ადგილობრივი გადმოცემის თანახმად, სოფელ ბეჟევში (ჩერნიახოვის რაიონი, ჟიტომირის ოლქი, უკრაინა) ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი გამოვლინდა ხეზე (მუხაზე ან მსხალზე), რომელიც მდებარეობდა ნაკადულთან ახლოს. ხატი ორჯერ გადაიტანეს ჟიტომირში, მაგრამ ის ისევ ხეზე ჩნდებოდა. როდესაც მესამედ სცადეს მისი გადატანა, ხატი ადგილზე უძრავად დარჩა. ეს მოვლენა სოფლელებმა ზეციური ნიშანად მიიღეს და ხატის გამოცხადების ადგილზე ააგეს მცირე სამლოცველო, სადაც ხატი დამკვიდრდა.
ხატის პირველი მოხსენიება 1645 წლის 11 აპრილით თარიღდება და დაკავშირებულია სასწაულებრივ განკურნებასთან. სოფლის მცხოვრებმა ზაქარიამ, რომელიც მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა, ხატის წინაშე გულმხურვალედ ილოცა და სრულიად განიკურნა. ეს დღე ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს დაემთხვა.
ღვთის მადლიერების ნიშნად, ზაქარიამ, ადგილობრივ მიწათმფლობელ ვენედიქტ ლემეშთან და სხვა ქველმოქმედებთან ერთად, 1647 წელს იმ ადგილას, სადაც ხატი იმყოფებოდა, ხის სამლოცველოს ნაცვლად აღმართა მიძინების ტაძარი. არსებობს დოკუმენტური მოწმობები იმის შესახებ, რომ ხატის წინაშე ლოცვით მრავალი ადამიანი, მათ შორის პარალიზებულნიც, სასწაულებრივად განიკურნენ.
რევოლუციურ პერიოდამდე ბეჟევის ღვთისმშობლის ხატის პატივისცემას 11 აპრილს (ძველი სტილით), ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს და აღდგომის შემდეგ მე-10 პარასკევს აღნიშნავდნენ.
ყოველწლიურად ბეჟევიდან ჟიტომირის საკათედრო ტაძრისკენ იმართებოდა საზეიმო ჯვაროსნული მსვლელობა ხატით. გზად, სოფლებში, სადაც მსვლელობა მიმდინარეობდა, ღვთისმსახურებები აღევლონებოდა.
ჟიტომირის საკათედრო ტაძარში ხატი 2 კვირიდან 2 თვემდე რჩებოდა. ხატის მიბრძანებისა და გაცილების დღესასწაულებში მონაწილეობდა ადგილობრივი მღვდელმთავარი, სემინარიის რექტორი, ჟიტომირისა და ბეჟევის მიძინების ტაძრის წინამძღვრები, მრავალრიცხოვანი სამღვდელოება და ჟიტომირისა და მიმდებარე სოფლების მრევლი.
მე-20 საუკუნეში, 1936 წელს, მიძინების ტაძარი დახურეს, ხოლო 1937 წელს ის მთლიანად დაანგრიეს. სოფლელებმა ხატი 1941 წლამდე საიდუმლოდ შეინახეს გოლოვინეს სოფლის ერთ-ერთ სახლში.
ამჟამად ბეჟევის ღვთისმშობლის ხატი ბეჟევის სოფლის წმინდა დიდმოწამე ვარვარას ტაძარშია დაბრძანებული. აღდგომის შემდეგ მე-10 პარასკევს, ღვთისმშობლის სადიდებელი საგალობლების თანხლებით, ხატს ტაძრის შუაგულში დააბრძანებენ, რათა მორწმუნეებმა თაყვანი სცენ მას მიძინების დღესასწაულის მომდევნო კვირის ბოლომდე.
2008 წლის 23 სექტემბერს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ბეჟევის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღდგომის შემდეგ მე-10 პარასკევს დააწესა.
წყარო: www.pravicon.com