Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

ცხრა ძმა ხერხეულიძე

$
0
0

წმიდანთა ხსენების დღე 16 აგვისტოა.

ცხრა ძმა ხერხეულიძე დედით და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველი, მარაბდას ბრძოლის ველზე მოწყვეტილნი (+1625წ)

1625 წლის ხარების დღესასწაულზე მარტყოფის ველზე ქართველებმა სასტიკად გაანადგურეს შაჰ-აბასის ლაშქარი. 9 ძმა ხერხეულიძემარტყოფში დამარცხებამ საფუძვლიანად შეარყია ირანის ძლიერება. ამ გამარჯვებამ ქართლ-კახეთი გააერთიანა, შაჰისგან დაპყრობილი სხვა ხალხები კი გამხნევდნენ. ამ გარემოებას ვერასდროს შეურიგდებოდა შაჰ-აბასი. ირანის მბრძანებელმა უზარმაზარი სპარსელთა ურდო დაძრა საქართველოსკენ, ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით. ქართველები კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში განლაგდნენ. მარაბდის ველზე დაბანაკებულ ირანელთა რიცხვი ორმოცდაათი ათასს აჭარბებდა.

ქართველთა სარდლობაში კი აზრთა სხვადასხვაობა იყო. გ. სააკაძე მოითხოვდა დაეცადათ, სანამ მტერი თვითონ არ გადმოვიდოდა შეტევაზე, რადგან დიდი სიცხის გამო ქართველტა ჯარს, განსაკუთრებით ქვეითებს, მარაბდის დაბალ ველზე ბრძოლა გაუჭირდებოდა, თანაც კოჯორ-ტაბახმელის ვიწროხევებიან მიდამოებში მტერს მთელი გაშლისა და გამოყენების საშუალება არ ექნებოდა. სამხედრო თათბირმა სააკაძის გეგმა უარყო. გადაწყდა ბრძოლა მეორე დღეს, 1625 წლის 1 ივლისს, დაეწყოთ.

ბრძოლის წინ სამღვდელოებამ ქართველთა ჯარი აზიარა. რუისელმა ეპისკოპოსმა დალოცა მხედრობა, თვითონაც, აბჯრით შეჭურვილი, მეწინავე რაზმში ჩადგა. ქართველთა დროშას ცხრა ძმა ხერხეულიძე დაუყენეს დარაჯად…

შეტევა გარიჟრაჟზე დაიწყო. ქართველთა ლაშქარმა პურის ყანებში სწრაფად იარა და მტერს რომ მიუახლოვდა, ცოტა შეისვენა. ეს შესვენება ლაშქრის მობილიზაციისათვის მტერმა კარგად გამოიყენა. ისა-ხან ყორჩიბაში მიხვდა, რომ ქართველთა ლაშქარს ამჯერად გიორგი სააკაძე აღარ მეთაურობდა.

შესვენების შემდეგ ქართველები უშიშრად გაექანნენ მტრისაკენ, მაგრამ იგრიალა ყიზილბაშთა თოფებმა და ქართველთა მოიერიშე ნაწილები ტყვიამ მოცელა. დანარჩენნი უკვე ხმალდახმალ ეკვეთნენ ირანელებს. ქართველთა სიმამაცემ მტერი უკუაქცია, მაგრამ ყიზილბაშთა გამოცდილმა ლაშქარმა ბრძოლა არ დათმო. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰბენდეხანიც მოვიდა მაშველი რაზმით.

შედრკნენ სიცხით გათანგული ქართველები. ამას დაემატა ერთი საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა თეიმურაზ მუხრანბატონი. ქართველთა შორის კი სწრაფად გავრცელდა ჭორი მეფე თეიმურაზის სიკვდილის თაობაზე, რამაც სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ქართველთა მხედრობა. მეფის სიკვდილი ხომ ომის დასასრულს ნიშნავდა. გვიან მიხვდნენ ქართველები საბედისწერო შეცდომას. მათი რიგებიც შეთხელდა.

გალომებული იბრძოდა მარაბდის ომში გიორგი სააკაძე. მან მუზარადიც მოიხადა, რათა ირანელებს ეცნოთ და შეშინებოდათ, მაგრამ ვერც მან შეძლო ვითარების შეცვლა.

თეიმურაზ მეფე მზის ჩასვლამდე იბრძოდა. დაღლილი, სიცხისაგან არაქათგამოცლილი ქართველობა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა გმირულად, მაგრამ უშედეგოდ, გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა. ბრძოლის ველზე 10 ათასი ქართველი და 14 ათასი ყიზილბაში დაეცა.

9 ძმა ხერხეულიძის საფლავიმარაბდის ომში დაიღუპა ბევრი სახელოვანი გმირი: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები – რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა მაჩაბელი და შვიდი ძმა ჩოლოყაშვილი..

ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ – ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როცა იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.

ქართულმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და სამშობლოსათვის თავგანწირული მამულიშვილები.

მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მეომრები – ცხრა ძმა ხერხეულიძე დაკრძალული არიან იქვე, სოფ. ძველი მარაბდის განაპირას წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად.

“მარაბდის ველზე სარწმუნოებისა და ქრისტეს მცნებისთვის თავდადებულნო, ქრისტესა ღმერთსა ევედრენით, რათა უვნებელად დაიცვას ღვთივდაცვული ერი ჩვენი და წმიდა ეკლესია მისი.”

მოამზადა თეონა ნოზაძემ


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles