Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

ხობის მონასტერში დაცული სიწმინდეები

$
0
0

ხობის მონასტერი განსაკუთრებით მდიდარი იყო იქ დაცული ძვირფასი ხატებით და ჯვრებით. ეს სიწმინდეები 1913 წელს სამეგრელოში მოგზაურობისას ექვთიმე თაყაიშვილმა აღწერა.
ე. თაყაიშვილის აღწერილობით, იმ დროისათვის ხობის მონასტერში ინახებოდა: ხობის ღვთისმშობლის ხატი მაცხოვრის ხატი, ვერცხლით მოჭედილი, შემკობილი ძვირფასი ქვებით, ქართული და ბერძნული წარწერებით. წარწერებში მოხსენიებულნი არიან ისტორიული პირები: ვარდან დადიანი, მანდატურთუხუცესი ბედან დადიანი, ცოლი მისი ხვაშაქი – ქართლის ერისთავის ბეგაის ასული, მათი შვილები: ერაშაჰრი, გიორგი, ივანე, ხატის მამკობელი თეონილა კაბერის ასული, ზვიადის დედა;

ხატი ღვთისმშობლისა, რომელსაც აქვს დიდი ჩასასვენებელი, სამნაწილედი, ვერცხლით ნაჭედი, საუცხოო ნახელავი XII საუკუნისა. ჩასასვენელი შემკულია მშვენიერი ჩუქურთმებით და ძვირფასი ქვებით;

თვით ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მოთავსებულია ამ სასვენებელში, ძვირფასი განძია ქართული ხელოვნებისა. მისი აშიები შემკულია 10 მინანქრიანი მედალიონით და წარწერებით. ღვთისმშობლის ქვემოთ ასომთავრული წარწერაა: “ქ. ყოვლად წმინდაო ღმრთის მშობელო, მეოხ ეყავ წინაშე ქრისტესა სულსა ლეონ მეფისა”. ხატის ზურგზე ასომთავრული წარწერებია, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან დავით რუსუდანის ძე-დავით ნარინი (XIII ს. მეორე ნახევარი) და ხატის “მამკობნი ერისთავთ-ერისთავი ბედან დადიანი და “დიოფალ-დიოფალი ხვაშაქი, რომლის შემოწირვით მოიჭედა ეს ზურგი”;

ხატი ღვთისმშობლისა ჩვილედი, ოქროს ჩარჩოთი, რომელიც შემკობილია ბიზანტიური ხელობის მინანქრიანი მედალიონებით და ორი პატარა ხატით, აქვს ქართული და ბერძნული წარწერები;
ხატი ღვთისმშობლისა ჩვილედი, ვერცხლით ნაჭედი, შემკობილი ძირფასი ქვებით, ჩუქურთმიანი გამოსახულებით; აქვს ასომთავრული და მხედრული წარწერები. მოხსენიებულია გიორგი XI შაჰნავაზის ძე, ცოლი მისი თამარი და შვილი ბაგრატი;

ღვთისმშობლის ხატი ჩვილედი, ვერცხლისა, როგორც წარწერიდან ჩანს, ლევან II დადიანის ბრძანებით მოჭედილი;

ხატი წმინდა დიმიტრისა და წმინდა გიორგისა, ვერცხლით ნაჭედი, ოქროთი დაფერილი, თვლებით შემკობილი – გვიანფეოდალური ხანისა;

ხატი წმინდა გიორგისა – შუბით ხელში, ვერცხლით მოჭედილი და ძვირფასი ქვებით შემკობილი არა უგვიანეს XI ს-ისა, ასომთავრული წარწერით;

იოანე ღვთისმეტყველის ხატი, ჩასმული მშვენიერ ძველი ქართული ხელობის ვერცხლის ჩარჩოში;

ხატი ღვთისმშობლისა ჩვილედი, ვერცხლისაგან განჭედილი, ჩასვენებულია დიდ სამნაწილედ დასაკეც ვერცხლით შეჭედილ ჩარჩოში. ხატი მოქვის ტაძრისათვის მოუჭედინებია მოქველ მთავარეპისკოპოს ანდრია საყვარელიძეს;

ხატი მრავალნაწილიანი, ვერცხლისა, მოქცეულია კანკელის მარცხენა ნაწილში. ხატი გაყოფილია 52 უჯრად, რომლებშიც წმინდანთა ნაწილებია; შუაში მოთავსებულია გრძელი ჯვარი, ძელი ჭეშმარიტისა, ვერცხლით შეჭედილი, რომელზედაც შუაში ჯვარცმულია გამოსახული. ქვემოთ აშიაზე ასომთავრული წარწერაა, რომელშიც მოხსენიებულია ბორდოხან დედოფალი, ცოლი გიორგი მესამისა, დედა თამარ მეფისა. ამავე ხატის ზურგზე და აშიებზე არსებულ წარწერებში მოხსენიებულნი არიან ლიპარიტ დადიანის ასული მარეხ და ხატის განმაახლებელი ლევან II დადიანი.

დასაკეცი ხატი მაცხოვრისა, ოქროსი, რომელშიც ინახებოდა ქართველთათვის სათაყვანებელი განძი – ყელის ჯვარი თამარ მეფისა. ზედაპირზე წარმოდგენილია მაცხოვარი, რომელსაც მარცხენა ხელში სახარება აქვს. თამარ მეფის გულსაკიდი ოქრო, რომლითაც შეჭედილია ეს ხატი სევადიანია, ლამაზად მოჩუქურთმებული და შემკობილი ძვირფასი ქვებით, სარდიონებით, ამეთვისტოებით, ფირუზებით, საფირონებითა და იაგუნდებით. შუა ნაწილში ამ ხატისა ჩასვენებულია თამარის ჯვარი, რომელიც შედგება ოთხი მოგრძო ზურმუხტისაგან, რომელთაც ჯვრის ფორმა აქვთ, ხუთი სარდიონისაგან, ექვსი დიდრონი მსხლის მსგავსი მარგალიტისაგან. ჯვარში ჩატანებული უნდა იყოს ნაწილი ძელი ჭეშმარიტისა; ჯვრის მეორე გვერდზე ასომთავრული წარწერაა: “ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინძღომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს”.

თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი

ხატზე არსებულ წარწერაში მოხსენიებულნი არიან: ერისთავთ-ერისთავი შერგირ დადიანი მისი მეუღლე დეოფალ-დეოფალი ნათელი, ძე მათი ცოტნე;
კოლოფი სანაწილე, რომელშიც ინახებოდა კვართი ღვთისმშობლისა, მკლავი წმიდა მარინესი, ნაწილები წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემლისა; კოლოფს აქვს მხედრული წარწერები, რომელშიც მოხსენიებულნი არიან კვართის კუბოს შემამკობლები და მომჭედავები აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია გურიელი და ლევან II დადიანი;
ჯვარი დიდი, საწინამძღვრო, ასომთავრული წარწერით: დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი “პატიოსანო ჯვარო, ადიდე უძლეველი აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა და სომეხთა მეფე დავით და შემიწყალე მე გლახაკი…” აქ მოხსენიებული დავითი ერთიანი საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი უნდა იყოს;

დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი

ოქროს ჯვარი, პატარა, გულსაკიდი, ძვირფასი თვლებით შემკობილი;
სამწერობელნი ვერცხლისა, ბიჭვინთის ღვთისმშობლისადმი ზებედეს მიერ შეწირული;
საცეცხლური ვერცხლისა, რომელშიც მოხსენიებულია კათალიკოსი ბესარიონი, რაჭის ერისთავთა წარმომადგენელი;
ვერცხლის სურა, რომელიც ხობის ღვთისმშობლისათვის შეუწირავს თავად ანჩაბაძის ასულს რუსუდანს;
პატარა თეფში მხედრული წარწერით: “კნიაზ მელიტონ კაციას ძე დადიანი ანჩაბაძის ასულს რუსუდანს”.
ე. თაყაიშვილის მიერ აღწერილი საეკლესიო საგანძურიდან დღეისათვის ბევრი დაკარგულია, ბევრი კი ინახება სხვადასხვა მუზეუმში.

წყარო: წიგნიდან “ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი”, შემდგენლები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია. ხობი-თბილისი 2000

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


Viewing all articles
Browse latest Browse all 1612

Trending Articles