დიდმარხვის მეორე კვირიაკე “სინათლის მქმნელთა მარხვათა” სახელწოდებით აღინიშნება.
ამ დღეს ტაძრებში წირვაზე სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი ერთ-ერთ სახლში განრღვეულს განკურნავს, რომელიც სახურავიდან ჩაუშვეს.

ამ დღეს ასევე თესალონიკელი მღვდელმთავრის წმ. გრიგოლ პალამას ხსენების დღე აღინიშნება. იგი მე-14 საუკუნეში მწვალებლობის, მართლმადიდებლობის არასწორად სწავლების, კერძოდ, კათოლიციზმის წინააღმდეგ გამოდიოდა.
1328-30 წლებში, ანდრონიკე III ზეობის პერიოდში, პაპის ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, კალიბრიიდან კონსტანტინეპოლში ჩამოვიდა მეცნიერი ბერი ბარლაამი. მან მოჩვენებითად მიიღო მართლმადიდებლობა, ბერად აღიკვეცა და მონასტრის იღუმენიც კი გახდა. ბარლაამი ათონის წმიდა მთაზეც მივიდა, სადაც ისიხასტი ბერების სულიერი ცხოვრების წესს გაეცნო. ის ეკამათებოდა ბერებს და ცდილობდა, დაესაბუთებინა მათთვის, რომ თაბორის ნათელი ქმნილი მოვლენა იყო.
ათონელ ბერთა თხოვნით გრიგოლ პალამამ თავდაპირველად სიტყვიერი შეგონებით მიმართა ბარლაამს, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, წერილობით გამოსცა თავისი საღვთისმეტყველო დასაბუთებანი. ასე შეიქმნა ცნობილი “ტრიადები წმიდა ისიხასტთა დასაცავად” (1338).
1340 წელს ათონელმა მოღვაწეებმა ნეტარი მამის ხელმძღვანელობით შეადგინეს ერთობილივი პასუხი ბარლაამის თავდასხმებზე, ეგრეთ წოდებული “წმიდა მთის ტომოსი”. კონსტატინეპოლის საეკლესიო კრებაზე 1341 წელს, წმიდა სოფიას ტაძარში, წმიდა გრიგოლი ბარლაამს შეეჯახა სიტყვიერ პაექრობაში, რომელიც ძირითადად თაბორის ნათლის გარშემო წარმოებდა. ბარლაამის მოძღვრება დაგმეს, როგორც მწვალებლობა, თვით იგი კი შეაჩვენეს. ბარლაამი იძულებული გახდა ბერებისათვის შენდობა ეთხოვა და იტალიაში დაბრუნებულიყო.