Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

“ეკლესიაში მოსულ ადამიანებს, ხშირად ჰგონიათ, რომ გაეკლესიურებამ თავისთავად შეცვალა მთელი მათი ბუნება”

$
0
0

არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი

ეკლესიაში მოსულ ადამიანებს, ხშირად ჰგონიათ, რომ გაეკლესიურებამ თავისთავად შეცვალა მთელი მათი ბუნება. საკუთარი მაგალითიდან მინდა გითხრათ, რომ ადამიანში არანაირი ცვლილება არ ხდება თავისთავად. მისი ხასიათი არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ იგი კონკრეტულ ადგილას მივიდა, მაშინაც კი, თუ ეს ადგილი წმინდა.

სინამდვილეში, აი, რა შეიძლება მოხდეს. ადამიანები განვაგრძობთ საკუთარ თავში ჩვენი ვნებების ტარებას და ისინი მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში განიცდიან ტრანსფორმირებას. მაგალითად, ეკლესიური ადამიანი წყვეტს ჩხუბს საფეხბურთო მატჩებზე ან სიარულს ღამის კლუბებში, წყვეტს ნარკოტიკების მიღებას, მაგრამ ის ვნებები, რაც მას ამ ყველაფერს აკეთებინებდა, არსად ქრება, კვლავ მასში რჩება, რადგან მათ ასე სწრაფად და ადვილად ვერ მოიშორებ.

ვნება, პერანგი არ არის, უბრალოდ რომ გაიხადო, სარეცხ მანქანაში ჩააგდო და
მის შესახებ დაივიწყო. ჩვენ მჭიდროდ ვართ დაკავშირებული მათთან. ამიტომ,
ეკლესიაში მოსვლის შემდეგ, როცა გვგონია, რომ სხვა ადამიანებად ვიქეცით,
სინამდვილეში ჩვენი «საერო» ვნებები ტრანსფორმირდება და «ქრისტიანულ»
ელფერს იძენს.

ამიტომაა, რომ ზოგჯერ ყოფილი ფანატი გულშემატკივარი,
ეკლესიაში მოსვლამდე რომ სულ ჩხუბობდა, ადამიანებს სცემდა, მატჩის
დასრულებისას მაღაზიების ვიტრინებს ამსხვრევდა, – გაეკლესიურების შემდეგ
კვლავაც ფანატიკოსად რჩება, მაგრამ ამჯერად უკვე თავისი ვნებებისთვის
გასაქანს ეკლესიის წიაღში პოულობს. ასე, ფაქტობრივად, იმავე ვნებების
სხვაგვარად შეფუთვა ხდება. არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ უკვე შევიცვალეთ.
ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანები თავისი ახლობლების შესახებ
ამბობენ: «ის ეკლესიაში დადის, მაგრამ სულ არ შეცვლილა! ისევე გვაწყვეტს
ნერვებს, როგორც უწინ!»

უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ვნებების დაძლევა, რთული პროცესია და ხანგრძლივ, დაუღალავ სულიერ ღვაწლს მოითხოვს.

მაინც რა არ შეცვლილა ჩვენში? ხასიათის ძირითადი, მთავარი თვისებები იგივე
დარჩა. ისინი თავისთავად ვერ გარდაიქმნებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი
ეკლესიაში მოვიდა და ქრისტიანი გახდა.

ამიტომ, მნიშვნელოვანია
გვახსოვდეს, რომ მრისხანება და გაღიზიანება ჩვენშივე რჩება. შესაძლოა, ახლა
უკვე «სულიერი» მიზეზების გამო ვრისხდებით, მაგრამ მრისხანების ვნება ხომ
კვლავინდებურად ფესვგადგმულია ჩვენში!

და თუკი ბოლომდე გულწრფელნი
ვიქნებით, მაშინ დავეთანხმებით წმინდა პაისი მთაწმინდელის შესანიშნავ
სიტყვებს. ერთხელ, როდესაც ეს დიდი მოღვაწე ბერი გემით დაფნიდან
ურანოპოლისში მიემგზავრებოდა, ვიღაცამ იცნო და მოუხმო:
– გერონდა, აქ მობრძანდით, ერის ხალხთან რომ არ იჯდეთ!
წმინდა ბერმა მიუგო:
– შვილო, განა მათ გვერდით ყოფნით რამე დამიშავდება? ნუთუ მათზე ბევრად
უკეთესები ვართ? განა ვფლობთ ისეთ განსაკუთრებულ სათნოებებს, რომლებსაც
გამორჩეულად უნდა მოვუფრთხილდეთ? განა ჩვენც მათი მსგავსები არა ვართ? რაც
ჩვენში სულდგმულობს, იგივე ბუდობს მათშიც. უბრალოდ, ჩვენი მანკიერებები,
ვნებები და პრობლემები თავს განსხვავებულად იჩენს. ჩვენც მათსავით
ვჩხუბობთ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შეიძლება ვიჩხუბოთ, მაგალითად,
ტიპიკონის გამო, სწორად აღვასრულებთ ღვთისმსახურებას თუ არა…»


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles