ზამთრის სეზონის ყველაზე გავრცელებული გართულებები, როგორც ალერგიული, ისე მგრძნობიარე კანის მქონე პაციენტებისთვის:
- მშრალი კანი
ზამთრის პერიოდში, ჰაერის ტენიანობის ვარდნამ, შეიძლება, შეამციროს კანის ტენიანობა, რაც იწვევს კანის სიმშრალეს, აქერცვლას და დაჭიმულობის შეგრძნებას. ზამთრის ჰაერი, როგორც შიგნით, ისე გარეთ, უფრო მშრალია, ვიდრე სხვა სეზონზე, რაც იწვევს კანის ბუნებრივი ტენის უფრო სწრაფად აორთქლებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის დეჰიდრატაცია, გამოშრობა. - ატოპიური დერმატიტის გამწვავება
ეგზემის ან ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებს ცივმა, მშრალმა ჰაერმა შეიძლება გაუმწვავოს დაავადება, განსაკუთრებით სხეულის ისეთ ადგილებზე, როგორიცაა: ხელები, სახე და იდაყვები. - ნახეთქები
ცივი ქარისა და მშრალი ჰაერის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ტუჩების დახეთქვა, აქერცვლა და ტკივილი. სათანადო დატენიანების გარეშე, დახეთქილი ტუჩები შეიძლება გახდეს მტკივნეული და უკიდურეს შემთხვევაში სისხლმდენიც კი.
ტენიანობის ნაკლებობამ და ცივი ტემპერატურის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ასევე ტერფებზე კანის ელასტიურობის დაკარგვა.
ცივმა ამინდმა შეიძლება გამოაშროს ტერფები, რაც გამოიწვევს ქუსლების დახეთქვას, რომელიც შეიძლება გახდეს მტკივნეული და დაინფიცირებულიც კი.
ალერგიულ პაციენტებს, ვისაც კანი სიმშრალისკენ აქვთ მიდრეკილი, ტუჩის კუთხეების, ყურის ბიბილოების კუთხეებიც ხშირად ეხეთქებათ ზამთარში, რაც საკმაოდ მტკივნეულია.
როგორ ვუმკურნალოთ კანს ?
- მშრალი კანი
ხშირად ატენიანეთ, გამოიყენეთ დამატენიანებელი რეგულარულად, წაისვით შხაპის მიღებისთანავე ტენიანობის შესანარჩუნებლად.
მოერიდეთ ცხელ შხაპს, ამის ნაცვლად აირჩიეთ ნელ-თბილი წყალი.
გამოიყენეთ ოთახში ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობები. შიდა ჰაერის დატენიანება დაგეხმარებათ ზედმეტი სიმშრალის თავიდან აცილებაში. - ატოპიური დერმატიტის გამწვავება
კანის ბარიერის აღსადგენად გამოიყენეთ სქელი, უსუნო კრემი ან მალამო.
მოერიდეთ უხეში საპნების და სარეცხი საშუალებების გამოყენებას. გამოიყენეთ რბილი, უსუნო გამწმენდები, რომლებიც არ აშორებენ თქვენი კანის ბუნებრივ ცხიმებს.
გამოიყენეთ თბილი აბაზანები, კოლოიდური შვრიის ფაფით ან ბლიჩით (სპეციალური მათეთრებლით), რომელიც ამშვიდებს ეგზემისადმი მიდრეკილ კანს. - ნახეთქები
გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი. აირჩიეთ ტუჩსაცხი მკვებავი ინგრედიენტებით, როგორიცაა ფუტკრის ცვილი (მათვის ვისაც არ აქვთ ალერგია თაფლზე ან ფუტკრის შხამზე), შიის კარაქი. წაისვით ხშირად, განსაკუთრებით გარეთ გასვლისას.
ქუსლებისთვის გამოიყენეთ მსუყე დამატენინებელი საშულებები რეგულარულად, უმჯობესია შარდოვანას შემცველობით.
სადაც კანი გასქელებული და გაუხეშებულია – გაიწმინდეთ სკრაბით, კანიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად.
დალიეთ ბევრი წყალი ორგანიზმში სითხის შესანარჩუნებლად და სიმშრალის თავიდან ასაცილებლად.
წყარო: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი