“კაცი, რომელსაც ეკლესიაში მისვლა და წირვის მოსმენა სურს, ამ საქმისათვის უნდა მოემზადოს. კვირას, ეკლესიაში მისვლამდე, უნდა ეცადოს, რომ გული და გონება ლოცვის მოსასმენად განაწყოს. თუ მან სოფლის საზრუნავი ეკლესიაშიც შემოიტანა, რასაკვირველია, კარგად და სასარგებლოდ ვეღარ ილოცებს. ტაძარში შესვლამდე ერთი წამით ჯერ ეზოში დაჯექი, გონება მოიკრიბე და შენს თავს ჰკითხე, სად მიდიხარ? ტაძარში ღმერთს უნდა წარუდგე, იქ შენი მოწმენი ანგელოზები და წმინდანები იქნებიან, უპირველეს ყოვლისა, უნდა ეცადო, რომ ტაძარში შესვლისას ყველასთან შერიგებული იყო და წყენა გულში არავისზე გქონდეს. თუ ტაძარში ამსოფლიური ამაო შფოთითა და საზრუნავებით შეპყრობილი შეხვალ, იქ შენი მხოლოდ ხორცი იქნება, სული და გული კი – სხვაგან. არც თათრები და არც ურიები თავიანთ დღესასწაულებს არ შეაგინებენ. ტაძარში შესული წინ დგომაზე ნუ იფიქრებ, არამედ დუმილითა და კრძალულებით იდექი, ნუ დაგავიწყდება, სადა ხარ. ტაძარში ლაპარაკი, აქეთ-იქით ყურება (და მით უმეტეს სიარული), ერთმანეთის თვალიერება ცოდვაა. ტაძარში უნდა ეცადო, ის ლოცვები და წმიდა წერილის ადგილები მოისმინო, რომელსაც იქ კითხულობენ. ქრისტიანული სჯული და სწავლება იმ ლოცვებსა და საგალობლებშია გამოხატული, რომელთაც ეკლესიაში კითხულობენ და გალობენ. მაშასადამე, ვინც მათ გულისხმიერად ისმენს, შეიტყობს, რას წარმოადგენს ჩვენი სჯული და სწავლება. ამასთან, ეკლესიაში მლოცველს გული გრილი არ უნდა ჰქონდეს. მან ან შიში უნდა იგრძნოს თავისი ცოდვებისა და უღირსობისათვის, ან მწუხრება, ან სიყვარული ღმრთისა, ან სიტკბოება და ნუგეში, ან სხვა რომელიმე სულიერი გრძნობა. ვინც ეკლესიაში გულგრილად დგას და არაფერს გრძნობს, მისი ლოცვაც გრილი და უნაყოფო იქნება. ლოცვა ისე უნდა უყვარდეს კაცს, როგორც მშიერს საჭმელი და მწყურვალს – სასმელი. ჭეშმარიტი და გულმოდგინე ლოცვის შედეგი სულიერი წარმატება, გაუმჯობესებაა.
ჭეშმარიტი ლოცვა ადამიანის გულს დაადნობს, ხასიათს გაუუმჯობესებს, იგი ბოროტი გულის ვნებებს ისე დაალბობს, როგორც მზის სითბო თოვლსა და ყინვას, უკეთუ გული შენი ლოცვისაგან მოსვენებას და სიმშვიდეს იგრძნობს, უკეთუ ღმრთის და მოყვასის სიყვარული გაგეზრდება, მაშასადამე, კეთილად გილოცია. თუ მართლაც გულმოდგინედ და მადლიანად ილოცე, ტაძრიდან გამოსულს მტერიც კი შეგებრალება და მზად იქნები გადაეხვიო, ხოლო თუ მტრის მიმართ გულში კვლავ სიძულვილი და მტრობა იგრძენი, მაშინ იცოდე, რომ შენი ლოცვა ცრუ და უნაყოფო იყო. ხოლო იმ ქრისტიანებზე, როელნიც გამოვიდნენ თუ არა ტაძრიდან, უკვე მის ეზოში იწყებენ ჩხუბსა და ყვირილს, ვიტყვით, რომ მათ საერთოდ არ ულოციათ, რომ ტაძარში ისინი მხოლოდ რაღაც მოძრაობას აკეთებდნენ ხელებითა და საერთოდ, სხეულით,”- წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.