მღვდელი გიორგი ხანთაძე: ,,მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს“, – წინასწარმეტყველ დავითის ეს სიტყვები ახალაღთქმისეული სულითაა წარმოთქმული…

ღვთისადმი მსხვერპლშეწირვა ძველი აღთქმისა და წარმართული საზოგადოებისათვისაც ჩვეული რამ იყო. ქრისტიანობაში, რა თქმა უნდა, სისხლიან ძღვენს უფალს აღარ სწირავენ, მაგრამ ხშირად შინაარსობრივად ჩვენი, ქრისტიანების, მოქმედება კერპთაყვანისცემას ემსგავსება ხოლმე.
რას წარმოადგენდა კერპი?
ხშირად ის იყო ძლიერ არსება, რომელიც არ უნდა განერისხებინათ, მსხვერპლს სწირავდნენ, რომ დაეკმაყოფილებინათ იგი, მისი რისხვა აღარ დასტყდომოდათ თავს და მფარველობა მოეპოვებინათ. ზოგჯერ ადამიანი არასწორი ცოდვისმიერი გზით ნაშოვნ ქონებას, ფულს ან სხვა ნებისმიერი მატერიალური სიმდიდრის ნაწილს სწირავს ღმერთს და მოტივაცია იგივე აქვს, რაც, მაგალითად, პოსეიდონისადმი ხორცისა და ღვინის შემწირველებს ჰქონდათ. ,,რომ არ გამიბრაზდეს ღმერთი ჩემი ცოდვების გამო, უნდა დავაკმაყოფილო იგი”, – ფიქრობდნენ ისინი.
ამას ლათინურად ეწოდება ,,სატისფაქცია’’ – ღვთის დაკმაყოფილება (ზიანის ანაზღაურება, ბოდიშის მოხდა). ასეთ დროს ადამიანს ჭეშმარიტი ღმერთისადმი იგივე დამოკიდებულება აქვს ხოლმე, რაც წარმართებს ჰქონდათ მათი ,,ღმერთების“ მიმართ. არადა ქრისტემ განკაცებისა და ჯვარცმისას გვაჩვენა, თუ როგორ ვუყვარვართ; იგი ჩვენთვის მრისხანე კერპი კი არა, მოსიყვარულე მამაა…
მართალია, ადამიანი სხეულითაც ადიდებს ღმერთს, რადგან სულისა და ხორცის ერთობლიობაა იგი, მაგრამ ღმერთის დიდება ან თაყვანისცემა უნდა გამომდინარეობდეს მართებული, გაცნობიერებული და სულიერი დიდებიდან. როცა გიყვარს და მადლიერი ხარ, სხეულიც ერთგვარად გამოხატავს ამას… სულს სურს, მადლიერება გამოხატოს მოსიყვარულე მამის – ღმერთის მიმართ და ამ დროს შესაწირსაც გაიღებს, მაგრამ ეს უნდა იყოს დატვირთული მოტივაციით: მივემსგავსო მას, მადლიერების ნიშნად სიხარული და სიყვარული გამოვხატო მის მიმართ… და არა ისეთი კერპთაყვანისმცემლური შინაარსით ვიმოქმედო, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე…
ამიტომ დავფიქრდეთ, ხომ არ ჰგავს ჩვენი გაღებული ,,მსხვერპლი“ – შესაწირი, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, ღმერთის დაკმაყოფილებას: ,,აჰა, ღერთო, შენ ეს შესაწირი და მე ისევ ისე ვიცხოვრებ, როგორც აქამდე ვცხოვრობდი. რაც შემოგწირე, იმის სანაცვლოდ კი აღარ განმირისხდები, ხომ გეცი თაყვანი?!”
თითქოს ცოდვებს გამოვისყიდით ხოლმე ჩვენი ქმედებებით: ტაძრის მშენებლობით, თანხის გაღებით, სანთლის დანთებით თუ წარმართული სისხლიანი მსხვერპლის შეწირვით (რომელიც ჩვენთან ჯერ კიდევ ერეკლე მეორის დროს აიკრძალა, მაგრამ დღესაც სრულდება ხოლმე)…
შევეცადოთ, ჩვენ მიერ გაღებული მადლიერება ქრისტიანული შინაარსით იყოს აღსავსე; გავიხსენოთ, დავფიქრდეთ, ვინ არის ჩვენთვის ღმერთი, ის ხომ ჩვენთვის შეიწირა მსხვერპლად?!
როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, სწორედ ამგვარი სასყიდლით ვართ გამოსყიდულნი და ვერასდროს გადავიხდით მას… ამიტომ სიხარულით გავიღოთ და გამოვხატოთ დიდება, მადლობა და თაყვანისცემა ღვთის წინაშე, ამინ!”
წყარო: საპატრიარქოს უწყებანი