ერთი მდიდარი კაცი თავის მხლებლებთან ერთად წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მივიდა შესაწირის გასაცემად. ეკლესიის მახლობლად გზაზე დაგდებული მიცვალებული დაინახა და იგი მონასტერში ქრისტიანულად დაკრძალა და ბერებს მისი სულის მოსახსენიებლად გარკვეული თანხაც დაუტოვა. მერე კი გზა განაგრძო.
იმ ადგილს რომ მიუახლოვდა, სადაც გვამი იპოვა, მტირალი ბიჭი შეამჩნია.
-რა გატირებს? – ჰკითხა მან.
-მამაჩემი ყაჩაღებმა მოკლეს და გაძარცვეს. მის გვამს ვეძებ და ვერ მიპოვნიაო. – უპასუხა ბიჭმა.
მაშინ უთხრა ყმაწვილს, როგორ და სად დაკრძალა მამამისი და მონასტრამდეც გააცილა. სთხოვა ბიჭმა ბერებს, გაეთხარათ საფლავი, რათა წაეღო მიცვალებული მგლოვიარე დედასთან. ბერებმაც გათხარეს და მასში მიცვალებულის ნაცვლად უამრავი ოქრო-ვერცხლი აღმოაჩინეს. გაოცებულებმა ბიჭისკენ გაიხედეს, მაგრამ იგი გამქრალიყო. მაშინ ადიდეს უფალი, თუმცა ვერ აეხნათ რა მოხდა. იმავე ღამით სავანის იღუმენმა წმინდა ნიკოლოზი იხილა, რომელმაც უთხრა:
-უფალმა ინება, რომ ამიერიდან არ გეცხოვრათ სიღატაკეში და ამისთვის გამოიგიგზავნათ ის კეთილმოსავი ადამიანი.