ცხეთის წმ. გიორგის ეკლესია ლეჩხუმში სოფელ წილამიერთან მდებარეობს. ცხეთის წმინდა გიორგის ეკლესია ისტორიული ლეჩხუმის ჯვარ-გუმბათოვანი ძველი ეკლესიაა, რომელიც აგებულია XVIII საუკუნეში და დგას მთის კონცხზე მდინარე ლაჯანურის ხეობის მარჯვენა კალთაზე.
ეკლესია ქვით ნაგები ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის გეგმა მოგრძო სწორკუთხედშია ჩაწერილი. რვაწახნაგა გუმბათი ბემის კუთხეებსა და ორ მრგვალ ბოძს ეყრდნობა. აფსიდი შებრტყელებულია, პასტოფორიუმები სწორკუთხა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთითა და სამხრეთით, შიგნიდან სწორკუთხა და გარედან ნახევარწრიული მოხაზულობის. ეკლესიის ყოველ მკლავში, სამკვეთლოში, სადიაკვნესა და გუმბათის თითოეულ წახნაგში სარკმელია გაჭრილი. ჯვრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარით, მკლავებშორისი სივრცეები კი ცალფერდად. ეკლესიის დეკორს დასავლეთით ქმნის შესასვლელის საპირე, ტიმპანში გოლგოთის ჯვარი, სარკმლის რელიეფებიანი საპირე, თავზე ჯვრის გამოსახულებით და ფრონტონის კეხში მოქცეული გადმოშვერილი ვერძის თავი. აღმოსავლეთით იგივე გაფორმების სისტემაა, შესასვლელის გამოკლებით. სამხრეთ ფასადის შესასვლელს ჯვრის მოხაზულობა აქვს მიცემული. ტიმპანში სამმაგი ჯვრის რელიეფია. მოურთავ გუმბათს ყელზე ლილვი შემოყვება. გუმბათქვეშა კვადრატისა და გუმბათის გარდა ფასადებს ამთავრებს მარტივი პროფილის (ლილვი-თარო) მქონე, მოურთავი ქვის კარნიზი. გუმბათქვეშა კვადრატს კარნიზი საერთოდ არ გააჩნია, გუმბათს კი ქართული აგურის ხუთსაფეხუროვანი „ხერხულა“ ლავგარდანი შემოუყვება. ეკლესია გადახურულია თუნუქის საბურველით. რესტავრირებულია 2012 წელს.
ცხეთის დღევანდელი ეკლესიის ადგილას, ადრიდან ყოფილა სამლოცველო. ამას ადასტურებს XV-XVI სს.წმ. გიორგის ხატი, რომელიც აქ უნახავს ექვთიმე თაყაიშვილს. დღესდღეობით ტაძარში ყოველწლიურად 28 აგვისტოს აღინიშნება „მარიამობა” ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, სადაც სხვადასხვა სოფლიდან და კუთხიდან მოდიან მომლოცველები.