2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს დილით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად,
თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.