ეს კვირა ხსნილია (ე.ი. ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვას არ ვიცავთ). შვიდეულის დასაწყისში, საკვირაო წირვაზე ეკლესია იხსენებს იგავს სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის შესახებ (იხ. ლუკ. 18, 10-14), – თუ როგორ ისმინა ღმერთმა ლოცვა ცოდვილი ადამიანისა – მეზვერესი, შეიწყალა იგი და სინანულის გამო, დააყენა უფრო წინ, ვიდრე ფარისეველი, რომელიც ღვთის კანონებს გარეგნულად კი ასრულებდა, მაგრამ არ ჰქონდა სინანული. ამ იგავის გახსენებით ეკლესია მოგვიწოდებს სინანულისაკენ.

სახარება ლუკასაგან (18, 10-14)
„10. თქუა უფალმან იგავი ესე: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. 11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, 12. ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. 13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. 14. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.“