიდი გაუგებრობა გამოიწვია. ამის საფუძველზე აკად. ნ. მარმა ააგო მცდარი თეორია, თითქოსდა გრიგოლ ბაკურიანი სომეხი ქალკედონიტი იყო.

პეტრიწონის ტიპიკონით დაინტერესდა ბერძენი მკვლევარი გიორგი მუსეოსი, რომელმაც 1782 წ. შესრულებული თარგმანის ტექსტი შეისწავლა და გამოსცა 1888 წ. აქედან იწყება ტიპიკონის მეცნიერული კვლევის ისტორია. შემდეგ ტიპიკონით დაინტერესდა ფრანგი მეცნიერი ლუი პტი. მან 1904 წ. გამოაქვეყნა რუს ბიზანტიონისტთა ორგანოში. მე-19 საუკ. ბოლოს, სანამ მონასტრის ქონებას წიგნებსა და ხელნაწერებს სოფიის სინოდალურ ბიბლიოთეკას გადასცემდნენ, ბერძნებმა მოასწრეს ზოგიერთი ნივთის და, პირველ რიგში, მონასტრის ტიპიკონის დამალვა, რადგან იგი მათ წინააღმდეგ ღაღადებდა: მონასტერში ერთის მეტი ბერძენი არ იყოსო. ამიტომ იგი წაიღეს კორაისის სახ. ბიბლიოთეკაში კუნძულ ქიოსზე. კორაისის ბიბლიოთეკის კატალოგში ჩვენი ქართულ-ბერძნული ხელნაწერი ჩაწერეს, როგორც სომხურ-ბერძნული ხელნაწერი. მეცნიერებს, რა თქმა უნდა, გაუჭირდათ მისი მიგნება.

სოფიის უნივერსიტეტის პროფ. ვსევოლოდ ნიკოლაევმა ქიოსზე დაცული ხელნაწერების შესახებ ორი გამოკვლევა გმოაქვეყნა. სიაში 26 ხელნაწერი იყო და 26-ე ხელნაწერის შესახებ ეწერა: ,,ხელნაწერი წიგნი უცნობ ენაზე ახალი დროისა… ნაწერი სომხურს ჰგავს, მაგრამ სომხური არ არის”. ტიპიკონის ბერძნული ტექსტი გამოსცა აკადემიკოსმა სიმონ ყაუხჩიშვილმა 1963 წ. მას ქართული თარგმანი, გამოკვლევა და სათანადო შენიშვნები დაურთო. 1971 წ. აკადემიკოსმა აკაკი შანიძემ გამოსცა ტიპიკონის ქართული რედაქცია, მას დაურთო რუსული თარგმანი და ვრცელი გამოკვლევები ქართულ და რუსულ ენებზე და ბრწყინვალე სამეცნიერო აპარატურა.

ა. შანიძემ ყოველმხრივი ფილოლოგიური ანალიზის გზით გაარკვია გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ პეტრიწონის მონასტრისთვის შედგენილი ტიპიკონის ქართული და ბერძნული ტექსტების ურთიერთობა, დაადგინა, რომ გარკვეული ცვლილებები შეუტანიათ გვიანდელ ბერძნულ ხელნაწერში, ქართული ტექსტი კი პირვანდელი სახით არის დაცული. საფუძველი გამოეცალა მარის თეორიას, რომელსაც ზოგი სხვა მკვლევარიც იმეორებდა, თითქოს გრიგოლ ბაკურიანისძე ტაოელი სომეხი იყო, მაგრამ დიოფიზიტური სარწმუნოებისა. როგორც ა. შანიძე აღნიშნავს, გრიგოლის ქართველობა არაერთგზის არის ხაზგასმული ტიპიკონის ტექსტში. მას თავი მოაქვს, რომ ,,ქართველნი ვართ ნათესავით მხნენი და მხედრობით აღზრდილი და მარადის ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩვეულნი” . როგორც ვხედავთ, აქ ლაპარაკია ნათესავით, ე.ი. ტომით, ეროვნებით ქართველობაზე და არა სარწმუნოებაზე. ამრიგად, საბოლოოდ გაიფანტა ბურუსი გრიგოლ ბაკურიანისძის პიროვნების გარშემო და ეს დიდი ქართველი მოღვაწე და დიდი პატრიოტი უფრო ნათელი სახით წარმოდგა ჩვენ წინაშე.

1892 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მონასტრის იღუმენად დანიშნა არქიმანდრიტი მაკარი, რომელმაც სამონასტრო მიწები გაყიდა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ დროს დაიკარგა მონასტრიდან ბერძნულ-ქართული ტიპიკონი, რომელიც მოგვიანებით კუნძულ ქიოსზე, კორაისის ბიბლიოთეკაში, აღმოჩნდა. 1894 წელს მონასტრის ძმობამ თხოვნით მიმართა ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რათა მონასტერითავის გამგებლობაში მიეღო. 1895 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქის, ანტიმოზ VII-ისგან მოვიდა შეტყობინება, რომ, მართალია, მრავალი წლის მანძილზე პეტრიწონის მონასტერი, როგორც სტავროპეგია, ექვემდებარებოდა უშუალოდ კონსტანტინეპოლის პატრიარქს, ისტორიული სინამდვილე მოითხოვდა, რომ იგი გადასულიყო ბულგარეთის საეგზარქოსოს იურისდიქციაში, როგორც სტავროპეგიული.

პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსში გრიგოლ ბაკურიანისძემ სამი ეკლესია განათავსა: ერთი დიდი ტაძარი – ღვთისმშობლის სახელზე და ორი მომცრო – იოანე ნათლისმცემლისა და წმ. გიორგის სახელზე. წარსულში მონასტერს არაერთი განსაცდელი შეემხთვა დამპყრობთაგან. XV საუკუნის გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ მთელი სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია გადარჩა, რომელიც, სავარაუდოდ, მისი ქტიტორის – გრიგოლ ბაკურიანისძის გარდაცვალების შემდეგ იყო აგებული. ხალხის მოწადინებით და ბერების მიერ ერში შეგროვილი შემოწირულობით XVI-XVIII საუკუნეებში კვლავ აღდგა გრიგოლ ბაკურიანისძის დროს დაარსებული მონასტერი.

დღეისათვის პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსი ასე გამოიყურება: მონასტერი საცხოვრებელი ნაგებობებით არის შემოსაზღვრული და გაყოფილია ორად – მის ჩრდილოეთ ეზოში აღმართულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა (XVIII ს.) და წმ. მთავარანგელოზთა (XII ს.) ეკლესიები, სამხრეთ ეზოში კი – წმ. ნიკოლოზის ეკლესია (1834-36 წწ.). საცხოვრებელ ნაგებობებში, რომლებიც გალავნის მაგივრობასაც წევენ, მოთავსებულია ბერებისა და მონასტრის სხვა მკვიდრთა სენაკები, ოთახები მომლოცველებისა და სტუმრებისათვის.

პეტრიწონის საძვალე

პეტრიწონის სავანე აერთიანებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმ. მთავარანგელოზის და წმ. ნიკოლოზის ტაძრებს. ამათ გარდა ცალკე (მონასტრიდან 200 ნაბიჯის დაცილებით) მთის ფერდობზე დგას ორსართულიანი (სამარხო) საძვალე – აკლდამა, რომელშიც გრიგოლმა გადმოასვენა თავისი ძმის – აბასის ნეშტი. გრიგოლის ნეშტიც ამავე საძვალეში დაკრძალეს თავისი ძმის გვერდით. მონასტრის ყველაზე ძველი ნაგებობაა საძვალე, რომელიც ერთადერთია, რაც სრული სახით შემორჩა გრიგოლ ბაკურიანისძის დროიდან. სამაროვანი – სიგრძით 21 და სიგანით 7 მეტრი, ერთნავიანი, ორსართულიანი შენობაა, რომლის ქვედა სართულზე საძვალეა, ხოლო ზემო სართული წარმოადგენს ეკლესიას. აკაკი შანიძის ვარაუდით, ეს ბაკურიანისძის დროინდელი წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. საძვალე შიგნით სამი განყოფილებისაგან შედგება: კარიბჭე, შუა ნაწილი და საკურთხეველი. კარიბჭეს წინათ ოთხი შესასვლელი ჰქონდა. რესტავრაციის შემდეგ სამი ამოუშენებიათ და ერთი დაუტოვებიათ. საძვალე მოხატულია ქართველი ხატმწერის – იოანე ივეროპულოსის მიერ. არსებობს მოსაზრება, რომ იგი თვით გრიგოლ ბაკურიანისძეს ჩამოუყვანია საქართველოდან.

პეტრიწონის სავანე ორსართულიანია, ის მაღალი გალავნითაა გარშემორტყმული და მთლიანად მწვანეში ჩაფლული, გარედან ნამდვილად ციხე-სიმაგრეს ჰგავს. გრიგოლს ტაძრის მოსახატად და ასაშენებლად 50 ქართველი მოუწვევია. სავანეს დღემდე შემორჩენია გრიგოლის დროინდელი რკინის ფილამესრიანი კარიბჭე, რომელიც დღემდე აკვირვებს მნახველს. საძვალეს ქვედა სართულის მარცხენა მხარეს, პირველ ნიშში, შემორჩენილია მონასტრის არქიტექტორების – გრიგოლ და აბას ბაკურიანისძეთა უძველესი ფრესკა, რომელზედაც ძმები წარმოდგენილნი არიან, როგორც მონასტრის დამაარსებელ-აღმშენებლები, მონასტრის მინიატურული მოდელით ხელში.

წმ. მთავარანგელოზთა ტაძარი

არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია მონასტრის დამაარსებლის (გრიგოლ ბაკურიანისძის ა.პ.) გარდაცვალების შემდეგ არის აგებული, იმპერატორ ალექსი I კომნენოსის მეფობის პერიოდში. ტაძარი 1846 წელს მოხატა იოანე მოსხმა. იგი ამჟამად დაზიანებულია, მაგრამ რაც მოღწეულია, გარკვეულწილად მიუთითებს ძველ ქართულ სატაძრო არქიტექტურასთან კავშირზე. ტაძრის გარეთა საფასადო ქვის წყობაში ქართული ტაძრებისათვის დამახასიათებელი ყრუ ნიშებია გამოყენებული.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი

ჩრდილოეთით, ეზოს შუაგულში, ბაკურიანისძისეული ეკლესიის ნაფუძვარზე დგას ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. XV საუკუნეში დანგრეული ძველი ეკლესიის ადგილზე 1604 წელს აშენდა ამ პერიოდისათვის თითქმის ერთადერთი დიდი ტაძარი ბულგარეთში (XVI საუკუნის ბოლომდე ბულგარელებს დამპყრობთაგან თავიანთ მიწაზე აკრძალული ჰქონდათ ტაძრების მშენებლობა). ტაძარში უხვად იღვრება სინათლე გუმბათის თაღში ამოჭრილი 12 სარკმლიდან. დასავლეთის კარზე განთავსებული წარწერა მიუთითებს, რომ ძველი მოხატულობა 1850 წელს განუახლებია ბერძენ ხატმწერ იოანე მოსხს. ეკლესიის აშენების თარიღი აღნიშნულია წარწერაში, რომელიც გვაუწყებს, რომ იგი აგებულია ,,იღუმენი პართენის დროს 7112 (1604) წელს”. ტაძრის მთავარი სიწმიდეა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ქართული ხატი.

წმ. ნიკოლოზის ეკლესია

სამხრეთის ეზოში აღმართულია 1834-1836 წლებში აგებული წმიდა ნიკოლოზის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც მოხატულია ხატმწერ ზაქარია ზოგრაფის მიერ. ფრესკების დიდი ნაწილი ეთმობა წმ. ნიკოლოზის ცხოვრებას და უდიდეს საეკლესიო დღესასწაულებს.

პეტრიწონის სავანიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წმ. ნიკოლოზის ტაძარი, რომელშიც მოთავსებული იყო სასულიერო სემინარია; აქ ყრმები სწავლობდნენ ქართულ ენაზე და ემზადებოდნენ მღვდლის ხარისხისათვის, რომ პეტრიწონშივე დარჩენილიყვნენ მღვდელმსახურებად. სამეცნიერო აკადემია პეტრიწონის სავანეში მოეწყო მას შემდეგ, რაც მის პირველ რექტორად დაინიშნა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი იოანე, რომელსაც სოფლის სახელი (,,პეტრიჩი”)პეტრიწი ანუ პეტრიწონელი ეწოდა.

იოანე სწავლობდა მანგანის აკადემიაში, რომელიც იმ დროისათვის ელინური კულტურის ცენტრს წარმოადგენდა. იგი იყო დიდი ფილოსოფოსების – მიქაელ ფსელოსისა და იოანე იტალოსის მოწაფე. კონსტანტინეპოლში იოანემ თავის მასწავლებლებთან ერთად ოფიციალური კონსერვატიული წრეების მიერ დევნა-შევიწროვება განიცადა. იგი კონსტანტინეპოლიდან გააძევეს, ამიტომ ის ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში დამკვიდრდა და ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მსოფლიოში განთქმულ პეტრიწონის კულტურის კერას. ეს წლები იოანესთვის სამწერლო-სამეცნიერო მოღვაწეობის საუკეთესო ხანა იყო. იოანე პეტრიწს შექმნილი აქვს როგორც ორიგინალური შრომები, ისე თარგმანები ფილოსოფიაში, ისტორიაში, ჰიმნოგრაფიასა და მეცნიერების სხვა დარგებში.

მონასტერში გახსნილი სემინარია მოსამზადებელი საფეხური იყო აკადემიაში სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად და ღვთისმსახურების შესასწავლად. პეტრიწის სემინარიაში ასწავლიდნენ გრამატიკას, რიტორიკას, დიალექტიკას, მუსიკას, ხატვას, ფილოსოფიას, საამკინძაო საქმეს ()წიგნის აკინძვა, აწყობა) და სხვა.

სემინარიის დამთავრების შემდეგ ვინც მღვდლად ვერ ეკურთხებოდა, ერისკაცად რჩებოდა სამოქალაქო დაწესებულებასა ან სკოლებში კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის საწარმოებლად. სემინარიავე ამზადებდა კადრებს პეტრიწონის აკადემიაში სამეცნიერო მუშაობისთვის. მათი საკვლევი და სასწავლო ობიექტები იყო ფილოსოფია, ისტორია, გრამატიკა, ასტრონომია, ბიბლიოგრაფია, აგიოგრაფია, პიიტიკა და სხვა.

1106 წ. მეფე დავით აღმაშენებელმა (1089 – 1125) გელათში შექმნა სალიტერატურო ცენტრი, გელათის აკადემია, სადაც სხვა ფილოსოფოსებთან ერთად უცხოეთიდან იოანე პეტრიწიც მოიწვია და გელათის აკადემიის რექტორად დანიშნა. იოანე პეტრიწს გელათში უთარგმნია ,,იოსიპოსის წიგნი ჰურიისა”. პეტრიწის თარგმანი შეიცავს ამ თხზულების მხოლოდ 15 წიგნს. 5 წიგნის თარგმანი კი დაკარგულია.

იოანე პეტრიწს ქართული გრამატიკის შედგენასაც მიაწერენ. ანტონ კათალიკოსი, მარი ბროსე და ალ. ცაგარელი მას გრამატიკოსად მოიხსენიებენ. ეს აზრი, ალბათ, იმას ემყარება, რომ იოანე პეტრიწს თავისი ორიგინალურ თხზულებაში (,,განმარტება”) ვრცელი გრამატიკული მსჯელობა აქვს დართული.

ეკლესიის მდიდარი განძეულობიდან ყურადღებას იქცევს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უძველესი სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც მონასტრის შუა, საპატიო ადგილზეა მოთავსებული. იგი 1311 წელს ქართული დამახასიათებელი აჟურჭედით მოუჭედავთ ტაოელ ძმებს – ათანასესა და ოქროპირს. მონასტერში დაცული გადმოცემით, ეს ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი და იგი საქართველოდან ჩამოაბრძანეს. ხატის დღესასწაულს აღნიშნავენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს. რაც შეეხება ხატის პეტრიწონში მობრძანების თარიღს, მას გრიგოლ ბაკურიანისძის მოღვაწეობის პერიოდსაც უკავშირებენ და XIV საუკუნესაც. პირველის სასარგებლოდ იხსენებენ აპოკრიფულ გადმოცემებს, რომლის თანახმადაც, იმ დროს, როდესაც გრიგოლი კარში მსახურობდა, ეს ხატი ერთხანს იქაურ ეკლესიაში ყოფილა დასვენებული. გარდა ამისა, წესდება-ტიპიკონში გრიგოლი მონასტერს ამ უდიდესი სიწმიდის მიხედვით მოიხსენიებს: ,,… მონასტრისა ჩემისა ქართველთა ღვთისმშობელისა პეტრიწონისადა”. მეორე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს თვით ხატის ქართულად დამამშვენებელთა – ძმების, ათანასის და ოქროპირის, მოღვაწეობის ხანა.

პეტრიწონის სავანეს ჰქონდა საკუთარი ბიბლიოთეკა, საიდანაც დიდძალი ლიტერატურა გაიტანეს. მისი ხელნაწერებიდან მხოლოდ თითო-ოროლა არის აღწერილი. სავანეს აქვს, ასევე, მუზეუმი, სადაც ინახება საჩუქრები. გრიგოლ ბაკურიანისძის ტიპიკონის მიხედვით აქ დღესაც ინახება ჯვარი ვერცხლისა, სასარდლო, წითელთვლებიანი, ფერიცვალების დიდი მინანქრიანი ხატი, რამდენიმე ათეული ხის ხატი, ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმები, საცეცხლურები, ძვირფასი თვლებით შემკული ბერძნული სახარება და სხვა მრავალი საეკლესიო ნივთი.

,ქართლის ცხოვრების“ უწყებით, მეფე დავით აღმაშენებელი უხვად სწყალობდა უცხოეთში არსებულ ქართული სულიერ კერებს, მათ შორის, პეტრიწონის ქართულ მონასტერს. პეტრიწონის სავანე დაარსებიდან მე-15 საუკუნემდე ქართველთა ხელში იყო, შემდეგ კი ამ სავანეში ქართველთა კვალი იკარგება.

წყარო: http://patriarchate.ge

წმ. გრიგოლ ხანძთელი

$
0
0

ახალი სტილით 18 ოქტომბერი – ხსენება წმ. გრიგოლ ხანძთელისა

ტროპარი: ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათვისცა გევედრებით: გრიგოლ ხანძთელი კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავთა შენთა და გვიხსენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტეანენი.

კონდაკი: უღელი იგი ქრისტესი მიიღე, მამაო გრიგოლ, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან, რომლისათვისცა საღმრთოისა დიდებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.

წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და „საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა“.

ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა“.

აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“. ახლობლებმა მაინც დაითანხმეს: „მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტესსა და ჰმონე მას მღვდლობითა, რომელმან ივნო ჩუენთჳს, მღვდელმან მან საუკუნემან და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნა“.

სამღვდელო ხელდასხმის დროს უძლურთა მკურნალმა და ნაკლოვანებათა აღმვდებელმა საღვთო მადლმა უფრო საცნაურ-ჰყო წმიდა გრიგოლის პიროვნება, ერი იხარებდა, „რაჟამს წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნნეს მიღებად ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა“.

შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა“ და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს, დატოვა დროებითი, „შეცვალებადი პატივი ქუეყანისა, მოკუდავთა კაცთა სუფევისაჲ, მოჰრიდა ჟამიერთა და ნივთიერთა ბუნებათა, რაჲთა უჟამოჲ იგი ნათელი უძღოდის უცვალებელსა დიდებასა სასუფეველსა ცათასა“.

გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული – საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხნი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული“.

ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.

გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას.

ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს) ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდება და „ჴელითა გრიგოლ მღვდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდის წინაშე ღმრთისა“. ბერმა ღირს მამა ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი – კლდოვანი, მათი კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.

ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.

გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა – ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ – შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით“. არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა.

ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. ისინი იყვნენ „ღირსნი და სასწაულთმოქმედნი, მოთმინებისა სუეტნი, შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემლად სუეტნი ცათანი“.

გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. „მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთის-მსახურისა მის ჴელმწიფისა დაცემისათჳს და ტირილითა სავანენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა“. გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად.

ნეტარმა გრიგოლმა „განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასე დაულევნელთა კეთილთაჲ“.

მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის. მირიან აზნაურის მძლავრებით ეპისკოპოსთა მცირე კრებამ ქართლის კათოლიკოსად დაადგინა მისი ვაჟი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი და სულიერი შვილი არსენი (ხს. 25 სექტმბერს). სჯულის-კანონის ასეთმა უხეშმა დარღვევამ სამღვდელოებისა და ერისკაცთა გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფალის ხელმძღვანელობით ჯავახეთში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც არსენი უნდა გადაეყენებინა. საეკლესიო სამართალი გუარამისა და იმ ეპისკოპოსთა მხარეს იყო. ნეტარი გრიგოლის მოსვლამდე სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. ერუშნელმა ეპისკოპოსმა თქვა: „ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაჲ, მაშინ წარემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ“.

კრებაზე გამოცხადებული გრიგოლი საკვირველი სანახავი იყო: „სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩანდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ, ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ“. მამები მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა ღვთივგამოცხადებული იქნებოდა და მართლაც, როცა წმიდა გრიგოლმა თქვა, რომ „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს“, – უდრტვინველად მიიღეს მისი ნაბრძანები.

ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი.

უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა ღირსი გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა: “წადი მამა გრიგოლთან, გაიგე, სძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო”. მნათე მივიდა გრიგოლის კელიასთან და ნახა, რომ სენაკიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა: “ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისა განმანათლებელი”, – მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ნათლის ისარნი გამოდიოდნენ ჯვრის სახედ.

ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა დადეგ, ძელო!“ სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა ზედა მოქანებული საშინელად“. ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა.

გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის.

ღირსი გრიგოლი საღმრთო სიყვარულით იხარებდა თანამოსაგრეებთან, მაგრამ იფქლთა შორის ღვარძლიც გამოერია: ანჩის დაქვრივებული კათედრა მძლავრებით მიიტაცა ვინმე ცქირმა, თბილისის ამირა საჰაკის ახლობელმა. უღირსი მღვდელმთავარი მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. მამები, განსაკუთრებით კი გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ ცქირს, მან კი, ამპარტავნებისგან ძლეულმა, საღმრთო შიში განაგდო და ვიღაც ანჩელი კაცი მოისყიდა ღირსი გრიგოლის მოსაკლავად. მკვლელმა იხილა “სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სვეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალე ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისა ცის-სარტყელის სახედ, შუენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წჳმისასა”. მკვლელს მოულოდნელად მკლავი გაუშეშდა და მხოლოდ ღირსი გრიგოლის ლოცვით განიკურნა. ანჩში მოწვეულმა კრებამ პატივისაგან განკვეთა ცქირი. ხარისხაყრილი ცქირი თბილისში წავიდა საჰაკ ამირასთან, მისი დახმარებით ხელახლა ჩაიგდო ხელში ანჩის საყდარი და ხალხი მიუსია ხანძთის მონასტერს დასარბევად. ღირსი გრიგოლი ცრემლებით ევედრებოდა უფალს მონასტრისა და ძმების დაცვას. მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ ცქირი დაისჯებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ ცქირი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.

გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: “ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსაა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ”.

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.

ბრმადშობილის განკურნება

$
0
0

პეტრიწონის ქართველთა სავანე (იოანეს სახარება, თავი-9)

დღევანდელი სახარება გვაცნობს მაცხოვრის მიერ შობიდანვე ბრმის განკურნების ამბავს, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:

იერუსალიმში ცხოვრობდა ბრმადშობილი კაცი; იგი ტაძრის კართან იჯდა ხოლმე და მოწყალებას ითხოვდა. ერთ დღეს მოწაფეება მის შესახებ ჰკითხეს უფალს: მოძღვარო, ვინ სცოდა, ამან თუ მისმა მშობლებმა?

იესომ უპასუხა: არც ამან სცოდა და არც მისმა მშობლებმა, არამედ მისი ავადმყოფობა დაშვებულია, რათა განცხადდეს საღვთო განგებულება.

ამ სიტყვებიდან სჩანს, რომ ავადმყოფობა, განსაცდელი, მწუხარება… ადამიანს მხოლოდ ცოდვის გამო არ მოეწევა და რომ იგი უფლის დაშვებითაც ხდება, რათა ყველასათვის განცხადდეს ღვთის ძალა.

ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

და თქვა იესომ: ვიდრე ამ სოფელში ვარ, ნათელი ვარ სოფლისა” და დაანერწყვა მიწაზე, მოზილა ტალახი, სცხო ბრმას თვალებზე და უთხრა: წადი, დაიბანე სილოამის საბანელში. მანაც დაიბანა და აეხილა თვალები.

ეს კი იმიტომ მოიმოქმედა, რომ ხალხს თვალნათლივ დაენახა უფლისმიერი ძალმოსილება. ბრმადშობილის განკურნება არათუ მაშინ, დღესაც კი შეუძლებელია. მაცხოვარი კი ასე მარტივად, ერთი მოქმედებით, უხელს თვალებს საწყალ ადამიანს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბრმა კაცი სასოებითა და სიმდაბლით იღებდა საკუთარ ხვედრს და სავსე იყო რწმენით, რომ ის საოცარი ადამიანი იყო წინასწარმეტყველი და შეეძლო მისი შველა. ხოლო როცა უფალმა სილოამის საბანელთან მისვლა და თვალების წყლით ჩამობანა უბრძანა, შაბათის დღის მიუხედავად, ესეც მორჩილად აღასრულა. ჯილდოდ კი, თავისი რწმენისა და უფლის მინდობისათვის საკვირველი კურნება მიიღო.

ფარისევლები ამ ქმედებამ განარისხა და ცდილობდნენ, ბრმისთვის გადაეთქმევინებინათ მასზე მომხდარი სასწაული.

იმის გამო, რომ განკურნება შაბათს მოხდა, ისინი ბრალს სდებენ მაცხოვარს და სიკეთეს ცოდვად უთვლიან, ამბობდნენ, რომ ასეთი სახით, – ანუ იუდეველთა კანონების დარღვევით (შაბათ დღეს მათ ყველაფრის კეთება ჰქონდათ აკრალული), ადამიანს არ შეუძლია სიკეთისქმნაც. ფარისევლები მაცხოვარს ღვთისაგან მოვლენილად არ მიიჩნევდნენ, ხოლო ვისაც მასთან ერთად ნახავდნენ, ან მით უმეტეს, თუ მას მესიად ან წინასწარმეტყველად აღიარებდნენ, საკრებულოდან კვეთდნენ.

ხალხში ამის გამო საყოველთაო შიში სუფევდა. თავად ბრმის მშობლებსაც ეშინიათ ეთქვათ სიმართლე, თუ როგორ და ვინ განკურნა მათი შვილი და ფარისევლებს ასე პასუხობენ: ვიცით, რომ ეს არის ჩვენი ძე, და რომ ბრმა იშვა, ხოლო ახლა როგორ ხედავს, ან ვინ აუხილა მას თვალები, არ ვიცით, მაგას კითხეთ, ასაკი აქვს, თვითონ თქვას თავის თავზე.

ფარისევლები ისევ განკურნებულს მიუბრუნდნენ და უთხრეს: მხოლოდ მოსეს ესაუბრებოდა ღმერთი, ხოლო ეს, იესო, არ ვიცით საიდან არის და ვინ არის, შენ ვინ გგონია იგი?

ბრმადშობილმა მიუგო: საკვირველი ის არის, რომ თქვენ არ იცით საიდან არის, და მე კი ამიხილა თვალები. ვიცი, რომ ცოდვილებისას ღმერთი არ ისმენს, მაგრამ ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, მისას ისმენს. არავის გაუგონია, რომ ვინმეს აეხილოს თვალები ბრმად შობილისთვის. ეს რომ არ ყოფილიყო ღვთისაგან, ვერ შეძლებდა ვერაფრის გაკეთებას.

ფარისეველებმა შერისხეს ეს კაცი მაცხოვრისადმი რწმენის გამო და საკრებულოდან გამოაგდეს.

იესომ მისი გამოგდების ამბავი რომ შეიტყო, მოძებნა იგი და ჰკითხა: „გჯერა კაცის ძისა (ანუ ქრისტესი)?“

მან უპასუხა: ვინაა იგი რომ მჯეროდეს?

ვინც შენ გელაპარაკება, სწორედ ისაა, – მიუგო უფალმა.

ყოფილმა ბრმამ უთხრა: „მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას.“

ყველაზე მეტად ბრმადმობილის საქციელი ჩვენთვის მისაბაძია თვალის აღხილვის შემდეგ.

მან გვიჩვენა მაგალითი გონიერებისა, ავისა და კარგის გარჩევისა, გაბედულებისა, სამართლიანობისა, კეთილისმყოფელისადმი მადლიერებისა.

ჩვენც მოვალენი ვართ მასავით მადლობა შევწიროთ როგორც შემოქმედს, ისე ჩვენს კეთილისმყოფელთ, რომელნიც ჩვენს სწორ გზაზე დაყენებას ცდილობენ.

და ვინ არის კეთილისმყოფელი?

ამის გამოცნობა ძნელი არ არის, რადგან, თუ ყოველი სათნოება ღვთისაგანაა, მაშინ ქველისმომქმედი ადამიანიც ღმერთის საქმეთ აღასრულებს და ჩვენც ამისკენ მოგვიწოდებს.

ინებოს უფალმა, ყველა სულიერად ბრმადშობილს აეხილოს შინაგანი თვალი, ხშირად გვქონდეს საშუალება სიკეთე ვთესოთ და სიმართლეს ვემსახუროთ, და ამასთან დავიცვათ ჩვენი კეთილისმყოფელნი ფარისეველთა და ძლიერთა ამა სოფლისათას ბოროტგანზრახვათა და ქმედებათაგან.

შევძლებთ კი სწორი არჩევანის გაკეთებას?

შევძლებთ ყველგან და ყოველთვის ვადიდოთ ღმერთი?

წყარო: http://patriarchate.ge

როგორ მოვიქცეთ, როცა ვინმეს ვაწყენინებთ და როგორ შევიძინოთ წყენის მიტევების ნიჭი?

$
0
0

“წყენების სანაცვლოდ, რომელიც უსამართლოდ დავითმინეთ, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთი ან ცოდვათა მიტევებას გვაძლევს, ანდა გვასაჩუქრებს.”

წმ. იოანე ოქროპირი

მამა დავით თავაძე როგორ მოვიქცეთ, როცა ვინმეს ვაწყენინებთ? გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა დავით თავაძე:

„პირველ რიგში, უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება რათა გავაცნობიეროთ, რომ კაცთა სიკეთის მოძულემ და მოწინააღმდეგე ეშმაკმა ისარგებლა ჩვენი ამპარტავნებით და ძირს დაგვცა, რის შემდეგაც უნდა მოვუხმოთ თავმდაბლობას, რომლის ძალითაც, ვიცით, რომ მოწინააღმდეგის მთელი ღონე შეიმუსრება. დავეგოთ მოყვასს, გულწრფელად ვითხოვოთ მისგან შენდობა
(შეძლებისდაგვარად, თხოვნას გული, სისხლი ამოვაყოლოთ. უარვყოთ საკუთარი თავი ანუ მოვკვდეთ მის წინაშე.) და ასევე უფლის წინაშე ვითხოვოთ პატიება. „იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი, და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“ (ფსალმ. 24.18).“

როგორ განვეწყოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც წყენა მოგვაყენეს?

პირველ რიგში ყოველნაირად უნდა შევეცადოთ, არ მივცეთ გზა მრისხანებას, ამისათვის ისევ თავმდაბლობას უნდა მოვუხმოთ, როგორც ამბობს წმინდა აბბა დოროთე:
,,ჭეშმარიტად ნეტარია, ვისაც თავმდაბლობა აქვს, ძმებო, რადგან დიდია თავმდაბლობა. ჭეშმარიტი თავმდაბლობა ისაა, წმინდანმა რომ თქვა: „თავმდაბლობა არ მრისხანებს, არც ვინმეს განარისხებს“. ბევრისთვის უცხოა ეს სიტყვები, რადგან მხოლოდ თავმდაბლობა ეწინააღმდეგება სიამაყეს და მისგან იცავს კაცს.“თავმდაბლობას შეუძლია სულს ღვთის მადლი მოუტანოს. როცა სულში ღვთის მადლი მოდის, მას მძიმე ვნებისგან, მრისხანებისაგან იცავს. „ქრისტიანისთვის სრულიად უცხოა მრისხანება“. თუ ადამიანი ამგვარი თავმდაბლობით არ დაიცავს თავს, ,,შფოთითა და სიბრაზით თანდათან ეშმაკის ზომამდეც მივა.“
გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ვინც შეურაცხგვყოფს და გვაწყენინებს, სინამდვილეში იგი მეტად შესაბრალისია, აქვს რა ბევრი სულიერი ჭრილობა, ტკივილი, განსაცდელი… იგი იმ ძაღლს ჰგავს, ავტომობილი, რომ დაეჯახა და ფეხები მოამტვრია… მერე შენ მიხვედი (შეიძლება დაეხმარე კიდეც) და მან სიმწრისაგან გიკბინა. განა ამის გამო არ უნდა გეცოდებოდეს?!

როგორ მოვიქცეთ, როცა წყენას არ გვპატიობენ?

თუ ვდრტვინავთ იმის გამო, რომ არ გვაპატიეს, ესეც ამპარტავნებაა და კვლავ თავმდაბლობას უნდა მოვუხმოთ. მუდმივად უფალს ვევედროთ და პატიებას მისგან დაველოდოთ. ვინც თავმდაბალია, მან იცის, რომ ღვთის შეუწევნელად ვერაფერს მიაღწევს და ამიტომ ნიადაგ ღმერთს ევედრება. ხოლო, ვინც ნიადაგ ღმერთს ევედრება, იცის: თუ რამ სათნოებისთვის მიუღწევია, ღვთის შეწევნით მიაღწია, და არ ამაყობს.

წყენაზე წყენით პასუხი რამდენად გამართლებულია?

ეს ყოველნაირად ეწინააღმდეგება ქრისტიანობის სულს. ბოროტების წილ ბოროტების მიგება დაუშვებელია.
ზოგიერთს ჰგონია, საქმით არ მიაგებს ბოროტებას, მაგრამ სიტყვით, ან ბოროტად შეხედვით მიაგებს. ესეც ბოროტების მიგებაა. ზოგიერთი კაცი არც საქმით და არც სიტყვით მიაგებს ბოროტს, მაგრამ გულში აქვს ძმისადმი ძვირი. ზოგიერთს არც გულში აქვს ძვირი, მაგრამ თუ მასზე ცუდს გაიგებს, უხარია. ესეც გულში ბოროტების მიგებაა. სხვას არც ძვირი აქვს გულში, არც ვინმეს ბოროტი უხარია, ნაწყენია და მისი სიკეთე არ სურს. ასეთ დროს მამათა სწავლებით ადამიანმა უნდა თქვას: „ღმერთო, შეეწიე ჩემს ძმასაც და მეც, დამიცავი მისი ლოცვით!“ ეს არის ლმობიერება, თავმდაბლობა და სიყვარული. სადაც ეს სამი რამეა, იქ უძლურია გულისწყრომა, ღვარძლიანობა, სხვა რამე ვნება, „თუნდაც ეშმაკმა მთელი თავისი უკეთურების მანქანება აამოქმედოს. „ვინც თავის მტრებზე ლოცულობს, ის ძვირს არ იმახსოვრებს“.

უნდა ვუთხრათ თუ არა ვინმეს, როდესაც გვაწყენინებენ,შეურაცხყოფას გვაყენებენ?

უნდა ვუთხრათ სულიერ მოძღვარს, რათა მივიღოთ მისგან დარიგება. ასევე ოჯახის წევრებსა და უახლოეს ადამიანებსაც უნდა ვკითხოთ რჩევა (მათი ხასიათის გათვალისწინებით, რათა უარესად არ დაიძაბოს მდგომარეობა.), რადგან განსაცდელის ჟამს ძალიან დასაფასებელი და საშურია სულიერი მეგობრების თანადგომა.

როგორ დავითმინოთ, დავივიწყოთ წყენა?

წყენის დათმენა ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა და ვისაც სულის გადარჩენა განუზრახავს არა მგონია არ ცდილობდეს ამ სათნოებამდე ამაღლებას.
ერთ-ერთ მონასტერში იყო ერთი ძმა, რომელიც არასდროს აღშფოთდებოდა ხოლმე, თუმცა ბევრი ლანძღავდა და შეურაცხყოფდა. ჭაბუკი ისე უთმენდა ყველას, თითქოს არავინ არაფერს უშავებდა. ერთხელ სხვა ძმამ მუხლი მოუდრიკა და უთხრა: „ძმაო, გევედრები, მითხარი, რომელი ზრახვით ითმენ ამგვარ ლანძღვასა და შეურაცხყოფას ყველასგან?“ უპასუხა: „მათ სიტყვებს ისე ვღებულობ, როგორც არაკაცთა“. ასეც ხდება: მაგინებლის შეურაცხყოფის გამოც ითმენს კაცი საწყენ სიტყვას, რასაც არავითარი საერთო არა აქვს წყენის დიდსულოვნად დათმენასთან. ხოლო ვინც ჭეშმარიტად მოიპოვა წყენის დათმენის სათნოება, ის წმინდა მამების აზრით ნიადაგ მოსვენებასა და სიხარულშია, რადგან თავის თავს აბრალებს, რაც უნდა შეემთხვას, შეურაცხყოფა იქნება ეს, თუ გაჭირვება. ყველაფერში უღირსად მიიჩნევს თავს და ყველაფერს მშვიდად ხვდება. თუ კაცი ღვთის შიშით ჩაეძიება თავის თავს და ნახავს, რომ არაფერი დაუშავებია ძმისათვის, მაშინ სხვა დროს უწყენინებია მისთვის ან სხვა ძმისთვის, და ამიტომ უნდა შემთხვეოდა საწყენი საქმე, ან სხვა რამ ცოდვის გამო. თუ კაცი ღვთის შიშით გამოიძიებს თავის ცხოვრებას, ბრალეული აღმოჩნდება.

როგორ შევიძინოთ წყენის მიტევების ნიჭი?

როცა ვინმე უსამართლოდ შეურაცხგვყოფს და გულს გვტკენს, ამის მიტევება არ არის ადვილი. მუდმივი სტრესი და მოწევნული წყენა მართლაც რომ განსაცდელში აგდებს ადამიანს. ჭეშმარიტი ქრისტიანიც ხომ განსაცდელში იცნობა. ღვთის ჭეშმარიტ მსახურებაში მყოფი მორწმუნე წინასწარვე მზად უნდა იყოს განსაცდელების დასათმენად (იხ. ზირაქ. 2.1). მათი მოწევნისას არ უნდა აღშფოთდეს, არამედ სწამდეს, რომ ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. ღვთის განგება კი ყოველთვი სულისთვის უმჯობესს გულისხმობს.რასაც ღმერთი გვიკეთებს, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოა, რადგან ვუყვარვართ. როგორც მოციქული ამბობს, ჩვენც გვმართებს, ვმადლობდეთ ყოვლადვე ყოველთათვის ღმერთსა (ეფეს. 5.20), არაფერში უნდა გამოვიჩინოთ სულმოკლეობა, არამედ ყველაფერი, რაც გვემართება, თავმდაბლად და ღვთისადმი მადლიერებით უნდა მივიღოთ. უნდა ვთქვათ: „რასაც ღმერთი გვიკეთებს, ყველაფერს სასიკეთოდ აკეთებს, რადგან ვუყვარვართ. იმიტომ აკეთებს, რომ ღმერთი მოწყალეა“.

როგორ გადაჰქონდათ წმინდანებს წყენა, რას გვასწავლის წმინდა წერილი?

ამისათვის საჭიროა ღმერთის ნამდვილი რწმენა. ეს რწმენა ვლინდება ერთი მხრივ იმით, რომ ჩვენ გვიცავს ღმერთი და მეორე მხრივ, წყენით გამოწვეული განსაცდელის დროს წარმოთქმული ლოცვით. ღმერთი აგზავნის თავის ანგელოზებს ჩვენს დასაცავად. ამგვარ რთულ მდგომარეობაში გვეხმარება სულიერი მოძღვრის ლოცვები. დემონები ამპარტავნები არიან და ამიტომ დაეცნენ. ქრისტიანებს მათი დამარცხება თავმდაბლობით შუძლიათ. სიმდაბლე წვავს მათ. წმ.ისიხიოს პრესვიტერი გვასწავლის, რომ ,,ამპარტავან დემონთა საპირისპირო არის თავმდაბლობა. “უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ისეთ განსაცდელს არ დაუშვებს, რომლის გადატანაც ჩვენს ძალას აღემატება, როგორც მოციქული ამბობს: „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროს ძალისა თქუენისა“ (1კორინთ. 10.13). მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მოთმინება, არც გასაჭირის მოთმენა გვსურს, არც არაფერს ვღებულობთ თავმდაბლად, ამიტომაც ვმარცხდებით. ჩვენზედ მოწევნული წყენა ხომ იგივე განსაცდელია. რამდენადაც განსაცდელისგან გაქცევას ვლამობთ, იმდენად მეტად გვატყდება ის თავს, და რამდენადაც მეტ სულმოკლეობას ვიჩენთ, იმდენად უფრო ვერ ვაღწევთ მას თავს. თუ თავმდაბლად და მადლობით დავითმენთ,განსაცდელი უვნებლად ჩაგვივლის; ხოლო თუ ვიწუხებთ, ვიშფოთებთ, სხვებს დავაბრალებთ, და არა ჩვენს თავს, ვერაფერს მოვიგებთ, პირიქით, უფრო მეტად გვევნება და განსაცდელს დავიმძიმებთ. განსაცდელი მეტად სასარგებლოა მათთვის, ვინც მოთმინებით ღებულობს მას.

ამრიგად, არ უნდა აღვშფოთდეთ ან მოვიწყინოთ ჩვენზედ მოწევნული წყენის დროს, არამედ, მადლობით უნდა მოვითმინოთ, რათა ღმერთმა მოწყალებით მოხედოს ჩვენს უძლურებას და დაგვიცვას მისი წმინდა სახელის სადიდებლად.

თეონა ნოზაძე

წმინდა მოციქული იაკობ ალფესი

$
0
0

ხსენება – ახალი სტილით 22 ოქტომბერი

წმინდა მოციქული იაკობ ალფესიწმინდა მოციქული იაკობი, ძე ალფესი, იყო მათე მახარებლის ღვიძლი ძმა.

როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური საზოგადო მსახურების ჟამს უბრალო და კეთილმსახური ადამიანები მოციქულებად ამოარჩია, რათა მათ მთელ ქვეყნიერებაძე, ყველა ხალხისთვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, მაშინ მან ეს იაკობიც (იაკობ ალფესი უნდა განვასხვავოთ იაკობ მოციქულისაგან, რომელიც იყო ძმა იოანე ღვთისმეტყველისა, და ხორციელად უფლის ძმის იაკობისგანაც, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსისგან, საღმრთო ლიტურგიის პირველი შემდგენელისაგან, რომელიც განეკუთვნება 70 მოციქულთა რიცხვს) ღირს-ჰყო თავისი მოწაფეობისა და თორმეტ მოციქულთა შორის შერაცხა.

სხვებთან ერთად, იაკობიც უფლის უახლოეს მსახურად და მისი ყველა საკვირველი საქმის თვითმხილველი გახდა, მის საღმრთო საიდუმლოთა მქადაგებლად და ერთგულ მიმდევრად.

უფლის ზეცად ამაღლების შემდეგ იაკობმაც მიიღო სულიწმინდის საღმრთო მადლი, გადმოსული წმინდა მოციქულებზე ცეცხლოვანი ენების სახით, და იგიც გაემართა წარმართთა შორის ქრისტეს რწმენის დასამკვიდრებლად, რათა ხსნის გზაზე დაეყენებინა აქამდე კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადში მყოფი ერები.
თავიდან წმიდა მოციქული იაკობ ალფესი იუდეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულს ახლდა მესოპოტამიაში, ქალაქ ედესში – ამ უძველეს სახელგანთქმულ ქალაქში მდინარე ევფრატზე; აქედან იგი კვლავ იუდეაში დაბრუნდა და ფილისტიმელთა უძველეს ქალაქ ღაზაში და სამხრეთ პალესტინის ქალაქ ელეფთეროპოლში ამკვიდრებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, აგრეთვე მიმდებარე დაბა-სოფლებში.
წმინდა იაკობ ალფესი ქრისტეს სხვა მოციქულების მსგავსად აღნთებული იყო საღმღთო მოშურნეობის ცეცხლით და მისით სწვავდა უღმერთოების ღვარძლს, მისით შემუსრავდა კერპთაყვანისმცემელთა საკერპე ბომონებს, აჩანგებდა მათ ტაძრებს, ანადგურებდა საძაგელ კერპებს. ამასთან, იგიც, საღმრთო ძალის შეწევნით, მრავალრიცხოვან ნიშებსა და სასწაულებს აღასრულებდა: კურნავდა სხვადასხვა სნეულებებს, განდევნიდა ადამიანთაგან მზაკვარ სულებს და თავისი ღვთივსულიერი ქადაგებით მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამის გამო, რაკი წმინდა მოციქულმა იაკობმა, ალფეს ძემ, ადამიანთა დიდი სიმრავლე შესძინა ქრისტეს, მან ახალი სახელიც მიიღო და იწოდა ეკლესიისაგან ღვთაებრივ თესლად, რამეთუ ადამიანთა გულებში კეთილი თესლი დათესა – ღვთის სიტყვა, ბევრგან დაამკვიდრა ჭეშმარიტი სარწმუნოება, დააფუძნა ქრისტეს ეკლესია და ააღორძინა კეთილმსახურება. სწორედ ყოველივე ამისთვის ეწოდა მას ეს საკვირველი სახელიც – ღვთაებრივი თესლი.

მრავალი ქვეყანა მოვლო მან ღვთის სიტყვის ქადაგებით, ბევრგან დათესა ზეციური თესლი, ჯეროვანი სამკალიც შეიკრიბა კაცთა მოდგმის ხსნისა და ბოლოს, თავისი ამქვეყნიური ცხოვრება ქრისტეს კვლზე დაასრულა: ყოველივეში უფლის მიმბაძველი, ვნებაშიც მას მიემსგავსა, რამეთუ ჯვარზე მიმსჭვალულმა მიაბარა ღმერთს თავისი ნეტარი სული. ეს მოხდა ეგვიპტეში, ზღვისპირა ქალაქ ოსტრაცინში, რომელიც პალესტინას ესაზღვრებოდა.
ასე იქნა შეკრებილი ეს ღვთაებრივი თესლი – წმინდა იაკობ მოციქული ალფესი – ზეციურ ბეღელში, გამომღები ასობით ნაყოფისა.

ქეთი ჭელიძე


საკვირაო ქადაგება (22.10.2017)

$
0
0

ილია მეორე 22 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და აღნიშნა, რომ დღეს ეკლესია აბრაამსა და ლოტის იხსენებს. უწმინდესის თქმით, აბრაამი მაგალითია დიდი რწმენის და ღვთის იმედის.

”თქვენ იცით ბიბლიიდან, რომ აბრაამს შვილი არ ჰყავდა და მას უთხრეს, რომ ეყოლებოდა შვილი. შვილი წამოიზარდა, ღმერთმა უბრძანა, ის მსხვერპლად შეეწირა. წაიყვანა შესაწირავად და ღმერთმა გამოაჩინა კრავი, რომელიც იყო შეწირული. ამით გამოსცადა აბრაამი. განსაცდელი ყოველ ადამიანს გააჩნია და ჩვენ უნდა მტკიცედ ვიდგეთ სარწმუნოებაზე. სარწმუნოება ეს არის ჩვენი საფუძველი, ეს არის იმედი ჩვენი, ეს გადაარჩენს ადამიანს”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა გაიხსენა, რომ რამდენიმე დღის წინ მასთან სარწმუნოებით მუსლიმანი ადამიანი იყო მისული. ამ მუსლიმანმა მას უთხრა, რომ არსებობს სამი ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით მადლმოსილია – მადლია გადმოსული და რომ ეს აღნიშნულია მუსლიმანურ წიგნებში, კერძოდ ეს არის: ქუმი, ერაყი და საქართველო.

”დიდება და მადლობა უფალს, რომ აირჩია საქართველო. საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს”, – ბრძანა პატრიარქმა.

ღირსი ანტონი-ჭყონდიდელი მიტროპოლიტი და მოწაფე იაკობ ხუცესმონაზონი

$
0
0

ღირსი ანტონი – ჭყონდიდელი მიტროპოლიტი (+1815) და მოწაფე მისი იაკობ ხუცესმონაზონი
13 (26) ოქტომბერი

ღირსი ანტონ ჭყონდიდელი – საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე – დაიბადა სამეგრელოს მთავრის, ოტია დადიანის მრავალშვილიან ოჯახში. დედა – გულქანი – რაჭის ერისთავის შოშიტა III-ის ქალიშვილი იყო. ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ასული – მარიამი იზრდებოდა (შემდგომში იმერეთის დედოფალი, ცოლი სოლომონ დიდისა). ანტონი და იაკობი შვილებს პირველდაწყებითი განათლება დედამ მისცა. ის იყო ძველი დედების ტრადიციების გამგრძელებელი ქალი, რომლის ცოცხალი სარწმუნოება და კეთილი საქმეები მისაბაძი იყო ყველასათვის. მამის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ანტონი (მისი საერო სახელი უცნობია) ძმის, კაცია დადიანის კარზე იზრდებოდა. მას საერო მოღვაწედ ამზადებდნენ და ამიტომაც საღვთო წერილსა და მამათა შრომებზე უფრო ღრმად საერო მწერლობა, პოეზია, ფილოსოფია და ხელოვნება შეასწავლეს. ანტონი ფლობდა თათრულ ენასაც, რომელიც იმ დროისათვის ძალზე პრესტიჟული და აუცილებელი იყო, მაგრამ მოხდა ისე რომ ანტონმა მონაზვნობა გადაწყვიტა და მალე აღიკვეცა კიდეც.

მონაზვნად შემდგარმა ანტონმა მომეტებულად იგრძნო წყურვილი საეკლესიო განათლებისა. მან მიმართა მარტვილის ბერებს, რომელთა ხელმძღვანელობითაც ეცნობოდა წმიდა მამათა თხზულებებს. განათლების შესავსებად მას მიჰგვარეს ფრანგი მისიონერები, რომელთაც მისთვის უნდა ესწავლებინათ სქოლასტიკური ფილოსოფია. ანტონს არც ფრანგების ქცევა მოეწონა და არც მათი სწავლება, მან შეიტყო, რომ ფრანგი ბერები მწვალებლობის ღვარძლს ურევდნენ მართლმადიდებლურ მოძღვრებაში. ერთხელ, სადილობის დროს, ანტონმა უთხრა ლათინ ბერს: “თუ შეგიძლია ამ წყლიან ჭიქაში ღვინო ჩაასხა ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს?” ლათინმა მოძღვარმა უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია. მაშინ ანტონმა უთხრა: “როგორც ერთ ჭიქაში წყალი და ღვინო არ ჩაისხმის ისე, რომ ერთმანეთში არ გაერიოს, აგრეთვე ერთი კაცის გონება ვერ დაიტევს მართლმადიდებლურ და მწვალებლურ მოძღვრებებს ისე, რომ ერთი მეორეს არ გაჰრიოსო”, – და ამ დღიდან დაითხოვა ლათინი ბერი.

სწავლის სურვილი არ ასვენებდა ანტონს. “ურვა მქონდა სწავლისა და მკურნალს ვეძიებდ”, – წერს თავად. ამ დროს სამეგრელოში გაიგეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში გაიხსნა საფილოსოფოსო სკოლა და 1757 წლის ახლო ხანებში ანტონი გაემგზავრა თბილისს, მეფე ერეკლე II-ის კარზე, რომელსაც ცოლად ჰყავდა მისი მამიდა დარეჯანი.

სამეგრელოში დაბრუნების შემდეგ, 1761 წელს ღირს ანტონს ხელი დაასხეს ცაგერის ეპისკოპოსად. 1765 წელს ანტონ ცაგარელს მოუხდა თბილისში წასვლა: ერეკლეს და, ელისაბედი, მისთხოვდა ანტონის ძმას, კაცია დადიანს. წირვის დროს ახალგაზრდა ანტონს ხელში მისცეს დაუწერელი ქაღალდი. მაშინდელი ჩვეულებით, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ქადაგება უნდა წარმოეთქვა. ეს მოხდა სულთმოფენობის დღეს. ანტონს ისე ლამაზად და ბრძნულად უქადაგია, რომ აღტაცებულ კათოლიკოსს იგი ამბიონზე გადაუკოცნია.

1777 წელს გარდაიცვალა ჭყონდიდელი გრიგოლი, ბეჟან დადიანის ძე. იმავე წელს ჭყონდიდის ტახტზე ავიდა ანტონ ცაგარელი, ხოლო ცაგერის კათედრა მიიღო მისმა ნათესავმა სოფრონმა.

ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებას განუზომელი გავლენა ჰქონდა მსმენელებზე. მის მარხვისაგან გალეულ პირისახეზე აღბეჭდილი იყო ანგელოზებრივი სათნოება. საოცრად კეთილი მღვდელმთავრის ბრძანებით, ჭყონდიდელის რეზიდენციაში ყოველდღე მზადდებოდა სადილი ღარიბ-ღატაკთათვის. ამ წესს შემდგომ ყველა ჭყონდიდელი იცავდა.

XVIII საუკუნეში სამეგრელოში ზოგიერთმა დიდებულმა შემოიღო ტყვეთა გაყიდვის უსაშინლესი წესი. ანტონი მტკიცედ აღუდგა წინ ამ ბოროტ ჩვეულებას. ის შეაჩვენებდა ტყვეების მსყიდველთ. მათ სახლში მღვდელს არ შეუშვებდა. სოფელში ეკლესიას დაკეტავდა. 1792 და 1794 წელს ანტონის თავმჯდომარეობით ჩატარდა ადგილობრივი კრება, რომელმაც მკაცრი განაჩენი გამოუტანა ტყვეთა მსყიდველებს. სასტიკი ზომები მიზანს აღწევდა: დამნაშავენი შენდობას თხოულობდნენ, საკანონოს იხდიდნენ და გაყიდულ ტყვეს გამოიხსნიდნენ ხოლმე.

1789 წელს მიტროპოლიტმა ანტონმაც დატოვა ჭყონდიდის კათედრა, უბრალო მონაზვნური ღვაწლი იტვირთა და მის მიერვე აშენებულ ნახარებაუს მონასტერში განმარტოვდა. მან ეს მონასტერი გაამდიდრა სიწმიდეებით, ძველი ხატებით, დიდძალი მამულებით და გლეხებით. ჭყონდიდელობიდან გადადგომის წინა წელს (1788 წ.) მთავარს, კაცია დადიანს, ყველა საეკლესიო მამული გაათავისუფლებინა საერო გადასახადებისგან. წმიდა ანტონს მუდამ გვერდით ედგა უახლოესი მეგობარი და თანაშემწე, მღვდელ-მონაზონი იაკობი, რომლის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება.

ღირსი ანტონი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1815 წელს მის მიერვე აშენებულ მონასტერში, დაკრძალულია იქვე.

“ნამდვილად უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული”

$
0
0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბაღდათობა 2017 “იესო ტკბილის” პარაკლისი გადაიხადა და მრევლს ქადაგებით მიმართა.

“ეს სიტყვები – “ჩვენთან არს ღმერთი” ბიბლიიდანაა. თქვენ როცა ამბობთ ამ სიტყვებს, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან ამოვიდეს ეს სიტყვები. ნამდვილად უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას უფალს შესთხოვა, რომ თითოეულმა მლოცველმა მისი თხოვნის შესაბამისად მიიღოს.
“ღმერთმა ისმინოს ლოცვა ჩვენი, “ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ, ამინ”, – ბრძანა უწმინდესმა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატარებს ტკბილეული დაურიგა.

საკვირაო ქადაგება (29.10.2017)

$
0
0

ილია მეორე 29 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ყოველმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი გზა და მიზანი უნდა იყოს ცათა სასუფეველი. იცით, რომ ყოველ შაბათს გვაქვს შეხვედრა ჩვენს მორწმუნე ადამიანებთან დილის 10:00 საათზე და 12:00 საათზე არის პარაკლისი და დალოცვა ერისა. ბავშვების აღზრდა ეს არის მთავარი მიზანი ჩვენი არსებობისა, ჩვენი ცხოვრებისა, ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს იმ მიზნით, რომ აღვზარდოთ ჩვენი შვილები”, -ბრძანა პატრიარქმა.

საკვირაო ქადაგების შემდეგ ილია მეორემ თბილისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი დალოცა.

წმიდა ლუკა მოციქული

$
0
0

მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 31 ოქტომბერს წმიდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება.

ლუკა მოციქულიწმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ შეიტყო, ლუკა მოციქული პალესტინაში ჩავიდა და უფლის მოწაფე გახდა. ღვთის სიტყვა მან სხვადასხვა მხარეში იქადაგა. მოწამეობრივი ღვაწლით კი ქალაქ თებეში აღესრულა.

გადმოცემის მიხედვით, წმიდა ლუკა ღვთისმშობლის პირველი ხატების დამწერიცაა. “მადლი ჩემგან შობილისა ჩემითა მეოხებითა იყოს ამა ხატთანა!” – უბრძანებია ყოვლადწმიდა ქალწულს თავისი წმიდა გამოსახულების ხილვისას. გადმოცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატსაც ლუკა მახარებლის სახელთან აკავშირებს. წმიდა მოციქულს ეკუთვნის თავთა მოციქულთა – პეტრეს და პავლეს ხატებიც.

ოთხთავთაგან ერთ-ერთი სახარება ლუკა მოციქულს რომში 62-63 წლებში პავლე მოციქულის ხელმძღვანელობით დაუწერია. მასვე ეკუთვნის “საქმე მოციქულთა”, რომელიც ოთხთავის გაგრძელებაა და მაცხოვრის ამაღლების შემდეგ წმიდა მოციქულთა შრომასა და ღვაწლზე მოგვითხრობს.

Viewing all 1609 articles
Browse latest View live