წმ.თეოფანე დაყუდებული:
“არაფერია ღვთის თვალში იმაზე უფრო სათნო, ვიდრე წყენის მიტევება – ამით ვემსგავსებით გულმოწყალე უფალს. და არაფერი ისე ადვილად არ გვაცდუნებს, როგორც სურვილი შურისძიებისა, სიტყვით იქნება ეს აღსრულებული თუ საქმით. გამოდის, რომ შეძენის ნაცვლად განუწყვეტლივ ვკარგავთ. არადა, ეს უკანასკნელი თავად გვეძლევა – აპატიებ? სიმშვიდესა და ღვთის წყალობას მოიპოვებ; არ აპატიებ? შინაგანი დრტვინვა მოგიღებს ბოლოს და ნუღარც წყალობას ელი ღვთისაგან.
ხშირად, პატიების ნაცვლად, მრისხანებას, წყენასა და უკმაყოფილებას ვეძლევით, იმიტომ, რომ არად ვაგდებთ მიმტევებლობის ფასს, უყურადღებოდ გვრჩება ის, რაც მიტევების შემდეგ გვეძლევა, რასაც წყენისგან გათავისუფლების შემდეგ განვიცდით. გოროზი გული მსჯელობს: რისთვის ვაპატიო? – და არც ვპატიობთ. წყენის წუთებში აღადგინეთ გონებასა და გულში მიტევების უეჭველი აღთქმა, აღთქმა შეუდარებლად ძვირფასი, ვიდრე ის წყენაა, რაც შეიძლება მოგვაყენოს ადამიანმა. მაშინ, რა საწყენიც უნდა შეგვხვდეს, გულიდან მოგვესმება მანუგეშებელი ხმა: – აი, ამისთვის აპატიე. და ჩვენც ვპატიობთ.
მივუტევებთ? ჩვენც მოგვეტევება. კიდევ მივუტევებთ? კიდევ მოგვეტევება. და ასე განუწყვეტლივ. მიმტევებელი მუდამ ყოვლადმოწყალე ღვთის სიყვარულითაა გარემოსილი. ჩვენც ხომ ასევე გვჭირდება მიტევება! ამიტომ ვიჩქაროთ და მივუტევოთ მოყვასს, რომ ჩვენც მოგვიტევოს. თანაც ხალისით, რამეთუ რასაც ვპატიობთ, ფასი არა აქვს, ხოლო რაც ჩვენ გვეპატიება, ძალზე ძვირია და ვერაფერი შეედრება. სახარებისეულ იგავში ჩვენი ცოდვები ღვთის წინაშე უხვი ტალანტით, ხოლო სხვათა ცოდვები ჩვენს წინაშე – რამდენიმე დინარით არის შეფასებული. მიწიერი საგნების არანაირი შეფასება არ არის ისე ზუსტი, როგორიც შედარებითი შეფასება ჩვენი ცოდვებისა და სხვათაგან მოყენებული წყენისა, რადგან ეს შეფასება სამართლიანობის ღმერთისგან წარმოითქმება. ასე რომ, გაიხსენე ცოდვები, რომლებიც მოგვეტევა ანდა ეძებ მოტევებას, მიღებულისადმი მადლიერებით ანდა სასურველი მოწყალების მიღების უეჭველი იმედით, მიუტევე – მიუტევე ფართოდ გაღებული კეთილი გულით. მით უფრო, თუ წყენით რამდენადმე დაგამცირეს ანდა ზიანი მოგაყენეს. ღმერთი ყველაფერს ხედავს. ხედავს შენი გულის მოძრაობას, აკვირდება მის სვლას წყენიდან მიტევებისკენ, ახარებს იქ მომხდარი სასიკეთო ცვლილება და შენს მიერ გაღებულ მსხვერპლს დიდად აფასებს.
ერთი ბერი არც ისე დიდი მოღვაწე იყო, არც არავის განიკითხავდა და არც სწყინდა, როცა შეურაცხყოფდნენ. როცა კვდებოდა, ძმები წუხდნენ, მას კი ნათელი და მხიარულება არ შორდებოდა სახიდან. ჰკითხეს, რა გახარებსო. მაპატიეთ, ძმებო! მე ცოდვილი და ზარმაცი ბერი ვარ, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში არავინ განმიკითხავს და არც ვინმეს წყენა ჩამიდია გულში. ღვთის ანგელოზი მოვიდა და მითხრა, შენ არ განიკითხავდი და არც ღმერთი განგიკითხავსო. შენ პატიობდი და ღმერთიც გპატიობსო. ამ სიტყვების მოსმენამ ისე გაახარა ჩემი გული, რომ მკერდიდან ამოხტომას ლამობსო. ასე გარდაიცვალა ბერი.
ხედავთ, როგორი სამაგიეროა! ამის შემდეგ როგორღა იტყვით, რისთვის ვაპატიო?”