“წყენების სანაცვლოდ, რომელიც უსამართლოდ დავითმინეთ, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთი ან ცოდვათა მიტევებას გვაძლევს, ანდა გვასაჩუქრებს.”
წმ. იოანე ოქროპირი
როგორ მოვიქცეთ, როცა ვინმეს ვაწყენინებთ? გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მამა დავით თავაძე:
„პირველ რიგში, უნდა ვმადლობდეთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება რათა გავაცნობიეროთ, რომ კაცთა სიკეთის მოძულემ და მოწინააღმდეგე ეშმაკმა ისარგებლა ჩვენი ამპარტავნებით და ძირს დაგვცა, რის შემდეგაც უნდა მოვუხმოთ თავმდაბლობას, რომლის ძალითაც, ვიცით, რომ მოწინააღმდეგის მთელი ღონე შეიმუსრება. დავეგოთ მოყვასს, გულწრფელად ვითხოვოთ მისგან შენდობა
(შეძლებისდაგვარად, თხოვნას გული, სისხლი ამოვაყოლოთ. უარვყოთ საკუთარი თავი ანუ მოვკვდეთ მის წინაშე.) და ასევე უფლის წინაშე ვითხოვოთ პატიება. „იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი, და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“ (ფსალმ. 24.18).“
როგორ განვეწყოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც წყენა მოგვაყენეს?
პირველ რიგში ყოველნაირად უნდა შევეცადოთ, არ მივცეთ გზა მრისხანებას, ამისათვის ისევ თავმდაბლობას უნდა მოვუხმოთ, როგორც ამბობს წმინდა აბბა დოროთე:
,,ჭეშმარიტად ნეტარია, ვისაც თავმდაბლობა აქვს, ძმებო, რადგან დიდია თავმდაბლობა. ჭეშმარიტი თავმდაბლობა ისაა, წმინდანმა რომ თქვა: „თავმდაბლობა არ მრისხანებს, არც ვინმეს განარისხებს“. ბევრისთვის უცხოა ეს სიტყვები, რადგან მხოლოდ თავმდაბლობა ეწინააღმდეგება სიამაყეს და მისგან იცავს კაცს.“თავმდაბლობას შეუძლია სულს ღვთის მადლი მოუტანოს. როცა სულში ღვთის მადლი მოდის, მას მძიმე ვნებისგან, მრისხანებისაგან იცავს. „ქრისტიანისთვის სრულიად უცხოა მრისხანება“. თუ ადამიანი ამგვარი თავმდაბლობით არ დაიცავს თავს, ,,შფოთითა და სიბრაზით თანდათან ეშმაკის ზომამდეც მივა.“
გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ვინც შეურაცხგვყოფს და გვაწყენინებს, სინამდვილეში იგი მეტად შესაბრალისია, აქვს რა ბევრი სულიერი ჭრილობა, ტკივილი, განსაცდელი… იგი იმ ძაღლს ჰგავს, ავტომობილი, რომ დაეჯახა და ფეხები მოამტვრია… მერე შენ მიხვედი (შეიძლება დაეხმარე კიდეც) და მან სიმწრისაგან გიკბინა. განა ამის გამო არ უნდა გეცოდებოდეს?!
როგორ მოვიქცეთ, როცა წყენას არ გვპატიობენ?
თუ ვდრტვინავთ იმის გამო, რომ არ გვაპატიეს, ესეც ამპარტავნებაა და კვლავ თავმდაბლობას უნდა მოვუხმოთ. მუდმივად უფალს ვევედროთ და პატიებას მისგან დაველოდოთ. ვინც თავმდაბალია, მან იცის, რომ ღვთის შეუწევნელად ვერაფერს მიაღწევს და ამიტომ ნიადაგ ღმერთს ევედრება. ხოლო, ვინც ნიადაგ ღმერთს ევედრება, იცის: თუ რამ სათნოებისთვის მიუღწევია, ღვთის შეწევნით მიაღწია, და არ ამაყობს.
წყენაზე წყენით პასუხი რამდენად გამართლებულია?
ეს ყოველნაირად ეწინააღმდეგება ქრისტიანობის სულს. ბოროტების წილ ბოროტების მიგება დაუშვებელია.
ზოგიერთს ჰგონია, საქმით არ მიაგებს ბოროტებას, მაგრამ სიტყვით, ან ბოროტად შეხედვით მიაგებს. ესეც ბოროტების მიგებაა. ზოგიერთი კაცი არც საქმით და არც სიტყვით მიაგებს ბოროტს, მაგრამ გულში აქვს ძმისადმი ძვირი. ზოგიერთს არც გულში აქვს ძვირი, მაგრამ თუ მასზე ცუდს გაიგებს, უხარია. ესეც გულში ბოროტების მიგებაა. სხვას არც ძვირი აქვს გულში, არც ვინმეს ბოროტი უხარია, ნაწყენია და მისი სიკეთე არ სურს. ასეთ დროს მამათა სწავლებით ადამიანმა უნდა თქვას: „ღმერთო, შეეწიე ჩემს ძმასაც და მეც, დამიცავი მისი ლოცვით!“ ეს არის ლმობიერება, თავმდაბლობა და სიყვარული. სადაც ეს სამი რამეა, იქ უძლურია გულისწყრომა, ღვარძლიანობა, სხვა რამე ვნება, „თუნდაც ეშმაკმა მთელი თავისი უკეთურების მანქანება აამოქმედოს. „ვინც თავის მტრებზე ლოცულობს, ის ძვირს არ იმახსოვრებს“.
უნდა ვუთხრათ თუ არა ვინმეს, როდესაც გვაწყენინებენ,შეურაცხყოფას გვაყენებენ?
უნდა ვუთხრათ სულიერ მოძღვარს, რათა მივიღოთ მისგან დარიგება. ასევე ოჯახის წევრებსა და უახლოეს ადამიანებსაც უნდა ვკითხოთ რჩევა (მათი ხასიათის გათვალისწინებით, რათა უარესად არ დაიძაბოს მდგომარეობა.), რადგან განსაცდელის ჟამს ძალიან დასაფასებელი და საშურია სულიერი მეგობრების თანადგომა.
როგორ დავითმინოთ, დავივიწყოთ წყენა?
წყენის დათმენა ერთ-ერთი უდიდესი სათნოებაა და ვისაც სულის გადარჩენა განუზრახავს არა მგონია არ ცდილობდეს ამ სათნოებამდე ამაღლებას.
ერთ-ერთ მონასტერში იყო ერთი ძმა, რომელიც არასდროს აღშფოთდებოდა ხოლმე, თუმცა ბევრი ლანძღავდა და შეურაცხყოფდა. ჭაბუკი ისე უთმენდა ყველას, თითქოს არავინ არაფერს უშავებდა. ერთხელ სხვა ძმამ მუხლი მოუდრიკა და უთხრა: „ძმაო, გევედრები, მითხარი, რომელი ზრახვით ითმენ ამგვარ ლანძღვასა და შეურაცხყოფას ყველასგან?“ უპასუხა: „მათ სიტყვებს ისე ვღებულობ, როგორც არაკაცთა“. ასეც ხდება: მაგინებლის შეურაცხყოფის გამოც ითმენს კაცი საწყენ სიტყვას, რასაც არავითარი საერთო არა აქვს წყენის დიდსულოვნად დათმენასთან. ხოლო ვინც ჭეშმარიტად მოიპოვა წყენის დათმენის სათნოება, ის წმინდა მამების აზრით ნიადაგ მოსვენებასა და სიხარულშია, რადგან თავის თავს აბრალებს, რაც უნდა შეემთხვას, შეურაცხყოფა იქნება ეს, თუ გაჭირვება. ყველაფერში უღირსად მიიჩნევს თავს და ყველაფერს მშვიდად ხვდება. თუ კაცი ღვთის შიშით ჩაეძიება თავის თავს და ნახავს, რომ არაფერი დაუშავებია ძმისათვის, მაშინ სხვა დროს უწყენინებია მისთვის ან სხვა ძმისთვის, და ამიტომ უნდა შემთხვეოდა საწყენი საქმე, ან სხვა რამ ცოდვის გამო. თუ კაცი ღვთის შიშით გამოიძიებს თავის ცხოვრებას, ბრალეული აღმოჩნდება.
როგორ შევიძინოთ წყენის მიტევების ნიჭი?
როცა ვინმე უსამართლოდ შეურაცხგვყოფს და გულს გვტკენს, ამის მიტევება არ არის ადვილი. მუდმივი სტრესი და მოწევნული წყენა მართლაც რომ განსაცდელში აგდებს ადამიანს. ჭეშმარიტი ქრისტიანიც ხომ განსაცდელში იცნობა. ღვთის ჭეშმარიტ მსახურებაში მყოფი მორწმუნე წინასწარვე მზად უნდა იყოს განსაცდელების დასათმენად (იხ. ზირაქ. 2.1). მათი მოწევნისას არ უნდა აღშფოთდეს, არამედ სწამდეს, რომ ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება. ღვთის განგება კი ყოველთვი სულისთვის უმჯობესს გულისხმობს.რასაც ღმერთი გვიკეთებს, ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოა, რადგან ვუყვარვართ. როგორც მოციქული ამბობს, ჩვენც გვმართებს, ვმადლობდეთ ყოვლადვე ყოველთათვის ღმერთსა (ეფეს. 5.20), არაფერში უნდა გამოვიჩინოთ სულმოკლეობა, არამედ ყველაფერი, რაც გვემართება, თავმდაბლად და ღვთისადმი მადლიერებით უნდა მივიღოთ. უნდა ვთქვათ: „რასაც ღმერთი გვიკეთებს, ყველაფერს სასიკეთოდ აკეთებს, რადგან ვუყვარვართ. იმიტომ აკეთებს, რომ ღმერთი მოწყალეა“.
როგორ გადაჰქონდათ წმინდანებს წყენა, რას გვასწავლის წმინდა წერილი?
ამისათვის საჭიროა ღმერთის ნამდვილი რწმენა. ეს რწმენა ვლინდება ერთი მხრივ იმით, რომ ჩვენ გვიცავს ღმერთი და მეორე მხრივ, წყენით გამოწვეული განსაცდელის დროს წარმოთქმული ლოცვით. ღმერთი აგზავნის თავის ანგელოზებს ჩვენს დასაცავად. ამგვარ რთულ მდგომარეობაში გვეხმარება სულიერი მოძღვრის ლოცვები. დემონები ამპარტავნები არიან და ამიტომ დაეცნენ. ქრისტიანებს მათი დამარცხება თავმდაბლობით შუძლიათ. სიმდაბლე წვავს მათ. წმ.ისიხიოს პრესვიტერი გვასწავლის, რომ ,,ამპარტავან დემონთა საპირისპირო არის თავმდაბლობა. “უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ისეთ განსაცდელს არ დაუშვებს, რომლის გადატანაც ჩვენს ძალას აღემატება, როგორც მოციქული ამბობს: „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროს ძალისა თქუენისა“ (1კორინთ. 10.13). მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მოთმინება, არც გასაჭირის მოთმენა გვსურს, არც არაფერს ვღებულობთ თავმდაბლად, ამიტომაც ვმარცხდებით. ჩვენზედ მოწევნული წყენა ხომ იგივე განსაცდელია. რამდენადაც განსაცდელისგან გაქცევას ვლამობთ, იმდენად მეტად გვატყდება ის თავს, და რამდენადაც მეტ სულმოკლეობას ვიჩენთ, იმდენად უფრო ვერ ვაღწევთ მას თავს. თუ თავმდაბლად და მადლობით დავითმენთ,განსაცდელი უვნებლად ჩაგვივლის; ხოლო თუ ვიწუხებთ, ვიშფოთებთ, სხვებს დავაბრალებთ, და არა ჩვენს თავს, ვერაფერს მოვიგებთ, პირიქით, უფრო მეტად გვევნება და განსაცდელს დავიმძიმებთ. განსაცდელი მეტად სასარგებლოა მათთვის, ვინც მოთმინებით ღებულობს მას.
ამრიგად, არ უნდა აღვშფოთდეთ ან მოვიწყინოთ ჩვენზედ მოწევნული წყენის დროს, არამედ, მადლობით უნდა მოვითმინოთ, რათა ღმერთმა მოწყალებით მოხედოს ჩვენს უძლურებას და დაგვიცვას მისი წმინდა სახელის სადიდებლად.
თეონა ნოზაძე