22 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და აღნიშნა, რომ დღეს ეკლესია აბრაამსა და ლოტის იხსენებს. უწმინდესის თქმით, აბრაამი მაგალითია დიდი რწმენის და ღვთის იმედის.
”თქვენ იცით ბიბლიიდან, რომ აბრაამს შვილი არ ჰყავდა და მას უთხრეს, რომ ეყოლებოდა შვილი. შვილი წამოიზარდა, ღმერთმა უბრძანა, ის მსხვერპლად შეეწირა. წაიყვანა შესაწირავად და ღმერთმა გამოაჩინა კრავი, რომელიც იყო შეწირული. ამით გამოსცადა აბრაამი. განსაცდელი ყოველ ადამიანს გააჩნია და ჩვენ უნდა მტკიცედ ვიდგეთ სარწმუნოებაზე. სარწმუნოება ეს არის ჩვენი საფუძველი, ეს არის იმედი ჩვენი, ეს გადაარჩენს ადამიანს”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა გაიხსენა, რომ რამდენიმე დღის წინ მასთან სარწმუნოებით მუსლიმანი ადამიანი იყო მისული. ამ მუსლიმანმა მას უთხრა, რომ არსებობს სამი ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით მადლმოსილია – მადლია გადმოსული და რომ ეს აღნიშნულია მუსლიმანურ წიგნებში, კერძოდ ეს არის: ქუმი, ერაყი და საქართველო.
”დიდება და მადლობა უფალს, რომ აირჩია საქართველო. საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს”, – ბრძანა პატრიარქმა.