Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

ნათლისღება

$
0
0

გილოცავთ ნათლისღებას!

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: ნათლისღება “ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მეორენაირად ვუწოდებთ ყოვლადწმიდა სამების განცხადებას. ამ დღეს იკითხება მათეს სახარება, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ ნათლავდა წმიდა იოანე ნათლისმცემელი უამრავ ადამიანს მდინარე იორდანეში. წმიდა იოანე მის მიერ ნათელღებულებს ასწავლიდა: „მე უკუე ნათელსგცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელგცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა”(მთ. 3,11).

ნათლისმცემელი ხალხს ასწავლიდა, რომ ის მხოლოდ წინამორბედია და მის შემდეგ მოდის შეუდარებლად მასზე ძლიერი. სწორედაც ერთ მშვენიერ დღესაც, როდესაც ამგვარად ასწავლიდა და ნათლავდა წინამორბედი, მასთან თავად სამყაროს შემოქმედი – განკაცებული ღვთის ძე მივიდა მოსანათლად. გაკვირვებული იოანე კი „აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხმს შენ მიერ ნათლისღება, და შენ ჩემდა მოხუალა?” (მთ. 3,14). მართლაცდა რისთვის მივიდა ქრისტე იოანესთან?

სწორედ ამ მიზეზთა განხილვა სიღრმისეულად გაგვარკვევს ნათლობის საიდუმლოს არსში. პირველ მიზეზად უნდა დავასახელოთ ის გარემოება, რომ დადგა ჟამი იესო ქრისტეს საყოველთაოდ გამოჩინებისა და მსახურებისა. კაცობრიობამ არ იცოდა მისი მოვლენების შესახებ. მხოლოდ იცოდნენ ანგელოზებმა ცათა შინა, რომელთაც მისი შობა განადიდეს, იცოდა რამდენიმე მწყემსმა, სამმა მოგვმა და სულ რამდენიმე ადამიანმა. ღვთისმშობელი და მართალი იოსები ამ ამბავს თავად არავის უზიარებდნენ, რადგან ჟამი განცხადებისა არ იყო დამდგარი.

და აი, ღვთის ნათლისღებას მეორენაირად ეწოდება განცხადება ყოვლადწმიდისა სამებისა; ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია მას ვუწოდოთ განცხადება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რამეთუ, დაფარული იყო მისი ღვთაებრივი ბუნება და სწორედ ამ დროს გამოაშკარავდა. და როგორ განცხადდა მისი ღვთაებრიობა? უპირველესად იოანე ნათლისმცემელის მეშვეობით, რამეთუ მან, როდესაც მაცხოვარი იხილა, საქვეყნოდ დაამოწმა მისი ღვთაებრიობის შესახებ:

„ხვალისაგან იხილა იოვანე იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი.

ესე არს, რომლისათვის-იგი ვსთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს” (იო.1,29-30).

ერთ საინტერესო საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუკი ქრისტეს ღვთაებრიობა დამალული იყო და მის მოვლინებას მოასწავებდა იოანე, რომელიც თავს წინამორბედს უწოდებდა, ასევე საჭირო იყო იოანეს წინამორბედობის ღვთაებრივი დადასტურება. ანუ, ფაქტობრივად, ქრისტე და იოანე ერთმანეთის უტყუარობასა და ღვთისგან წარგზავნილობას ამოწმებენ. იოანემ ქრისტეს ღვთაებრიობა სულიწმიდის კარნახით დაამოწმა: „და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისა ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლისცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისა”(იო. 1,32-34).

ქრისტესა და იოანეს შეხვედრა ფრიად აუცილებელი იყო, ვინაიდან იოანე გამორჩეული პიროვნება გახლდათ. ჯერ კიდევ მისი შობა სასწაულებთან იყო დაკავშირებული, რამეთუ მხცოვანი და ბერწი დედისგან იშვა. შემდგომ თავისი წმიდა და ასკეტური ცხოვრებით საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. მასზე უპირატესი, მასზე აღმატებული არავინ ეგონათ და მართლაც არავინ იყო ადამიანის ნაშობთაგან; ამის შესახებ თავად იესო ქრისტემ დაამოწმა შემდეგში: “მართლიად გეტყვი თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათა უფროის იოანეს ნათლის-მცემელის; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროისა მისა არს” (მთ.11,11). შესაბამისად, ყველასთვის საცნაური უნდა ყოფილიყო, რომ იოანე, მართალია, წმიდა და ყველა ადამიანზე უპირატესია, მაგრამ ქრისტესთან მიმართებით მონა და მსახურია. ხოლო თუკი ქრისტე და იოანე ერთმანეთს საქვეყნოდ არ შეხვდებოდნენ, მაშინ ადამიანები გაორებულები დარჩებოდნენ; იოანეს უამრავი მიმდევარი ჰყავდა და ქრისტეს გამოჩენის შემდეგ, იოანესთან შეხვედრის გარეშე, ფრიად რთული იქნებოდა მათთვის ქრისტეს უპირატესობაში დარწმუნება. ამიტომ სწორედ იოანეს უნდა ეღიარებინა ქრისტე ღმერთად და მისადმი თაყვანისცემა საქვეყნოდ უნდა გამოეხატა.

ამიტომ თავად იოანეც კი გაოგნდება, როდესაც მასთან მისული მესია ნათლისღებას ითხოვს მისგან: „მე მიხმს შენ მიერ ნათლისღება, და შენ ჩემდა მოხუალა?”(იო. 3,14). გაკვირვებული იოანე თავიდან ერთგვარ წინააღმდეგობას გამოხატავს ქრისტეს მიმართ, თუმცა იესო პასუხობს მას: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე”(იო.3,15). ქრისტე ყველაფერს იმას აღასრულებდა, რასაც ისრაელიანთა სჯული და ტრადიცია ასწავლიდა. ამიტომ ჩავიდა იგი წყალში და მასში სამგზის შთაფვლით ნათელ-იღო.

შეიძლება ასეც ითქვას: უფალმა კი არ იღო ნათელი იოანესგან, არამედ სწორედ იოანემ იღო ნათელი ქრისტესაგან. სწორედ ნათლისმცემელი გახდა პირველი ადამიანი, ვინც სამების სახელით მოინათლა. სწორედ იესო ქრისტემ განწმინდა მდინარე იოარდანე და მიანიჭა განწმენდის ძალა, თორემ იოანეს ნათლობას მხოლოდ ამ დიდი ნათლობისთვის და ქრისტესთან შეხვედრისთვის მოსამზადებელი ხასიათი ჰქონდა, ამიტომაც ქადაგებდა იოანე: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა”(მთ. 3,2).

უშუალოდ ქრისტეს ნათლობამ კი კაცობრიობას ახალი ეპოქის დასაწყისი აუწყა. სწორედ ამ დროს განცხადდა ყოვლადწმიდა სამება და მამა ღმერთისგან მისი ძის მოვლინება გვეხარა: „ნათელ-იღო იესუ და მეყსეულად აღმოვიდა რაი წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისა, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმაი იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ”(მთ. 3,16–17).
მართალია, ხალხმა გაიგო მამა ღმერთისგან ზეციდან წარმოთქმული სიტყვები, მაგრამ იმას ვეღარ გაიგებდნენ,

თუ ვისზე იყო მინიშნება, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ იოანეზე, თუ სრულიად უცნობ ქრისტეზე. თუმცა ეს გაორება აღარ წარმოიშვა, რამეთუ სული ღმრთისა, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა ქრისტეს ზედა.
აი, ასე მოხდა პირველი განცხადება იესო ქრისტეს ღვთაებრიობისა. ეს ამბავი კი მთელი ოცდაათი წელი დაფარული იყო ადამიანთა წინაშე. მამის დამოწმებითა და სულიწმიდის გარდამოსვლით კი იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება საჩინო გახდა.

ქრისტეს ნათლისღების დღიდან მოყოლებული, წყალს განწმენდის ძალა მიენიჭა. თუკი იოანესეული ნათლობა მხოლოდ სიმბოლურად განწმენდდა ხალხს და სულიერად ქრისტეს მადლის მისაღებად ამზადებდა, ქრისტესმიერ ნათლობა უკვე სულის განმწმენდელი და მადლის მომნიჭებელია. ამიტომ მას შემდეგ, რაც ქრისტეს ღვთაებრიობა განცხადდა, იოანე შეპყრობილ იქნა და სიკვდილით დასაჯეს. ეს ფაქტი კი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ იოანემ, როგორც ქრისტეს წინამორბედმა უკვე აღასრულა თავისი მისია – კაცობრიობა მესიასთან შესახვედრად მოამზადა.

იესო ქრისტეს ნათლობა განმწმენდელი და სულიწმიდის მადლის მომნიჭებელი იყო, მაგრამ სულთმოფენობა ჯერ არ იყო მომხდარი. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს იმასთან, რომ ქრისტემ თავისი ნათლისღებით კაცობრიობის გამოსყიდვას დაუდო საფუძველი. ამ დროს ჯერ არ იყო ადამიანური ბუნება ბოლომდე გამოსყიდული. ადამის ცოდვა არ იყო გამოსყიდული, ვინაიდან უფალი ჯერ ჯვარზე არ იყო ასული. ჯვარზე ასვლის შემდეგ სულიწმიდის მადლი სავსებით მოგვენიჭა. სულიწმიდის მადლი სულთმოფენობისას გარდამოვიდა მოციქულებზე და ეს იყო მათვის იგივე ნათლობა. შემდგომ ნელ-ნელა დამკვიდრდა ნათლობის ისეთი წესი, როგორც ჩვენ დღეს გვაქვს.

ასე რომ, ამ დღეს კაცთათვის დაფარული ქრისტეს ღვთაებრიობა განცხადდა და უკვე საჩინო გახდა. ვისაც გულისკარი ღია ჰქონდა, მან მიიღო მამაღმერთის ჩამოძახილი, ხოლო ვისაც გულში უფლის ადგილი არ ჰქონდა, მან არც ზეციური ხმა მოისმინა, არც ქრისტეს მიერ აღსრულებული უამრავი სასწაული ჩააგდო რაიმედ და არც მის წარმოთქმულ სიტყვებს დაუჯერა.

ჩვენ უდიდესი მადლიერება გვმართებს ღმერთის წინაშე, რამეთუ ნათლისღების წყლით ვართ განბანილნი. წმიდა მამები ასეთ რამეს გვასწავლიან: „მოუნათლავი ადამიანის გულში ბოროტება და ეშმაკია ჩაბუდებული და ადამიანს სიკეთის აღსრულებაში დიდად უშლის ხელს; ნათლობის შემდეგ კი ღმერთი იბუდებს ადამიანის გულში და ბოროტება იდევნება, მხოლოდ გარედან ცდილობს ადამიანის ცდუნებას. აი, ამგვარად იცვ- ლება ადამიანის შინაგანი ბუნება. ნათლობის გარეშე ღვთის მადლის შეგრძნება და ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა ვერ მოხერხდება.

მადლობა უფალს, რომ ჩვენ ყველანი მონათლულები ვართ, ჩვენს გულში იესო ქრისტეა გაბატონებული და დაე, ისე გვეცხოვროს, რომ გარედან მოსულ ბოროტებას ვერასდროს შეეღწიოს ჩვენს შინაგან სამყაროში.
ამ დღეს ვაკურთხებთ წყალს, ნიშნად იმისა, რომ გვსურს განწ-მენდა, გვსურს, რომ ჩვენს მსგავსად სხვანიც მოინათლონ მისი საიდუმლო ძალით. ნათლისღებას უნდა წავიღოთ ნაკურთხი წყალი, აუცილებლად ვასხუროთ სახლში, ვასხუროთ ოჯახის წევრებს, რათა ყველას მისწვდეს მისი მაკურნებელი მადლი.

ჩვენთან არს ღმერთი!”


Viewing all articles
Browse latest Browse all 1609

Trending Articles