ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავი 6-7 აგვისტოს რაჭაში საიუბილეო ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დაესწრება.
ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმსახურის, იღუმენ დიონისე ბორძიკულის თქმით, ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლის საიუბილეო თარიღი 2014 წელს შესრულდა, თუმცა ასე მასშტაბურად აღნიშვნა მაშინ ვერ მოხერხდა.
საიუბილეო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, 6 აგვისტოს, 10:00 საათზე, ამბროლაურში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის გახსნა მოხდება. 14:00 საათზე კი ახალნაკურთხ ტაძარში უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მცირე პარაკლისს გადაიხდის. იმავე დღეს, 18:00 საათზე ამბროლაურის კულტურის სახლში გამოფენა გაიხსნება, რომელიც რაჭაში მოღვაწე სასულიერო პირებს მიეძღვნება.
„მნიშვნელოვანი საარქივო ფოტოების გამოფენა მოხდება. ასევე ქუთაისის მუზეუმში დაცული რაჭული ექსპონატების ფოტომასალა გამოიფინება, რომელსაც პატრიარქი გახსნის. გამოფენაზე ნიკორწმინდის მიმდებარედ ამავე სახელობის მშენებარე მონასტრისა და საეპისკოპოსო რეზიდენციის პროექტის პრეზენტაცია მოხდება“, – აღნიშნა მამა დიონისემ.
ნიკორწმინდის ტაძრის იუბილესთან დაკავშირებით 7 აგვისტოს, 10:00 საათზე, კათოლიკოს-პატრიარქი ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო წირვას წმინდა სინოდის მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. წირვაზე დასასწრებად მიწვეულია პრემიერ მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად.
14:00 საათზე, სოფელ ნიკორწმინდის მიმდებარედ ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსისა და რეზიდენციისთვის ადგილის კურთხევა მოხდება. 18:00 საათზე, რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაციაა დაგეგმილი. 19:00 საათზე კი ამბროლაურის რაიონის №2 სკოლის ეზოში ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ორკესტრთან ერთად ნიკოლოზ რაჭველი წარმოშობით რაჭველ საოპერო მომღერლებთან, მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად კონცერტს გამართავს. მათ შორის იქნება სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, ანსამბლი „შვიდკაცა“, ასევე, ნანი ბრეგვაძე, თამარ ჭოხონელიძე, ანიტა რაჭველიშვილი, გია გაგნიძე, თეონა დვალი, ანზორ ხიდაშელი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, და სხვები.