29 ნოემბერს ფერიცვალების სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და წმ.მამა გაბრიელის შესახებ ისაუბრა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“მამა გაბრიელმა გამოიჩინა საოცარი თვისებები. ზოგს ესმოდა, ზოგს არ ესმოდა მისი. ის მაინც ღვთის საქმეს აკეთებდა. მამა გაბრიელმა იმ დროს დაიწყო მოღვაწეობა, როდესაც სასულიერო პირები, ეკლესია იდევნებოდა. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ მამა გაბრიელი სალოსობდა… მამა გაბრიელი მართლა ავადმყოფი კი არ იყო, მან ასეთი ტვირთი, ჯვარი მიიღო თავის თავზე. ზოგს ამხელდა, ზოგს აქებდა, მაგრამ შინაგანად ის მუდამ იყო უფალთან და უფალი იყო მასთან. და აი, ჩვენ დღეს შევასრულეთ წირვა და უნდა დავასვენოთ ახალ ლუსკუმაში. ჩვენ შევთხოვთ უფალს ლოცვა-კურთხევას და შეწევნა არ მოაკლოს საქართველოს მამა გაბრიელის ლოცვებით”, – განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, მამა გაბრიელი თვით სასუფევლიდან ეხმარება მორწმუნეებს და ყველას. უწმიდესმა შესთხოვა უფალს, უფალმა მამა გაბრიელის ლოცვებით წყალობა მოიღოს საქართველოზე.
ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა და წმიდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმიდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს.
სარკოფაგი მოწყობილია ტაძრის მარცხენა მხარეს. ის ირანიდან ჩამოტანილი ონიქსის ქვისგანაა დამზადებული. მასზე მოქანდაკე ჯონდო აფრიდონიძის ჯგუფი მუშაობდა, ხოლო ქვის კამარაზე – მოქანდაკე პაატა გიგაურის ჯგუფი.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი უწოდა. 2013 წლის 20 თებერვალს წმიდანი წმიდა ნაწილების აღმოყვანება მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მისი საფლავიდან.
მამა გაბრიელის ხსენების დღე 2 ნოემბერია.